ას-301-627-07 1 ოქტომბერი, 2007 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მ. ცისკაძე, ნუნუ კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სს “ .. ..” (მოპასუხე)
კასატორის წარმომადგენელი – ვ. ც-ე
მოწინააღმდეგე მხარე – ლ. კ-ი, ე. მ-ი, ლ. ა-ა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელი – ლ. კ-ს წარმომადგენელი ლ. ბ-ი, ე. მ-სა და ლ. ა-ს წარმომადგენელი თ. ლ-ე
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 14 თებერვლის განჩინება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2004 წლის 14 აპრილს ე. მ-მა, ს. ა-მა და ლ. ა-მ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს სააქციო საზოგადოება “.. ..ს” მიმართ და მოითხოვეს ხანძრით მიყენებული ზიანის _ 82 650 აშშ დოლარის ანაზღაურება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებათა გამო:
2004 წლის 2 აპრილს ს. ა-ს სახლში გაჩნდა ხანძარი, რომელიც მეზობლების ე. მ-სა და ლ. ა-ს საცხოვრებელ სახლებზე გავრცელდა. მოსარჩელეთა მითითებით, ხანძარი გაჩნდა ელექტროქსელში მაღალი ძაბვის ხანგრძლივი დროის მანძილზე მიწოდებით, რაც საჰაერო სადენის დაზიანებამ გამოიწვია. აღნიშნული დაზიანების შედეგად ს. ა-ს სახცხოვრებელი ბინის ელექტროენერგიის მკვებავ სადენზე 378 ვოლტი შეადგინა, რამაც ელექტროენერგიის სადენებისა და ქსელში ჩართული საყოფაცხოვრებო ხელსაწყოების გადახურება გამოიწვია და აალების კერა წარმოშვა. ხანძრის გამომწვევი მიზეზების თაობაზე მოსარჩელეებმა შემთხვევის ადგილზე მისული სს “.. ..ს” მუშაკებისაგან შეიტყვეს, რომელთაც აქტი შეადგინეს. მოსარჩელეთა მითითებით, ხანძარი გაჩნდა მოპასუხის ბრალით, რაც ხანძარსაწინააღმდეგო კვლევითი ცენტრის სპეციალისტისა და ასევე ქ.თბილისის ისანი-სამგორის ხანძარსაწინააღმდეგო კვლევითი ცენტრის დასკვნით დასტურდება.
Dდიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის საოქმო განჩინებით მოსარჩელე ს. ა-ა სათანადო მოსარჩელით – ლ. კ-ით შეიცვალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით ე. მ-ს, ლ. ა-სა და ლ. კ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე სს “ .. ..” დაეკისრა ლ. კ-ს სასარგებლოდ 32 600 აშშ დოლარის, ე.მ-ს სასარგებლოდ 30 200 აშშ დოლარის, ხოლო ლ.ა-ს სასარგებლოდ 19 850 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. 2004 წლის 2 აპრილს ლ. კ-ს სახლში გაჩნდა ხანძარი;
2. 2004 წლის 19 აპრილს გამოტანილ იქნა დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ, რომლის თანახმადაც 2004 წლის 2 აპრილს ... ქ. ¹3-ში მდებარე ლ.კ-ს საცხოვრებელ სახლში ხანძრის გაჩენა სს “.. ..ს” მიერ ელექტროენერგიის მიწოდების დროს მაღალ დიაპაზონში ძაბვის ცვალებადობამ გამოიწვია, რის შედეგადაც სადენები გადახურდა, გადაიტვირთა, იზოლაცია დაიშალა, სადენები ერთმანეთს შეეხო, აალდა და ხის კონსტრუქციებს ხანძარი გაუჩნდა, რის შედეგადაც დაიწვა და დაზიანდა ლ. კ-ს, ე.მ-სა და ლ.ა-ს საცხოვრებელი სახლი და საოჯახო ქონება;
3. 2004 წლის 10 დეკემბრის სახანძრო ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ხანძრის წარმოქმნის ტექნიკური მიზეზია მაღალი ძაბვის მიწოდების შედეგად აბონენტის შიდა ქსელის ექსპლუატაციის ავარიული რეჟიმის წარმოქმნა და შიდა ქსელში მოკლე ჩართვა;
4. 2005 წლის 6 აპრილს დამატებითი ექსპერტიზის დასკვნით, ლ.კ-ს სახლიდან ამოღებულ ელექტრონულ სადენებზე აღინიშნება პირველადი მოკლე ჩართვის კვალი;
5. აუდიტის დასკვნით კი დადასტურდა, რომ საცხოვრებელი სახლებისა და განადგურებული ნივთების პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის ხარჯები დაზუსტებული შეფასებით შეადგენს ლ.კ-სათვის 32 600 აშშ დოლარს, ე. მ-სათვის 30 200 აშშ დოლარს, ხოლო ლ.ა-სათვის - 19 850 აშშ დოლარს;
6. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი აბონენტის ბრუნვის ისტორიიდან სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აბონენტ ლ.კ-ს ქსელიდან მიეწოდებოდა ელექტროენერგია.
