Facebook Twitter

ას-296-624-07 25 სექტემბერი, 2007 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), მ. ცისკაძე

სხდომის მიდვიანი _ ე.ხაჩიძე

კასატორი _ შპს “ .. ..” (მოპასუხე)

წარმომადგენელი _ ნ. ა-ე

მოწინააღმდეგე მხარე _ ლ. ჩ-ე (მოსარჩელე)

წარმომადგენელი _ ლ. დ-ი

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 28 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. ჩ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს “ .. ..” მიმართ მორალური და მატერიალური ზიანის _ 200 000 ლარის ოდენობით ანაზღაურების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 2001 წლის მარტში მოსარჩელეს საკეისრო კვეთის შედეგად ქუთაისის ¹... სამშობიარო სახლში შეეძინა ვაჟი. ოპერაციისას დიდი რაოდენობით სისხლის დაკარგვის გამო ლ. ჩ-ს დასჭირდა სისხლის გადასხმა. მისმა ნათესავებმა 600 გრამი ერითროციტული მასა და კრიოპლაზმა შეიძინეს ქუთაისის ..., რაც გადაესხა მოსარჩელეს. ბავშვის დაბადებიდან 2-3 თვის შემდეგ ლ.ჩ-ის შვილი, ხოლო ორი წლის შემდეგ თავად მოსარჩელე დაავადდა. მთელი რიგი ავადმყოფობები დროის მცირე მონაკვეთში უმეორდებათ და სრულ განკურნებას არ ემორჩილება. 2005 წლის სექტემბერში მოსარჩელეს მიმართეს ექიმებმა, აუღეს სისხლის ანალიზი და განუმარტეს, რომ ქუთაისის ... აღებული სისხლის გადასხმისას “აივ”, ე.წ. შიდსის ვირუსით დაავადდა რამოდენიმე პირი. ... ცენტრის გამოკვლევით დადგინდა, რომ ლ. ჩ-ე და მისი უმცროსი შვილი დაავადებული არიან “აივ” ვირუსით. მოსარჩელის ვაჟს ვირუსი დედის რძესთან ერთად გადაეცა. აღნიშნულმა გარემოებამ მოსარჩელის ოჯახს მიაყენა უდიდესი მორალური და მატერიალური ზიანი, რის გამოც სამოქალაქო კოდექსის 408-ე, 412-413-ე, 992-ე, 1009-ე და 1014-ე მუხლების საფუძველზე მოპასუხეს უნდა დაეკისროს აღნიშნული ზიანის ანაზღაურება, რადგან მოსარჩელე და მისი შვილი სწორედ სისხლის ბანკის ხელმძღვანელობის ბრალეული ქმედების შედეგად დაავადდნენ.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: ლ.ჩ-ისა და მისი შვილის ავადმყოფობაში საზოგადოების ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს. სასარჩელო მოთხოვნა ეყრდნობა ... ცენტრის 2006 წლის 20 მარტის ¹01/09/45 წერილს, რომელსაც მტკიცებულების ძალა არ გააჩნია. აღნიშნული დოკუმენტი ... მეშვეობით მოსარჩელის დაინფიცირების ფაქტზე არ მიუთითებს, არამედ ინფიცირების წყაროდ სავარაუდოდ მიიჩნევს რუსეთში მყოფ დონორს, რომლის ინფიცირების შემოწმება ვერ მოხერხდა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით ლ. ჩ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 20 000 ლარის გადახდა, რაც ლ.ჩ-მ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ხოლო მოპასუხემ სრულად გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 28 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლომ დაადგინა, რომ ლ.ჩ-ისათვის საჭირო 600 გრ სისხლი მოსარჩელის ნათესავებმა შეიძინეს შპს “.. ..”. აღნიშნული სისხლი ეკუთვნოდა დონორ მ. ს-ს, რაც დასტურდება ე.