საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
¹ას-297-554-08 4 ივნისი, 2008წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია
საკასაციო საჩივრის ავტორი – თ. ჩ-აძე
მოწინააღმდეგე მხარე – მ. გ.იძე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 9 იანვრის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
დავის საგანი _ დაუსწრებელი გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2002 წლის 6 თებერვალს თ. ჩ-აძემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე მ. გ.იძის მიმართ მისთვის 30000 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით თ. ჩ-აძეს უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ჩ-აძემ.
2003 წლის 21 აპრილს თ. ჩ-აძემ უარი თქვა თავის სააპელაციო საჩივრის განხილვაზე.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 22 აპრილის განჩინებით შეწყდა საქმის წარმოება თ. ჩ-აძის სააპელაციო საჩივართან დაკავშირებულ სამოქალაქო საქმეზე.
თ. ჩ-აძემ და მისმა მეუღლემ შოთა ქ.-ემ 2004 წლის 14 ივნისს განცხადებით მიმართეს სააპელაციო სასამართლოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ. მათ საქმის წარმოების განახლების საფუძვლად მიუთითეს ის გარემოება, რომ სააპელაციო საჩივრის განხილვაზე უარის თქმის განცხადება მათ არ დაუწერიათ, ეს განცხადება დაწერა მათმა ქალიშვილმა მ. ქ.-ემ, რადგან მოწინააღმდეგე მხარემ მუქარით აიძულა დაეწერა ეს განცხადება და დედის, თ. ჩ-აძის ნაცვლად მოეწერა ხელი.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 18 თებერვლის განჩინებით დაკმაყოფილდა თ. ჩ-აძის და შოთა ქ.-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ. თ. ჩ-აძის სააპელაციო საჩივარზე განახლდა საქმის წარმოება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ივლისის სხდომაზე არ გამოცხადდნენ აპელანტი თ. ჩ-აძე და მისი მეუღლე შოთა ქ.-ე; მ. გ.იძის წარმომადგენელ როლანდ ხალვაშის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე დაკმაყოფილდა, სასამართლომ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც თ. ჩ-აძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება.
თ. ჩ-აძემ 2006 წლის 12 სექტემბერს სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა, რომლითაც მოითხოვა 2006 წლის 13 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 5 დეკემბრის განჩინებით თ. ჩ-აძის საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ივლისის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე დაკმაყოფილდა, გაუქმდა მითითებული გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში 2008 წლის 9 იანვარს დანიშნულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე საქმის ზეპირი განხილვისას არ გამოცხადდა აპელანტი თ. ჩ-აძე, რომელსაც სასამართლოს უწყება ჩაჰბარდა კანონით დადგენილი წესით. სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა მ. გ.-იძის წარმომადგენლის შუამდგომლობა, აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც თ. ჩ-აძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება. თ. ჩ-აძეს დაეკისრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის 823 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.
აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა თ. ჩ-აძემ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის განახლება იმ საფუძვლით, რომ მისი სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული, ვინაიდან იყო ავად, გაიკეთა თვალების ოპერაცია, არ შეეძლო გადაადგილება(რის დასადასტურებლადაც წარმოადგინა სამედიცინო ცნობა). რაც შეეხება ბაჟის დაკისრების ნაწილში კასატორის მოთხოვნას, თ. ჩ-აძემ მიუთითა, რომ სასამართლოს, კანონის თანახმად, როგორც ინვალიდი, უნდა გაეთავისუფლებინა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ თ. ჩ-აძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. 233-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო ვერ გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, თუ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ ყოფილა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ან სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომლებსაც შეეძლოთ ხელი შეეშალათ სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის ან, თუ გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესახებ, რომლებიც მოწინააღმდეგე მხარემ მის წინააღმდეგ წამოაყენა.
საქმეში არსებული მასალების მიხედვით, სსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს, ვინაიდან დადგენილია, რომ თ. ჩ-აძეს კანონით დადგენილი წესით (სსკ-ის 216-ე მუხლის მე-3 ნაწილი) ეცნობა სასამართლო სხდომის დღისა და დროის შესახებ (ტ.IV, ს.ფ. 36). ასევე დადგენილია, რომ 233-ე მუხლში მითითებული სხვა გარემოებები, რომელიც კასატორის გამოუცხადებლობას გაამართლებდა, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, გარდა 233-ე მუხლის პირველ ნაწილში ჩამონათვალი გარემოებებისა, რომელიც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მიიჩნევა, შეიძლება მომჩივნის მიერ მითითებულ იქნეს სხვა გარემოებებიც, რომლებიც მისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად შეიძლება იქნეს მიჩნეული, თუმცა იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მხარე თავის საჩივარში აღნიშნავს, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორის განმარტებას იმის თაობაზე, რომ ავადმყოფობის გამო ვერ შეძლო სასამართლო სხდომაზე გამოცხადება ვერ გახდება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს. ავადმყოფობა უნდა იყოს დადასტურებული სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებდა სასამართლო პროცესზე მათი გამოცხადების შეუძლებლობაზე (სსსკ 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი), რაც კასატორს არ წარმოუდგენია. თ. ჩ-აძის მიერ წარმოდგენილი სამედიცინო ცნობით ირკვევა მხოლოდ ის გარემობა, რომ იგი ოპერაციის შემდგომ ამბულატორიული მეთავლყურეობის ქვეშ იმყოფებოდა, შესაბამისად, აღნიშნული ცნობა ვერ გახდება განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველი.
რაც შეეხება თ. ჩ-აძის საკასაციო საჩივარს მისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ბაჟის _ 823 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის Dდაკისრების თაობაზე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნულ ნაწილში საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
“სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის “მ” ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან ინვალიდები, ინვალიდთა საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მათი დაწესებულებები, სასწავლო-საწარმოო ორგანიზაციები და გაერთიანებები _ ყველა სარჩელზე.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თ. ჩ-აძე მეორე ჯგუფის ინვალიდია და, შესაბამისად, როგორც ინვალიდობის მქონე პირი, კანონის თანახმად უნდა გათავისუფლებულიყო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს თ. ჩ-აძისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის 823 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრების ნაწილში და აღნიშნულ ნაწილში მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, ხოლო დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება უცვლელად უნდა დარჩეს, ვინაიდან თ. ჩ-აძის სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი არ დასტურდება საქმის მასალებით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
თ. ჩ-აძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
გაუქმდეს ამ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 9 იანვრის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება;
თ. ჩ-აძე გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;
დანარჩენ ნაწილში განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.