თბილისის საქალაქო სასამართლომ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით და სარჩელი დააკმაყოფილა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს “.. ..ს” წარმომადგენელმა ვ. ც-მ.
აპელანტმა სააპელაციო პალატის 2006 წლის 10 მაისის სასამართლო სხდომაზე, ხანძრის შედეგად დაზიანებული მოძრავი ნივთების ღირებულების განსაზღვრის მიზნით, სასაქონლო ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 10 მაისის განჩინებით საქმეზე სასაქონლო ექსპერტიზა დაინიშნა, თუმცა, ხანძრის შედეგად დაზიანებული ნივთების ღირებულების დადგენის შეუძლებლობის გამო, აღნიშნული ექსპერტიზა ვერ ჩატარდა და საქმის წარმოება განახლდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას დაეთანხმა და განმარტა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და, შესაბამისად, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რის საფუძველზეც სააპელაციო პალატამ 2007 წლის 14 თებერვლის განჩინებით სს “.. ..ს” სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 14 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს “.. ..ს” წარმომადგენელმა ვ. ც-მ. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგ გარემოებათა გამო:
1. სს “.. ..ს” სადისპეჩერო სამსახურის უფროს მ. ბ-ის 2004 წლის 19 აპრილს შედგენილ სამსახურებრივი წერილიდან ირკვევა, რომ 2004 წლის 2 აპრილს ქ/ს ... 6 კვ ¹20 ფიდერს ძაბვა მიეწოდებოდა შეუზღუდავად, ამ ფიდერში დამონტაჟებული ძაბვის მარეგულირებელი მოწყობილობები მუშაობდა გამართულად და ძაბვის ნორმებიდან გადახრა არ დაფიქსირებულა. აქედან გამომდინარე, უდავოდ დასტურდება ის გარემოება, რომ სს “.. ..მა” სარეალიზაციოდ გაიტანა ხარისხიანი ელექტროენერგია ანუ სს “.. ..ს” ელექტროფიდერიდან მოსახლეობას ეწოდებოდა პარამეტრებით დადგენილი პროდუქცია. კასატორის მითითებით, სს “.. ..სათვის” საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1009-ე მუხლის შესაბამისად, სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაკისრებისას საქალაქო და სააპელაციო სასამართლოს არ მიუთითებია არც ერთ მტკიცებულებაზე, რომელიც დაადასტურებდა, რომ სს “.. ..ს” ელექტროფიდერიდან უხარისხო ელექტროპროდუქცია გავიდა. აღნიშნულით კი სასამართლომ უხეშად დაარღვია სსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და ამავე კოდექსის 249-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნები, რომლის თანახმად, სასამართლოს გადაწყვეტილებაში უნდა აღინიშნოს სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებსაც სასამართლოს დასკვნები ემყარება;
2. კასატორი არ ეთანხმება ასევე სააპელაციო პალატის დასკვნას სს “.. ..სათვის” საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით. კასატორის მითითებით, პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოები, სსსკ-ის 992-ე მუხლის შესაბამისად, სამოქალაქო პასუხისმგებლობის განსაზღვრისას ვერ მიუთითებს ვერც ერთ ნორმასა თუ მტკიცებულებაზე, რომლითაც დასტურდება სს “.. ..ს” ბრალეულობა და მისი ქმედების მართლწინააღმდეგობა;
3. კასატორი სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება ასევე ქონებრივი ზარალის ანაზღაურების ნაწილში. მისი მითითებით, აუდიტის დასკვნა წარმოადგენს დაინტერესებული მხარისათვის მიწოდებულ ინფორმაციას, რომლითაც, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, არ შეიძლება შეიცვალოს კანონით დადგენილი მტკიცებულების ისეთი სახე, როგორიცაა ექსპერტის დასკვნა. გარდა ამისა, სასამართლო პროცესზე გამოიკვეთა, რომ ნივთიერი მტკიცებულების დიდი ნაწილი ხანძრისაგან არ განადგურებულა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 154-ე-159-ე მუხლების თანახმად, მხარეები ვალდებულნი არიან, წარადგინონ ნივთიერი მტკიცებულება სასამართლოში ან მათი წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში სასამართლო ადგილზე დათვალიერებით ახდენს ამ ნივთიერი მტკიცებულებების აღწერას და იღებს შესაბამის ზომებს აღნიშნული მტკიცებულებების უცვლელ მდგომარეობაში დატოვებასთან დაკავშირებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორს მიაჩნია, რომ ნივთიერი მტკიცებულებების გამოკვლევა და სასამართლოსათვის მათი წარდგენა კანონით დადგენილი წესით არ განხორციელებულა, რაც უხეშ პროცესუალურ დარღვევას წარმოადგენს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ სს “.. ..