Facebook Twitter

¹ ას-304-561-08 12 ნოემბერი, 2008 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე მომხსენებელი)

როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ჯ. ვ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ნ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

მ. ნ-მა 2006 წლის იანვარში სარჩელი აღძრა სასამართლოში ჯ. ვ-ის წინააღმდეგ და აღნიშნა, რომ იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე 1997 წლიდან სარგებლობაში გადაეცა ლაგოდეხის რაიონის სოფელ ...ის ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთი, რომელიც 2000 წლიდან მიიტაცა მოპასუხემ, დაამუშავა იგი და მიიღო სარგებელი; მოსარჩელის განმარტებით მოპასუხე კვლავ აგრძელებდა ამ ნაკვეთით უკანონოდ სარგებლობას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მ. ნ-მა მოითხოვა მიყენებულდი ზიანის ანაზღაურება 43.679 ლარის ოდენობით 2000-2005 წლებში დარიცხული საიჯარო ქირის 5.329 ლარის ოდენობით, მის სასარგებლოდ მოპასუხისთვის – ჯ. ვ-ისთვის დაკისრება და მოპასუხის მხრიდან მისი ნაკვეთით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთა.

ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით მ. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ჯ. ვ-ს აეკრძალა მ. ნ-ის საიჯარო ნაკვეთის თვითნებურად დამუშავება და უკანონო ხელშეშლა; არ დაკმაყოფილდა მ. ნ-ის სარჩელი ზიანის ანაზღაურების და საიჯარო ქირის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე.

მ. ნ-ის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 11 აგვისტოს განჩინებით ჯ. ვ-ის სააპელაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო დატოვებული იქნა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლომ 2006 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით მ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო და 2007 წლის 12 იანვრის განჩინებით იგი ნაწილობრივ დააკმაყოფილა; კერძოდ, გააუქმა ამ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს 2006 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება და საქმე განსახილველად დაუბრუნა იმავე სასამართლოს.

ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებით მ. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და მის სასარგებლოდ ჯ. ვ-ს დააკისრა 25 440 ლარის გადახდა.

სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჯ. ვ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით ჯ. ვ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, მ. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და მის სასარგებლოდ ჯ. ვ-ს დაეკისრა 20.293 ლარის გადახდა.

პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ჯ. ვ-ი 2000 წლიდან, მათ შორის 2004-2005 წლებში, მ. ნ-ისათვის იჯარით გადაცემულ მიწის ნაკვეთს თვითნებურად, კანონიერი საფუძვლის გარეშე ამუშავებდა.

სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ 2002-2005 წლებში ხორბლის საშუალო მოსავლიანობა ერთ ჰექტარზე შეადგენდა 2300 კგ-ს, ხოლო სიმინდის საშუალო მოსავლიანობა ერთ ჰექტარზე შეადგენდა 3000 კგ-ს. ამავე წლებში ხორბლის საბაზრო ღირებულება შეადგენდა 0.30-0.40 ლარს. 2004-2005 წლებში ჯ. ვ-ის მიერ მ. ნ-ის ნების საწინააღმდეგოდ მისთვის იჯარით გამოყოფილი მიწის ნაკვეთით სარგებლობის შედეგად მ. ნ-ისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა შედგენს 19.175+1.118=20.293 ლარს

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მას არ უსარგებლია მ. ნ-ისათვის გამოყოფილი 13 ჰა საიჯარო მიწის ნაკვეთით 2004-2005 წლებში, ვინაიდან მითითებული გარემოება დადასტურებულია კანონიერ ძალაში შესული ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით.

სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოება იმის შესახებ, რომ მოსარჩელეს სასამართლოში არ წარუდგენია მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა მის მიერ სადავო ნაკვეთით სარგებლობაში ხელშეშლით მიყენებულ ზიანის ოდენობას, პალატამ განმარტა, რომ თუ რას შეადგენდა მ. ნ-ისათვის იჯარით გადაცემული 13 ჰა მიწის ნაკვეთის 2004-2005 წლებში სარგებლობით ხელშეშლის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა, ირკვევა მოსარჩელის მიერ სასამართლოში წარდგენილი ლაგოდეხის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოს უფროსის 2005 წლის 9 სექტემბრის და 2005 წლის 3 ოქტომბრის ლაგოდეხის რაიონის კოოპერატივის გამგეობის თავმჯდომარის 2005 წლის 8 ივნისის წერილობითი პასუხებიდან 2004-2004 წლებში ლაგოდეხის რაიონში ხორბლის და სიმინდის საჰექტრო მოსავლიანობის და ღირებულების შესახებ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ჯ. ვ-მა.

