Facebook Twitter

¹ას-30-385-07 28 თებერვალი, 2007 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატის მოსამართლე

თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – გ. ფ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი. თ-ა, მ. გ-ე (მოსარჩელეები)

დავის საგანი _ თანხის დაკისრება და იპოთეკით დატვირთული ბინის რეალიზაცია

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 11 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი. თ-მ და მ. გ-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს გ. ფ-ის მიმართ და მოითხოვეს მ. გ-ის სასარგებლოდ გ. ფ-სათვის 4600 აშშ დოლარისა და ძირითადი თანხის 4%-ის დაკისრება 2004 წლის 31 მაისიდან, ანუ 184 აშშ დოლარის გადახდა ყოველთვიურად, ხოლო ი. თ-ს სასარგებლოდ 5400 აშშ დოლარისა და ძირითადი თანხის - 4%-ის დაკისრება 2005 წლის 13 მიაისიდან ანუ ყოველთვიურად 216 აშშ დოლარის გადახდა. მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ 2004 წლის 31 მაისს მ. გ-მ გ. ფ-ს ასესხა 4600 აშშ დოლარი სამი თვის ვადით თვეში 4%-ის დარიცხვით. ასევე გ. ფ-მ ი. თ-საგან 2005 წლის 13 მაისს ისესხა 5400 აშშ დოლარი ორი თვის ვადით, ყოველთვიურად 4%-ის დარიცხვით.

მოსარჩელეთა განმარტებით, გ. ფ-მ თანხა არ გადაიხადა დათქმულ დროს და დღემდე არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. მოპასუხემ იპოთეკით დატვირთა მ. გ-ის საცხოვრებელი ბინა მდებარე ქ.ქუთაისში, ... ¹88/12-ში. იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, სესხის თავის დროზე გადაუხდელობის შემთხვევაში ვალის გადახდევინება უნდა მიექცეს იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციიდან ამოღებული თანხის ხარჯზე. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელეების წარმომადგენელმა მ. გ-მ პროცენტისა და ვადის გადაცილებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ნაწილში შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და განაცხადა, რომ ითხოვს პროცენტის სახით 3,5%-ს, რადგან სწორედ ეს ოდენობაა გონივრული შესაბამისობაში ბანკთაშორის საკრედიტო აუქციონის მიერ დადგენილად ზღვრულ ოდენობასთან.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით მ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, გ. ფ-ს დაეკისრა მ. გ-ის სასარგებლოდ დავალიანების ძირითადი თანხის - 4600 აშშ დოლარის გადახდა და ამ თანხის სრულად გადახდამდე 2004 წლის 31 მაისიდან ყოველთვიურად მოცემული თანხის 3,5%-ის სახით 161 აშშ დოლარის გადახდა. ამავე სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ დაკისრებული თანხის ნებაყოფლობით გადაუხდელობის შემთხვევაში დავალიანების ამიღების მიზნით, იძულებითი აუქციონის წესით რეალიზებული იქნეს იპოთეკით დატვირული მოპასუხის საკუთრებაში არსებული ქ.ქუთაისში, .... ¹88/12-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი. ი. თ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გ. ფ-ს ი. თ-ს სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების ძირითადი თანხის - 5400 აშშ დოლარის გადახდა და ამ თანხის სრულად გადახდამდე 2005 წლის 13 მაისიდან ყოველთვიურად ძირითადი თანხის 3,5%-ის სახით 189 აშშ დოლარის გადახდა; ი. თ-ს მოთხოვნას თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში იპოთეკის ხელშეკრულების, როგორც უზრუნველყოფის საშუალების გამოყენებაზე, ეთქვა უარი.

აღნიშნული გადაწყვეტილება გ. ფ-მ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით გ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის სქალაქო სასამართლოს 2006 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება.

ა. ქ-მ სააპელაციო პალატის განჩინებაზე შეიტანა საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 22 იანვრის განჩინებით გ. ფ-ს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 517 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ჩარიცხვის ქვითრისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მეხუთე ნაწილის შესაბამისად დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენა. მითითებული განჩინებით მას განემარტა, რომ აღნიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ მიიღებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად და განუხილველი დარჩებოდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა გ. ფ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობა. ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს აღნიშნული მუხლის მოთხოვნებს, იგი წარმოებაში მიიღება ამ კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 22 იანვრის განჩინებით გ. ფ-ს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა. მასვე განემარტა, რომ აღნიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ მიიღებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად და განუხილველი დარჩებოდა (ს.ფ. 72-74). ეს განჩინება საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა გ. ფ-ს (ს.ფ. 75), რაც 2007 წლის 27 იანვარს პირადად ჩაჰბარდა მას (ს.ფ.76). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორს შეეძლო განჩინებაში მითითებული ხარვეზი გამოესწორებინა 2007 წლის 12 თებერვლის ჩათვლით, მაგრამ კასატორს სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გ. ფ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გ. ფ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 11 ოქტომბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველი;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.