Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

¹ას-301-558-08 22 ოქტომბერი, 2008 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ა. ა-ოვა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ მ. ყ-შვილი (მოსარჩელე)

დავის საგანი – თანხის გადახდის სანაცვლოდ ფართის საკუთრებაში გადაცემა

გასაჩივრებული სასამართლო განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 24 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 13 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მ. ყ-შვილის სარჩელი მოპასუხე ა. ა-ოვას მიმართ თანხის გადახდის სანაცვლოდ ფართის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე.

აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა ა. ა-ოვამ და მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 26 სექტემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ა. ა-ოვას საჩივარი, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 13 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

საქალაქო სასამართლოს აღნიშნული განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ა-ოვამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 24 იანვრის განჩინებით ა. ა-ოვას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 26 სექტემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ა. ა-ოვას მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ, ვინაიდან პროცესზე საპატიო მიზეზით-ვადმყოფობის გამო ვერ გამოცხადდა, სასამართლოს უნდა დაეკმაყოფილებინა მისი საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ა. ა-ოვამ ვერ შეძლო პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის, კერძოდ, ავადმყოფობის დამადასტურებელი საბუთის წარმოდგენა.

სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა ა. ა-ოვას მოსაზრება, სარჩელის აღძვრის წინაპირობის არარსებობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე, რადგან ჩათვალა, რომ მისი არგუმენტი არ წარმოადგენს სარჩელის მიღებაზე უარის თქმის კანონით გათვალისწინებულ საფუძველს.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის დავა გამომდინარეობს “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონიდან, რომლის მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, მოსარგებლესა და მესაკუთრეს შორის შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას წყვეტს სასამართლო.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ დასახელებული კანონის აღნიშნული მუხლი არ შეიძლება გახდეს სასამართლოს მიერ სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის საფუძველი, რადგან საქართველოს კონსტიტუციითა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით, ყველასათვის გარანტირებულია საკუთარი დარღვეული, სადავოდ ქცეული თუ წართმეული უფლების დაცვა სასამართლოსათვის მიმართვის გზით.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში, დამტკიცებულად ითვლება, რომ მოსარჩელე არის ზ. ყ-შვილის (ძმისშვლი) უფლებამონაცვლე, რომელსაც მოპასუხისაგან შინაურული ფორმის ხელშეკრულებით დათმობილი აქვს საცხოვრებელი სადგომი შეთანხმება ამჟამინდელ მოსარგებლესა და მესაკუთრეს შორის არ იქნა მიღწეული, ხოლო მოსარჩელის უფლება მატერიალური თვალსაზრისით, გამომდინარეობს დასახელებული კანონის 2.2-ე მუხლის დანაწესიდან.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ა. ა-ოვამ.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე და 92-ე მუხლის მოთხოვნები. კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო პალატამ უგულებელყო 2005 წლის 30 ივნისის საქართველოს კანონი “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ”.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მას და მ.ყ-შვილს შორის არანაირი ხელშეკრულება საცხოვრებელი სადგომის დათმობის თაობაზე არ არსებობს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების შეწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატის აზრით, სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი, კერძოდ, კასატორი ა. ა-ოვა საკასაციო საჩივარში ყურადღებას ამახვილებს მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ არ იყო გამოყენებული საქართველოს სამოქალაქო საქპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილი და მიიჩნევს, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებენ მოსარჩელის მოთხოვნას. ამასთან მიმართებაში საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლო მსჯელობს მოთხოვნის იურიდიულ მართებულებაზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად და მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა იურიდიულად გამართლებულია.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მ. ყ-შვილის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს, “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მოპასუხე არიანდა არუთუნოვას მიმართ თანხის გადახდის სანაცვლოდ ფართის საკუთრებაში გადაცემა.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოპასუხის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დროს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სასამართლო ამოწმებს არა მოთხოვნის დასაბუთებულებას, რაც შესაძლებელია საქმეში არსებული მტკიცებულებების შემოწმება-შეფასების გზით, არამედ იმას, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები ზოგადად რამდენად ამართლებს კონკრეტულ შემთხვევაში “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი მატერიალურ-სამათლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნას. კიდევ ერთხელ დავძენთ, რომ ამ შემთხვევაში (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად) სასამართლო არ ამოწმებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და არ ადგენს, თუ რამდენად დგინდება (დასტურდება) ის გარემოებები, რაც მითითებულია სარჩელში და გამომდინარეობს ზემოაღნიშნული მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობიდან. აღნიშნულზე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად “თუ სასამართლო მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორი ვერ უთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის დარღვევის საფუძვლებზე, რითაც დადასტურდებოდა კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი, რადგან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ მითითებული კანონი არ დარღვეულა. სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ა. ა-ოვას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 24 იანვრის განჩინება;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.