წ. “ეპიდომიოლოგიური კვლევის აქტით”. მითითებული დოკუმენტის მიხედვით, მ. ს-მ სისხლი მეორეჯერ ქუთაისის ... 2001 წლის 5 მარტს ჩააბარა, რის შემდეგ მისი სისხლი შემოწმდა უსაფრთხო სისხლის პროგრამით “აივ” ინფექციაზე ტესტური სისტემით _ “Hუმანა Hჭ+2”, კრიოპლაზმა რეალიზდა ქ.ქუთაისის მეორე სამშობიარო სახლში და გადაესხა მოსარჩელეს. მიუხედავად იმისა, რომ დონორი მ.ს-ის სისხლის ნიმუშის აღება და გამოკვლევა ვერ მოხერხდა, სასამართლომ საქმეში არსებულ მტკიცებულებებათა შეფასების შედეგად დაასკვნა, რომ დონორი ინფიცირებული იყო “აივ” ვირუსით. სასამართლოს ეს დასკვნა ეყრდნობა სპეციალისტ ნ. ბ-ძისა და მ. ღ-ის ჩვენებებს, რომელთა მიხედვით “აივ” ვირუსით დაინფიცირდნენ ის რეციპიენტები, რომლებსაც დონორ მ.ს-ის სისხლი გადაესხათ და მითითებული დონორის სისხლის შემოწმება მხოლოდ დაადასტურებს აღნიშნულ გარემოებას. დოკუმენტებში არსებული მითითება მ.ს-ის სავარაუდო ინფიცირების შესახებ გამოწვეულია იმით, რომ მითითებული დონორი ცენტრში არ გამოკვლეულა. სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა ... ცენტრის ხელმძღვანელის მიწერილობაზე ქუთაისის შინაგან საქმეთა სამმართველოს გამომძიებლისადმი, საიდანაც ასევე დასტურდება, რომ 1998 წლიდან 2001 წლის ჩათვლით მ.ს-ის სისხლი გადაესხა 19 პირს, 10 მათგანის ვინაობა დადგინდა, აქედან 4 გარდაცვლილია, 5-ს სისხლი გადაესხა 2000 წლის 29 დეკემბრიდან 2001 წლის 20 მარტამდე, იმავე დროს, როდესაც ლ. ჩ-ს. აღნიშნული 5 რეციპიენტი ინფიცირებულია შიდსის ვირუსით, ხოლო პირს, რომელსაც სისხლი გადაესხა 1998 წელს, ვირუსი არ აღმოაჩნდა. ამდენად, სასამართლომ დაადგინა, რომ დონორი მ. ს-ე დაინფიცირდა 1999 წლის შემდგომ. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ლ. ჩ-ის მეუღლე და უფროსი ვაჟი “აივ” ვირუსით ინფიცირებული არ არის, მეორე ბავშვზე ორსულობის პერიოდში მოსარჩელე სტაბილურად იღებდა ანალიზებს და იმ პერიოდში სადავო ვირუსი არ აღმოჩენია. სასამართლომ მიუთითა სპეციალისტთა განმარტებებზე, რომელთა თანახმად შიდსის ვირუსით დაინფიცირების დადგენის უზუსტესი მეთოდი ცენტრში ხდება, თუმცა ამ მეთოდის სიძვირის გამო იგი დონორთა სისხლის შემოწმებისას არ გამოიყენება. პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე საქმის მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების სრული და ობიექტური შესწავლის შედეგად მიიჩნია, რომ ლ. ჩ-ე დაინფიცირდა სწორედ იმ პროდუქტის _ კრიოპლაზმის მოხმარების შემდეგ, რომელიც მან მოპასუხისაგან, ამ პროდუქტის მწარმოებელი და რეალიზატორი ორგანიზაციისაგან, შეიძინა. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება, რომ შესაძლოა მოსარჩელის დაინფიცირება გამოწვეულ იქნა სხვა გარემოებით, ვინაიდან აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება მხარეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის დაცვით არ წარმოუდგენია. პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1011-ე, 1010-ე, 487-ე, 494-ე, 1009-ე მუხლებით, ასევე მოპასუხე საზოგადოების წესდების მე-3 მუხლით და ჩათვალა, რომ ლ. ჩ-ის ახლო ნათესავები მოსარჩელისათვის საჭირო სისხლის შეძენისას ვარაუდობდნენ, რომ იძენდნენ უეჭველად საიმედო, ხარისხიან პროდუქტს და ისინი ნივთის ვარგისიანობის შესაძლო ნაკლზე არავის გაუფრთხილებია. