ას-306-632-07 13 აპრილი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
მოსამართლე მიხეილ გოგიშვილი
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა დ. ა-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე _ საქმეზე მ. ბ-ის სარჩელის გამო მოპასუხე “.. .. ..” დსთ-ს რეგიონული დირექტორის ს. ხ-ს მიმართ უკანონო ბრძანებების ბათილად ცნობისა და მათ საფუძველზე უკანონო ქმედებებით მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება 2005 წლის 20 სექტემბრის ¹20/05 ბრძანების ბათილად ცნობასა და ხარჯების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; დაკმაყოფილდა მ. ბ-ის სარჩელი ზემოთ მითითებულ მოთხოვნებში; გაუქმდა 2005 წლის 20 სექტემბრის ¹20/05 ბრძანება და “.. .. ..” დაეკისრა მ. ბ-ის სასარგებლოდ ადვოკატის ხარჯის - 400 ლარის გადახდა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 1 თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად გაგზავნის დრო. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილება საერთაშორისო ორგანიზაცია “.. .. ..” და მის რწმუნებულს 2007 წლის 14 თებერვალს (იხ. ს.ფ. 218-219) ჩაჰბარდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საერთაშორისო ორგანიზაცია “.. .. ..” რწმუნებულმა დ. ა-მ. კასატორმა საკასაციო საჩივარი საქმის განმხილველ სასამართლოში შეიტანა 2007 წლის 3 აპრილს (იხ.ს.ფ. 223), ე.ი. ერთთვიანი საპროცესო ვადის დარღვევით, ვინაიდან აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა მისი მხარისათვის ჩაბარებიდან (2007 წლის 14 თებერვლიდან) ერთ თვეში (2007 წლის 15 მარტს) ამოიწურა. რაც შეეხება კასატორის მტკიცებას იმასთან დაკავშირებით, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მის მარწმუნებელს 2 აპრილს ჩაჰბარდა, აღნიშნულ მოსაზრებას პალატა სარწმუნოდ ვერ მიიჩნევს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ერთთვიანი ვადა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დასაბუთებული გადაწყვეტილების პირველად გადაცემის მომენტიდან აითვლება. აღნიშნული გადაწყვეტილების ხელმეორედ გაგზავნას, მითუმეტეს, რომ განმეორებით გაგზავნილი გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარება საქმის მასალებიდან არ დასტურდება, სასამართლო გასაჩივრების ვადის ათვლისას მხედველობაში ვერ მიიღებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მომხსენებელმა მოსამართლემ საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველად.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, ასევე 397-ე და 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
“.. .. ..” წარმომადგენლის _ დ. ა-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება;
განჩინების ასლი გაეგზავნოთ მხარეებს.