Facebook Twitter

საქმე №272აგ-15 9 მარტი, 2016 წელი

გ-ა რ.- 272აგ-15 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),

მაია ოშხარელი, ზაზა მეიშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. გ-ასა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - შ. დ-ას საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 11 აგვისტოს განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 22 ივნისის განაჩენით რ. გ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 2 მაისიდან.

მასვე 5 წლით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განსაზღვრული უფლებები.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 7 აგვისტოს განჩინებით მსჯავრდებულ რ. გ-ას შუამდგომლობა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 22 ივნისის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

3. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, რ. გ-ას ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 8 წელი და განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2010 წლის 2 მაისიდან.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 25 მარტის განჩინებით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.

5. 2015 წლის 3 აგვისტოს მსჯავრდებულმა რ. გ-ამ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა შ. დ-ამ შუამდგომლობით მიმართეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლში „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2015 წლის 8 ივლისის კანონით განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე განაჩენის გადასინჯვა და მოქმედ სისხლის სამართლის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 11 აგვისტოს განაჩენით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 22 ივნისის განაჩენში (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 25 მარტის განჩინების გათვალისწინებით) შევიდა შემდეგი ცვლილება:

მსჯავრდებულ რ. გ-ას ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია).

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 22 ივნისის განაჩენი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 25 მარტის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

7. მსჯავრდებული რ. გ-ა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი - შ. დ-ა საკასაციო საჩივრით ითხოვენ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლში შესული ცვლილებების საფუძველზე სასჯელის შემსუბუქებას.

8. საქართველოს პრეზიდენტის 2015 წლის 9 ოქტომბრის განკარგულებით რ. გ-ა გათავისუფლდა საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისგან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საქართველოს სსსკ-ის 314–ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ რ. გ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ შ. დ-ას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.

3. სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, მსჯავრდებულს უნდა შეუმცირდეს სასჯელი იმ შემთხვევაში, როდესაც მისთვის დანიშნული სასჯელის ზომა აღემატება ახალი კანონით დადგენილი სასჯელის ზომის მაქსიმუმს.

4. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს გადასასინჯი გადაწყვეტილების სამართლიანობაზე და თუკი დანიშნული სასჯელი ახალი კანონის სანქციის ფარგლებშია, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, შეამციროს მისი ზომა.

5. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორების მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლში შესული ცვლილების თანახმად, მსჯავრდებულს უნდა შეუმცირდეს სასჯელი.

6. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საჩივრის ავტორების მოთხოვნა არ ემყარება რაიმე სამართლებრივ საფუძველს და არც გასაჩივრებული განაჩენის მსჯავრდებულის სასიკეთოდ შეცვლის კანონით გათვალისწინებული რომელიმე პირობა არსებობს, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ რ. გ-ასა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ შ. დ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 11 აგვისტოს განაჩენი მსჯავრდებულ რ. გ-ას მიმართ დარჩეს უცვლელად.

3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

ზ. მეიშვილი