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე ორგანიზაციის მოსაზრება, რომ მოცემულ შემთხვევაში სარეალიზაციო პროდუქტის გატანის დროს არსებული მეცნიერულ-ტექნოლოგიური დონის გათვალისწინებით შეუძლებელი იყო პროდუქტის ნაკლის აღმოჩენა, ამდენად, საზოგადოების ბრალი არ არსებობს, რაც მის პასუხისმგებლობას გამორიცხავს. სასამართლომ განმარტა, რომ კანონის ზემოხსენებული დანაწესები სავალდებულოა მხარეთათვის ნებისმიერი მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების დონის მიუხედავად, რის გამოც მოპასუხე ვალდებული იყო, ეწარმოებინა და გაესხვისებინა მხოლოდ უსაფრთხო სისხლი იმ გარემოებათა გაუთვალისწინებლად, თუ რა ღირებულების გამოკვლევები ესაჭიროებოდა აღნიშნულს. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლით და ლ.ჩ-ის მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ საფუძვლიანად მიიჩნია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლზე დაყრდნობით სასამართლომ ჩათვალა, რომ მოსარჩელისათვის მიყენებული მორალური ზიანის არსებობა მტკიცებას არ საჭიროებს და რაიონული სასამართლოს მიერ განსაზღვრული არაქონებრივი ზიანის ოდენობა მართლზომიერია. პალატამ მიუთითა, რომ ლ.ჩ-მ მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნა მოხსნა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “.. ..”, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი დასაბუთებით: სპეციალისტთა განმარტებებსა და ქუთაისის შს სამმართველოს გამომძიებლისადმი ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამედიცინო პრაქტიკული ცენტრის ხელმძღვანელის წერილზე დაყრდნობით, სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია, რომ ლ.ჩ-ე დაინფიცირდა დონორ მ. ს-ის სისხლის გადასხმის შედეგად, ვინაიდან დონორის სისხლი “აივ” ინფექციაზე გამოკვლეული არ ყოფილა. სწორედ ამიტომ, 2005 წლის 29-30 სექტემბრის ... ცენტრის დირექტორის წერილში გამოთქმულია მხოლოდ ვარაუდი მ.ს-ის დაინფიცირებასთან დაკავშირებით. დაუსაბუთებელია და მხოლოდ ვარაუდს ემყარება სასამართლოს მსჯელობა, რომ 6 რეციპიენტისათვის მ. ს-ის სისხლის გადასხმის შედეგად 5 მათგანს გამოუვლინდა რა “აივ” ვირუსი, დაინფიცირების წყაროს წარმოადგენს დონორი მ.ს-ე. სააპელაციო პალატამ არაობიექტურად შეაფასა მტკიცებულებები კასატორის ბრალეულობის საკითხის გარკვევისას, ვინაიდან საქმის მასალებით არ დასტურდება ... მიერ სისხლის გამოკვლევისა და რეალიზაციისას კანონმდებლობისა და შესაბამისი სპეციალური ინსტრუქციების დარღვევის ფაქტი. გასაჩივრებული განჩინების მსჯელობა ეყრდნობა ზოგად პრინციპებს და არ ითვალისწინებს სპეციალისტთა განმარტებას, რომ სადავო პროდუქტის გამოკვლევა-რეალიზაციისას ... “უსაფრთხო სისხლის პროგრამით” დადგენილი ნორმები არ დაურღვევია, რაც დასტურდება 2005 წლის 6-7 ოქტომბრისა და 29-30 სექტემბრის აქტებით. სააპელაციო სასამართლომ ყოველგვარი მტკიცებულებების არსებობის გარეშე დაადგინა, რომ მ.