კასატორის განმარტებით, საქმეში არსებული 2005 წლის მარტის თვეში შედგენილი აქტით დასტურდება, მხოლოდ მიწის ნაკვეთზე სიმინდის ჩალის არსებობის ფაქტი, ხოლო ის გარემოება, რომ მას თითქოსდა ჰქონდა დათესილი ამ ნაკვეთზე ხორბალი, სასამართლომ დადასტურებულად ჩათვალა მხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტების საფუძველზე. სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა მ. ნ-ის სასარჩელო მოთხოვნა ლაგოდეხის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოს უფროსის 2005 წლის 9 სექტემბრის წარდგენილი ცნობის საფუძველზე.

კასატორის აზრით საქმის მასალებში წარდგენილი ლაგოდეხის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოს ცნობა ვერ გახდებოდა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, ვინაიდან ზოგადი ხასიათისაა და არ ადასტურებს იმ ფაქტს, თუ რა სახის, რა რაოდენობის მოსავალი მიიღო მან 2004-2005 წლებში მ. ნ-ის კუთვნილ ნაკვეთში.

აღნიშნულიდან გამომდინარე კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივარს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

კასატორი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძლად უთითებს იმ გარემოებას, რომ 2005 წლის მარტში შედგენილი აქტით დასტურდება მხოლოდ მიწის ნაკვეთზე სიმინდის ჩალის არსებობის ფაქტი, ხოლო ხორბლის დათესვის დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოს არ გააჩნდა. აღნიშნულ გარემოებას არ შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობა მიენიჭოს მოცემული დავის გადასაწყვეტად. ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით ჯ. ვ-ს აეკრძალა მ. ნ-ის საიჯარო ნაკვეთის თვითნებურად დამუშავება და უკანონო ხელშეშლა. აღნიშნული შესულია კანონიერ ძალაში. ეს კი გულისხმობს იმას, რომ ჯ. ვ-ის ქმედებათა გამო მ. ნ-ი მოკლებული იყო შესაძლებლობას დანიშნულებისამებრ გამოეყენებინა მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი. ამ ფაქტმა კი განაპირობა ის, რომ მ. ნ-მა ვეღარ მიიღო ის შემოსავალი, რაც უნდა მიეღო ანუ მას მიადგა ზიანი რაც უნდა აუნაზღაუროს ჯ. ვ-მა.

თუმცა უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ კასატორის მითითება ზიანის ოდენობის დამადასტურებელ მტკიცებულებათა თაობაზე გასაზიარებელია. სააპელაციო სასამართლო ზიანის ოდენობის განსასაზღვრად დაეყრდნო ლაგოდეხის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოს უფროსის და ლაგოდეხის რაიონის კოოპერატივის გამგეობის თავმჯდომარის წერილებს. რაც არამართებულია. აღნიშნული წერილები ხელმოწერილია მითითებული თანამდებობის პირების მიერ, მაგრამ ამ პირთა კომპეტენტურობა მითითებულ საკითხებთან დაკავშირებით სასამართლოსათვის უცნობია. აღნიშნულ საკითხებზე პასუხის გაცემა შესაძლებელია შესაბამისი სპეციალობის მქონე პირთა მიერ. კანონმდებლობა ასეთ შემთხვევაში კომპეტეტურად ექსპერტის დასკვნას მიიჩნევს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციტივით დანიშნოს ექსპერტიზა საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე. განსახილველ შემთხვევაში სახეზეა ზიანის მიყენების ფაქტი, ზიანის ოდენობა კი უნდა დადასტურდეს ექსპერტის დასკვნის შესაბამისად. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, ზიანის ოდენობა, რომლის თაობაზეც სასამართლოს სპეციალური ცოდნა არ გაჩნია უნდა დადასტურდეს ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს დასაბუთება არასრულია, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს და ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ უნდა დაადგინოს ჯ. ვ-ის მიერ მ. ნ-ისთვის მიყენებული ზიანის ოდენობა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ჯ. ვ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდეს.