ას-300-626-07 29 ივნისი, 2007 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მარიამ ცისკაძე (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს „-- -- --“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. კ-ე (მოსარჩელე)
დავის საგანი – მიუღებელი სარჩოს დაკისრება
გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილბაზე უარის თქმა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. კ-მ 2005 წლის დეკემბერში სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს მოპასუხე შპს „-- -- --“ მიმართ და მოითხოვა მიუღებელი სარჩოს დაკისრება. მოსარჩელის მითითებით, იგი 1997 წლის 25 მარტს რკინიგზის სადგურ არგვეთში, თბილისი-ოზურგეთის სამგზავრო მატარებელში ასვლისას ჩავარდა მოძრავი შემადგენლობის ქვეშ. მიიღო სხეულის დაზიანება, რასაც მოჰყვა ქვედა ორივე კიდურის ამპუტაცია. სამტრედიის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 5 მაისის გადაწყვეტილებით მოსარჩელის დასახიჩრებაში დადგენილ იქნა მოპასუხის ბრალი, რის გამოც მ. კ-მ ჩათვალა, რომ მოპასუხემ უნდა აუნაზღაუროს მიუღებელი სარჩო, სულ 8424 ლარი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით მ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. კ-ის წარმომადგენელმა გ. ნ-მ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებით მ. კ-ის წარმომადგენლის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს „-- -- --“ მ. კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურების სახით მიუღებელი სარჩო 2376 (ორიათას სამას სამოცდათექვსმეტი) ლარის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა მოწინააღმდეგე მხარის ბრალეული ქმედების გამო მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის საფუძველზე. ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მ. კ-ის სარჩელი მოპასუხე ორგანიზაციის მიმართ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სამედიცინო დაწესებულებაში დახარჯული თანხის – 70 ლარისა და სარჩოს სახით ყოველთვიურად 108 ლარის გადახდა; ეს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და მასში აღნიშნულია, რომ მართალია მ. კ-ს სარჩოს დანიშვნაზე თავის დროზე არ დაუყენებია საკითხი, მაგრამ ეს მოთხოვნა მაინც არ არის ხანდაზმული, ვინაიდან ხანდაზმულობის ვადის დინება წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდის გარანტიის მიცემით, ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას; სააპელაციო პალატამ გამოიყენა საქალაქო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი და იმის გათვალისწინებით, ვინაიდან ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 29 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისა და განსახილველი სამოქალაქო საქმის მხარეები ერთი და იგივეა, დადასტურებულად მიიჩნია ის ფაქტი, რომ მ. კ-ის მოთხოვნა 2004 წლისათვის მიუღებელი სარჩოს მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ არ იყო ხანდაზმული სამოქალაქო კოდექსის 1008 –ე მუხლის მოთხოვნიდან გამომდინარე. სააპელაციო პალატის მითითებით სამოქალაქო კოდექსის 141-ე მუხლიდან გამომდინარე, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა შეწყდა მ. კ-ის სარჩელის შეტანით 2004 წლისათვის მიუღებელი სარჩოს მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში, რაც არ ვრცელდება მის მიერ დანარჩენი წლების მიუღებელი სარჩოს მოთხოვნის უფლებაზე. სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მ. კ-ის სარჩელი 1998 წლიდან 2004 წლამდე მიუღებელი სარჩოს მოპასუხე ორგანიზაციისათვის დაკისრების შესახებ სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად; სასამართლომ მ. კ-ის სასარგებლოდ მოპასუხეს დააკისრა სარჩოს აგდახდა 2003 წლის 18 იანვრიდან 2006 წლის 18 იანვრამდე, მის მიერ სასამართლოში სარჩელის აღძვრამდე. სასამართლომ ჩათვალა, რომ მ. კ-ის ხელფასის ოდენობა განსაზღვრულია 108 ლარის ოდენობით და ეს თანხა გაამრავლა 22 თვეზე, რამაც შეადგინა 2376 ლარი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა შპს „-- -- --“ წარმომადგენელმა ვ. გ-მა, რომლითაც გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული სამოქალაქო კოედქსის 1008-ე მუხლი ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან იგი ეხება დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას; კასატორის მითითებით, მოსარჩელეს საქმის განხილვისას არ მოუთხოვია 1998-2004 წლებში მიუღებელი სარჩოს ანაზღაურება, სასამართლომ კი გადაწყვეტილებით უკანონოდ მიაკუთვნა ის, რაც მას არ მოუთხოვია ან იმაზე მეტი რასაც იგი მოთიხოვდა; კასატორის მოსაზრებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 129-ე მუხლის მეორე ნაწილიდან გამომდინარე, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, არის სამი წელი, სარჩელი კი მიუღებელი სარჩოს დაკისრების შესახებ, აღძრულია 2006 წელს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 30 აპრილის განჩინებით შპს „-- -- --“ წარმომადგენლის ვ. გ-ს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოაქლაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად; მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 20 დღის ვადა სამოქალაქო საპროცესო კოექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.
კასატორის მოწინააღმდეგე მხარემ მ. კ-მ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხთან დაკავშირებთი წარმოდგენილ მოსაზრებაში მიუთითა, რომ შპს „-- -- --“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით დადგენილ დასაშვებობის მოთხოვნებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ შპს „-- -- --“ წარმომადგენლის ვ. გ-ს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50 000 ლარს. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, არაქონებრივ-სამართლებრივ დავებში საკასაციო საჩივარი დასაშვებია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ დავებზე. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დამკვიდრებული პრაქტიკა გაზიარებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლით დასაშვები არ არის.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტეილბის მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს -- -- -- წარმომადგენლის ვ. გ-ს საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ შპს „-- -- --“ უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 (სამასი) ლარის 70%, რაც 210 (ორას ათ) ლარს შეადგენს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე და 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დაუშვებლად იქნეს მიჩნეული შპს „-- -- --“ წარმომადგენლის ვ. გ-ს საკასაციო საჩივარი.
შპს „-- -- --“ დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 210 (ორას ათი) ლარი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.