ს-ე დაავადდა 1999 წლიდან. 2005 წლის 29-30 სექტემბრის ეპიდემიოლოგიური კვლევის აქტით დასტურდება, რომ გამოკვლეულ 6 რეციპიენტს დონორ მ.ს-ის სისხლი გადაესხა 2000 წლის 29 დეკემბერსა და შემდგომ პერიოდში. მ.ს-ის სისხლი “ც” ჰეპატიტის აღმოჩენის გამო დაწუნებულ იქნა 2001 წლის 27 აპრილიდან. არსებობს კასატორის ბრალის გამომრიცხავი გარემოება, კერძოდ, სპეციალისტებმა მიუთითეს შიდსით დაავადების 6-თვიან ე.წ. “ფანჯრის პერიოდზე”. სასამართლომ აღნიშნულ საკითხზე სპეციალისტთა განმარტებები არასრულად შეაფასა. პალატამ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 1009-ე მუხლი და მხოლოდ ზოგად მსჯელობაზე დაყრდნობით უარყო ... არგუმენტები, რომ წარმოდგენილი სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, ვინაიდან იმუნოლოგიის ცენტრის ¹01-19/145 წერილის მიხედვით სისხლში “აივ” ინფექციის აღმოჩენის 100%-იანი მეთოდი მსოფლიოში მეცნიერულ-ტექნოლოგიური განვითარების მოცემულ დონეზე არ არსებობს. აღნიშნული მოსაზრება აისახა შემოწმების აქტებსა და სპეციალისტთა განმარტებებშიც. სასამართლოს 1007-ე მუხლის პირველი ნაწილით კასატორი პასუხისმგებლობისაგან უნდა გაეთავისუფლებინა, ვინაიდან მისი ბრალი კანონით დადგენილი წესით არ დადასტურებულა. სააპელაციო საჩივრის აღნიშნული არგუმენტზე სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლი და 393-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “ .. ..” საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ შპს “ .. ..” დონორ მ. ს-ის მიერ 2001 წლის 5 მარტს ჩაბარებული სისხლი შემოწმდა უსაფრთხო სისხლის პროგრამით “აივ” ინფექციაზე ტესტური სისტემით _ “Hუმანა Hჭ+2”, კრიოპლაზმა რეალიზდა ქ.ქუთაისის .... სამშობიარო სახლში და გადაესხა ლ.ჩ-ს. 1998 წლიდან 2001 წლის ჩათვლით მ. ს-ის სისხლი გადაესხა 19 პირს, 10 მათგანის ვინაობა დადგინდა, აქედან 4 გარდაცვლილია, ხუთ პირს სისხლი გადაესხა 2000 წლის 29 დეკემბრიდან 2001 წლის 20 მარტამდე, იმავე დროს, როდესაც ლ.ჩ-ს. აღნიშნული 5 რეციპიენტი ინფიცირებულია შიდსის ვირუსით, ხოლო პირს, რომელსაც სისხლი გადაესხა 1998 წელს, ვირუსი არ აღმოაჩნდა. სასამართლომ დაადგინა, რომ ლ.ჩ-ის მეუღლე და უფროსი ვაჟი “აივ” ვირუსით ინფიცირებული არ არის, მეორე ბავშვზე ორსულობის პერიოდში კი მოსარჩელე სტაბილურად იღებდა ანალიზებს და იმ პერიოდში (მშობიარობამდე) შიდსის ვირუსი არ აღმოჩენია. ლ.ჩ-ის ინფიცირება “აივ” ვირუსით ... ნაყიდი კრიოპლაზმის გადასხმამდე, ასევე მისი დაავადების სხვა რაიმე გარემოებით გამოწვევა არ დასტურდება.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა, კერძოდ, სასამართლომ მართებულად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 1010-ე და 1011-ე მუხლები, რომელთა შესაბამისად:

პროდუქტი ითვლება უხარისხოდ, თუ იგი არ უზრუნველყოფს იმ საიმედოობას, რომელიც ყველა გარემოების გათვალისწინებით მოსალოდნელი იყო ამ პროდუქტისაგან.

ამ კოდექსის მიხედვით პროდუქტად მიიჩნევა ყველა მოძრავი ნივთი.

მწარმოებლად ამ კოდექსის მიხედვით მიიჩნევა პირი, ვინც აწარმოვა საბოლოო პროდუქტი, ძირითადი ელემენტი ან პროდუქტის ნაწილი. მწარმოებლად ითვლება ასევე ყველა, ვინც საკუთარი სახელით, სასაქონლო ან სხვაგვარი განმასხვავებელი ნიშნით გამოდის, როგორც მწარმოებელი. მწარმოებლად ითვლება აგრეთვე პირი, რომელსაც პროდუქტი გამოაქვს გაყიდვის, გაქირავების, ლიზინგის ან სხვა ფორმით სამეურნეო მიზნებით თავისი საქმიანი მოღვაწეობის სფეროში ამ კოდექსით გათვალისწინებული პირობების დაცვით.

მითითებული ნორმებით გათვალისწინებული იურიდიული ფაქტების არსებობა დასტურდება მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, მომხმარებელმა ლ. ჩ-მ მწარმოებელ შპს “ .. ..” შეიძინა პროდუქტი _ სისხლის კრიოპლაზმა, რომელიც უხარისხო _ “აივ” ვირუსით ინფიცირებული აღმოჩნდა და შედეგად მომხმარებლის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია. აღნიშნულ ფაქტებს სამოქალაქო კოდექსის 1009-ე და 413-ე მუხლები უკავშირებს სამოქალაქო სამართლებრივ პასუხისმგებლობას: უხარისხო პროდუქტის მწარმოებელი პასუხს აგებს ამ პროდუქტით გამოწვეული ზიანისათვის. სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევაში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტს, რომ გასაჩივრებული განჩინება ეფუძნება საქმის მასალებს, რომლებიც მხოლოდ სავარაუდოდ ადგენენ დონორის დაინფიცირებას შიდსის ვირუსით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ გააანალიზა რა კვლევის აქტში, შიდსის ცენტრის უფროსის მიერ გაცემული წერილსა და სხვა წერილობითი მტკიცებულებებში მითითებული მოსაზრება ლ.ჩ-ის ავადმყოფობის სავარაუდო მიზეზებზე, სააპელაციო სასამართლომ, სხდომაზე დაკითხულ სპეციალისტთა განმარტებებით, დააზუსტა, რომ ზემოხსენებულ დოკუმენტებში სიტყვა “სავარაუდოს” გამოყენება განაპირობა დაავადებული დონორის მიმდინარე ეტაპზე ობიექტური გარემოებების გამო გამოკვლევის შეუძლებლობამ, თუმცა სასამართლომ ასევე გამოარკვია, რომ დონორის ხელახალი გამოკვლევა მის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, არ შეცვლიდა. სასამართლომ თავისი დასკვნა დააფუძნა საქმეში წარმოდგენილი სპეციალისტთა განმარტებებს, ლ.ჩ-ის დაინფიცირების ფაქტთან წარმოებული კვლევის აქტებს და სხვა მტკიცებულებებს, რომელთა ურთიერთშეჯერებით სასამართლომ დონორის შიდსის ვირუსით დაინფიცირების ფაქტი დადგენილად მიიჩნია. ამ გარემოებასთან დაკავშირებით კასატორს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