ს” წარმომადგენლის - ვ. ც-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1009-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უხარისხო პროდუქტის მწარმოებელი პასუხს აგებს ამ პროდუქტით გამოწვეული ზიანისათვის, მიუხედავად იმისა, იმყოფებოდა თუ არა იგი სახელშეკრულებო ურთიერთობაში დაზარალებულთან. ამავე კოდექსის 1011-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მწარმოებლად ითვლება აგრეთვე პირი, რომელსაც პროდუქტი გამოაქვს გაყიდვის, გაქირავების, ლიზინგის ან სხვა ფორმით სამეურნეო მიზნებით თავისი საქმიანი მოღვაწეობის სფეროში ამ კოდექსით გათვალისწინებული პირობების დაცვით. ამდენად, უხარისხო პროდუქტის მწარმოებელზე პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის აუცილებელია სამი პირობის არსებობა: 1. უხარისხო პროდუქტის წარმოება; 2. ზიანის დადგომა და 3. მიზეზობრივი კავშირი უხარისხო პროდუქტის წარმოებასა და დამდგარ ზიანს შორის.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი და სააპელაციო პალატის მიერ გაზიარებული ფაქტობრივი გარემოებებიდან ირკვევა, რომ 2004 წლის 2 აპრილს ლიანა კ-ს სახლში ხანძრის გაჩენის მიზეზია მაღალი ძაბვის მიწოდების შედეგად აბონენტის შიდა ქსელის ექსპლუატაციის ავარიული რეჟიმის წარმოქმნა (“გადატვირთვა”) და მის შედეგად ქსელში მოკლე ჩართვა, ამოღებულ ელექტროსადენებზე აღინიშნა პირველადი მოკლე ჩართვის კვალი (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს სახანძრო ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა. ს.ფ. 64-70, ასევე ამავე სამმართველოს დამატებითი ექსპერტიზის დასკვნა ა.ფ 105-110). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). მოცემულ შემთხვევაში, კასატორი ვერ უთითებს ისეთ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც ეჭვქვეშ დააყენებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ და სააპელაციო პალატის მიერ დადასტურებულად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სს “.. ..მა” სარეალიზაციოდ ხარისხიანი პროდუქტი გაიტანა.
კასატორის მითითებით, უკანონო და დაუსაბუთებელია სს “.. ..სათვის” სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაკისრება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლზე დაყრდნობით, ვინაიდან აღნიშნული მუხლით პასუხისმგებლობის საფუძველია: ბრალი, მართლსაწინააღმდეგო ქმედება და მიზეზობრივი კავშირი. საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებებიდან კი ირკვევა, რომ რუისპირის ქ.¹3-ში ელექტრონული ქსელი იყო გაძარცვული, ხოლო მრიცხველები და დამცველები _ მოპარული.
საკასაციო პალატა ვერ გამოიყენებს აღნიშნულ მსჯელობას სს “.. ..ს” პასუხისმგებლობის გამორიცხვის საფუძვლად, ვინაიდან მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებიდან _ აბონენტის ბრუნვის ისტორიიდან დადგენილ იქნა, რომ მას ერიცხებოდა სააბონენტო გადასახადი ე.ი. ის არ იყო გათიშული ქსელიდან. მოპასუხემ ვერ წარმოადგინა იმის მტკიცებულება, რომ ლ.კ-მა თვითნებურად გადაჭიმა სადენები და ჩაერთო ქსელში. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად კი, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას ქონებრივი ზიანის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლომ ქონებრივი ზიანის განსაზღვრისას იხელმძღვანელა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობიდან გამომდინარე, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. სასამართლოს მიერ დანიშნული საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით განისაზღვრა უძრავი ქონების აღდგენითი სამუშაოების ღირებულება, ხოლო მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილი აუდიტის დასკვნით კი შეფასებულ იქნა როგორც უძრავი, ასევე მოძრავი ქონების პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის ხარჯები. აღნიშნულის საპირისპიროდ მოპასუხე მხარეს მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. წარმოდგენილი მტკიცებულებები კი სასამართლომ თავისი შინაგანი რწმენით შეაფასა. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემობაც, რომ საყოფაცხოვრებო ნივთების არსებობა ყველა ოჯახში ივარაუდება, შესაბამისად, მტკიცების ტვირთი იმ მხარეზე გადადის, რომელიც აღნიშნულ ნივთთა არსებობასა და მათ ღირებულებას ეჭვქვეშ აყენებს. მოცემულ შემთხვევაში, კასატორმა ვერ შეძლო ხანძრით დაზიანებულ საცხოვრებელ ბინებში საყოფაცხოვრებო ნივთების არსებობის პრეზუმფციის გაქარწყლება და, როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ვერც სათანადო მტკიცებულებები წარმოადგინა შეფასებული მოძრავი ქონების ღირებულების საწინააღმდეგოდ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მითითებული კანონი არ დარღვეულა, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერი და დასაბუთებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 410-ე, მუხლებითა და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სს “.. ..ს” წარმომადგენლის - ვ. ც-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 14 თებერვლის განჩინება;
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.