ას-302-628-07 21 მაისი, 2007 წ.
q. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე განიხილა მ. ქ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 20 ნოემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 17 აგვვიტოს გადაწყვეტილებით მ. ქ-ის სარჩელი მოპასუხეების ა. ს-ს, ნ. ქ-ის, ა. ლ-ს, ხელვაჩაურის ნოტარიუს თ. ჩ-ს, ბათუმის ნოტარიუს ხ. კ-ს, მესამე პირების: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის ტერიტორიული ... სამსახურის, სს “ბ...ს” მიმართ 2006 წლის 31 მარტს ა. ს-სა და ნ. ქ-ს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის, 2006 წლის 4 აპრილს ა. ს-ს, ა. ლ-სა და სს “ბ...ს” შორის დადებული ნასყიდობისა და იპოთეკის ხელშეკრულების, ..., ... ქ. ¹8-ში მდებარე სახლის ½ 1/2 წილის ნაწილში გაუქმებისა და ქონებიდან ½ წილის რეალურად გამოყოფის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ქ-მ და მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 20 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილება 2006 წლის 31 მარტის ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. მ.ქ-ის სარჩელი აღნიშნულ ნაწილში დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი, ხელვაჩაურის დაბა ... 250 კვ.მ მიწის ნაკვეთის ჩუქების ხელშეკრულება _ დამოწმებული ხელვაჩაურის რაიონის ნოტარიუსის თ. ჩ-ს მიერ, დადებული ა. ს-სა და ნ. ქ-ს შორის 2006 წლის 31 მარტს და შესაბამისი ცვლილებები შევიდა საჯარო რეესტრის მონაცემებში.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 20 ნოემბრის განჩინებით მ. ქ-ის სააპელაციო საჩივარი ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო ის გარემოება, რომ დაბა ... , ... შესახვევი ¹8-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი, ასევე, 2006 წლის პირველი მარტიდან, 1000კვ.მ მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შეობა-ნაგებობებით საკუთრების უფლებით აღრიცხულია ა. ს-ა-ქ-ის სახელზე. სასამართლომ დაადგინა, რომ 2006 წლის 14 აპრილის იპოთეკისა და ნასყიდობის ხელშეკრულებებით ა. ს-მ დ. ლ-ს მიჰყიდა დაბა ... 750მ.კვ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 165,29 კვ.მ ფართის შენობა-ნაგებობები. აღნიშნული ქონება საჯარო რეესტრში აღირიცხა ა. ლ-ს სახელზე.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ, მართალია ქ-მ საკუთრების უფლება სადავო ქონებაზე მოიპოვა მემკვიდრეობის გზით, რაც აღიარებულ იქნა სასამართლო გადაწყვეტილებით, მაგრამ, საკუთრების უფლების აღრიცხვა საჯარო რეესტრში რეგისტრაციის გზით, მას ს-სა და ლ-ს შორის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებამდე არ გაუკეთებია.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მ. ქ-მ ვერ შეძლო იმ გარემოებათა დამტკიცება, რაც ლ-ს, როგორც შემძენის არაკეთილსინდისიერებას დაადასტურებდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 20 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ქ-მ და მოითხოვა ახალი გადაწყვეტილებით ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 13 აპრილის განჩინებით მ. ქ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ქ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობასთან დაკავშირებულ დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მ. ქ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. ქ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად.
2. კასატორს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% _ 210 ლარი საქართველოს სახელმწიფო ხაზინის (კოდი:220101222) საბიუჯეტო შემოსავლების ¹300033078 სახაზინო კოდით მთაწმინდა-კრწანისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900 ანგარიშიდან
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.