ასევე უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება, რომ მას არ უნდა დაეკისროს ზიანის ანაზღაურება, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ დონორისაგან სისხლის აღების შემდეგ მისი გადამუშავებისა და რეალიზაციის დროს ზედმიწევნით არის დაცული “უსაფრთხო სისხლის პროგრამით” გათვალისწინებული ნორმები და მსოფლიოში არსებული კვლევის მეთოდები ვერ უზრუნველყოფენ “აივ” ინფექციის 100%-იან გამოკვლევას და დონორის საიმედოობას. კასატორმა ამ მოსაზრებასთან დაკავშირებით ასევე მიუთითა ... ბრალეულობის გამომრიცხავ ერთ-ერთ გარემოებაზე, ე.წ. “ფანჯრის პერიოდზე”, რომელიც, სპეციალისტთა განმარტებით, 6 თვემდე გრძელდება და რა დროსაც დაავადებული სისხლის გამოვლენა ვერ ხერხდება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნულ არგუმენტთან დაკავშირებით მხარეთა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ... ცენტრის ხელმძღვანელის წერილში მითითებული მოსაზრება ე.წ. “ფანჯრის პერიოდში” რეციპიენტის დაინფიცირებაზე წარმოადგენს ავადმყოფის დაინფიცირების მიზეზზე წერილის ავტორის მიერ განხილული რამდენიმე ვერსიიდან ერთ-ერთს (საგულისხმოა, ამ ვერსიებში გამოთქმული ვარაუდი, რომ შესაძლებელია აივ ანტისხეულების გამოვლენა დონორის სისხლში ვერ მოხდა გამოყენებული ტესტ-სისტემების გამო). ამდენად, რეციპიენტის ე.წ. “ფანჯრის პერიოდში” დაავადება მხოლოდ ერთ-ერთი სავარაუდო ვერსიაა და მას საქმეში არსებული რომელიმე მტკიცებულება არ ადასტურებს.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 1010-ე მუხლი პროდუქტის უხარისხობის კრიტერიუმად მიიჩნევს რა მის საიმედოობას, სამოქალაქო ბრუნვის მონაწილისათვის და განსაკუთრებით არამეწარმე მომხმარებლისათვის რთულია და ზოგ შემთხვევაში შეუძლებელიცაა, განსაზღვროს თუ რამდენად საიმედოა ესა თუ ის პროდუქტი. ბუნებრივია, ხელშეკრულების მხარეს, რომელიც სთავაზობს მომხმარებელს ამა თუ იმ პროდუქციას, გულისხმიერი დამოკიდებულება მართებს ნივთის საიმედოობასთან მიმართებაში. ამგვარი გულისხმიერი დამოკიდებულების მოთხოვნა მომეტებულია იმ შემთხვევაში, როდესაც პირი ახდენს ისეთი პროდუქციის რეალიზაციას, რომელიც გარკვეულწილად რისკთანაა დაკავშირებული. ამასთან, ნივთის ხარისხი განსაზღვრავს მის ფასს და კონტრაჰენტის ინტერესს მოცემული პროდუქტისადმი, შესაბამისად, სახელშეკრულებო ურთიერთობის მონაწილეებს შორის ნივთის ხარისხზე შეთანხმების არარსებობა არ გამორიცხავს უხარისხო პროდუქტის მწარმოებლის პასუხისმგებლობას. მოცემულ შემთხვევაში კასატორი, თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, სახელმწიფოს მიერ გაცემული სპეციალური ნებართვის საფუძველზე აწარმოებს რა სპეციფიკური პროდუქტის _ სისხლის პროდუქციასა და მის რეალიზაციას, მომხმარებელს მის მიმართ განსაკუთრებული ნდობა გააჩნია. ასეთი ნდობა განპირობებულია საქმიანობის ამ სფეროში კონტრაჰენტის მზადყოფნის პრეზუმფციით, როგორც პროფესიონალი კადრებით ისე სათანადო ტექნიკური აღჭურვილობით. გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია ფაქტობრივი გარემოება, რომ დონორის შიდსის ვირუსით დაინფიცირების უზუსტესი მეთოდით დადგენა შესაძლებელია სათანადო აპარატურითა და ტექნილოგიით, რომელიც ძვირადღირებულია და ასეთი შესაძლებლობა ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ ... ცენტრს გააჩნია. ეს გარემოება გამორიცხავს კასატორის არგუმენტს სამოქალაქო კოდექსის 1009-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე” ქვეპუნქტის გამოყენების თაობაზე. აღნიშნული ნორმით, უხარისხო პროდუქტის მწარმოებელი პასუხს არ აგებს იმ ნაკლისათვის, რომლის აღმოჩენა შეუძლებელი იყო მეცნიერებისა და ტექნიკის იმ დონის გათვალისწინებით, რომელიც არსებობდა სარეალიზაციოდ პროდუქტის გატანის დროს. მწარმოებელი, რომელიც პრეტენზიას აცხადებს ამა თუ იმ პროდუქციის წარმოება-რეალიზაციის კომპეტენციაზე, ვალდებულია საწარმოს სათანადო ტექნიკით აღჭურვაზე, ხოლო ტექნიკის სიძვირე და იშვიათობა მწარმოებლის პასუხისმგებლობის გამომრიცხავ გარემოებად ვერ იქნება მიჩნეული.

