საქმე №213აგ-15 1 მარტი, 2016 წელი
კ-ი მ.- 213აგ-15 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),
მაია ოშხარელი, ზაზა მეიშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. კ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 14 აგვისტოს განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 16 სექტემბრის განაჩენით მ. კ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და იმავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“, „ე“ ქვეპუნქტებით - 8 წლით, 273-ე მუხლით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე, შეკრების პრინციპით, მ. კ-ს სასჯელად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 30 ივნისის განაჩენით (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებითა და 273-ე მუხლით) დანიშული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და მსჯავრდებულს განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 13 წლით, 8 თვითა და 28 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2011 წლის 14 აპრილიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 14 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 16 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 14 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ მ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 7 ნოემბრის განაჩენით ცვლილება შევიდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 14 დეკემბრის განაჩენში, კერძოდ: მ. კ-ის ქმედება (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 30 ივნისის განაჩენი) დაკვალიფიცირდა სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე მსჯავრდებული მ. კ-ი გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლითა და ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 30 ივნისის განაჩენით სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელების მოხდისგან, ხოლო ¼-ით შეუმცირდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 14 დეკემბრის განაჩენით საქართვლოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და იმავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“, „ე“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 8 წელი და მოსახდელად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
2015 წლის 5 აგვისტოს მსჯავრდებულმა მ. კ-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლში „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2015 წლის 8 ივლისის კანონით განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე განაჩენის გადასინჯვა და მოქმედ სისხლის სამართლის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 14 აგვისტოს განჩინებით მსჯავრდებულ მ. კ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ დაუშვებლად იქნა ცნობილი.
მსჯავრდებული მ. კ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ მ. კ-ს მსჯავრი დაედო დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვაში, ჩადენილი არაერთგზის და იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, ასევე ნარკოტიკული საშუალების გასაღებაში და სასჯელი განსაზღვრული აქვს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში, რისთვისაც განსაზღვრული იყო 7-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ‘‘ 2015 წლის 8 ივლისის საქართველოს კანონის თანახმად, რომელიც ძალაში შევიდა 2015 წლის 31 ივლისიდან, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლში განხორციელებული ცვლილებით, ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა და გასაღება მუხლის სხვადასხვა ნაწილში მოექცა. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა, მართალია, მძიმე კატეგორიის დანაშაულში გადავიდა, მაგრამ - გასაღება - რაშიც მსჯავრდებულს ასევე დაედო მსჯავრი, 260-ე მუხლის მე-4 ნაწილის (2015 წლის 8 ივლისის რედაქცია) თანახმად, დანაშაულის კატეგორიის ნაწილში დარჩა უცვლელად, თუმცა სანქციის ნაწილში დამძიმდა და განისაზღვრა - 6-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
მსჯავრდებულ მ. კ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და იმავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“, „ე“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა (ამნისტიის გათვალისწინებით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა) სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის (ახალი რედაქცია) სანქციის ფარგლებშია. ამდენად, მისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არც დანაშაულის კატეგორიის, არც სანქციის ფარგლებში არ შემსუბუქებულა და არ წარმოადგენს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ განაჩენის გადასინჯვისათვის ახლად გამოვლენილ გარემოებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ მ. კ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ მ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 14 აგვისტოს განჩინება მსჯავრდებულ მ. კ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
ზ. მეიშვილი