ამასთან, საკასაციო პალატა განმარტავს, ვინაიდან მწარმოებელი ახდენს ისეთი პროდუქციის რეალიზაციას, რომელიც პირდაპირ მოქმედებს ა-ს აბსოლუტურ უფლებაზე _ სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე და რომლის ხარისხის სრულყოფილი გამოკვლევა მეცნიერებისა და ტექნიკის არსებული დონის გათვალისწინებით გარკვეულ პრობლემებთანაა დაკავშირებული, ვალდებულია, მომხმარებელს მისცეს ინფორმაცია აღნიშნულის თაობაზე და გააფრთხილოს სავარაუდო თანამდევ შედეგებზე. სასამართლოს ეს დასკვნა ემყარება სამოქალაქო კოდექსის 318-ე მუხლს, რომელიც ადგენს კონტრაჰენტის ვალდებულებას ინფორმაციის გაცემის თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული ურთიერთობის დასარეგულირებლად გამოყენებულ უნდა იქნეს ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილის ნორმებიც, ვინაიდან, სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამართლებრივ საფუძვლებს ასევე არეგულირებს საქართველოს კანონი “მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ”, რომლის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს, რომ პროდუქცია მისი შენახვის, ტრანსპორტირებისა და გამოყენების ჩვეულებრივ პირობებში იყოს უსაფრთხო მისი სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და გარემოსათვის, აგრეთვე, არ აყენებდეს ზიანს ქონებას. ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დამამზადებელმა მომხმარებელს უნდა მიაწოდოს აუცილებელი, უტყუარი და სრული ინფორმაცია პროდუქციის შესახებ, რაც მას მისცემს სწორი არჩევნის შესაძლებლობას.

ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო ასკვნის, რომ მწარმოებელს უნდა მიეწოდებინა ინფორმაცია თუ რა ფარგლებში უზრუნველყოფდა მის მიერ წარმოებული პროდუქტი მომხმარებლის უსაფრთხოებას, შესაბამისად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ ლ. ჩ-ის ახლო ნათესავები მოსარჩელისათვის საჭირო სისხლის შეძენისას ვარაუდობდნენ, რომ იძენდნენ უეჭველად საიმედო, ხარისხიან პროდუქტს და ისინი ნივთის ვარგისიანობის შესაძლო ნაკლზე არავის გაუფრთხილებია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს “ .. ..” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 28 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.