Facebook Twitter

ას-307-633-07 10 ოქტომბერი, 2007 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ პ. ბ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები _ ე. თ-ე, ნ. ნ-ი, ზ. გ-ი, მ. გ-ი, მ. ფ-ა (მოპასუხეები)

დავის საგანი – იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 24 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

პ. ბ-მ სარჩელი აღძრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების - ე. თ-ის, ნ. ნ-ს, ზ. გ-ს, მ. გ-ის, მ. ფ-ს მიმართ იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და საარბიტრაჟო გადაწყვეტილების მე-7 პუნქტის გაუქმების შესახებ. მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2003 წლის 11 ნოემბერს თბილისის ნოტარიუსმა ჯ. ა-მ გააფორმა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება იპოთეკარებს - ე. თ-ს, ნ. ნ-ს, ზ. გ-ს, მ.გ-სა და მ. ფ-ს შორის, რომლის თანახმად 10560 აშშ დოლარის სესხის უზრუნველსაყოფად დაიტვირთა მ.ფ-ს სახელზე რიცხული ქ.თბილისში, ... ქ. ¹60-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი. საჯარო რეესტრში აღნიშნული საცხოვრებელი სახლი მ. ფ-ს სახელზე აღირიცხა 2003 წლის 16 დეკემბერს, რასაც საფუძვლად დაედო ნოტარიუს ე.ყ-ს მიერ 2003 წლის 27 ოქტომბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობა, რომლითაც აწ გარდაცვლილი ნ. ფ-ს დანაშთი ქონება მდებარე ქ.თბილისში, ... ქ. ¹60-ში, მემკვიდრეობით მიიღო მ. ფ-მ, როგორც შემდგომში აღმოჩნდა, მ. ფ-მ გაყალბებული დაბადების მოწმობა წარუდგინა ნოტარიუსს და, ნ. ფ-ს მემკვიდრეებთან შეუთანხმებლად, გადაიფორმა სამკვიდრო ქონება თავის სახელზე და აიღო სესხი, რომლის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ნ. ფ-ს დანაშთი ქონება. 2004 წლის 15 ივლისს შპს „საქართველოს საარბიტრაჟო პალატის“ არბიტრის - მ. ფ-ს მიერ გამოტანილ იქნა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება საქმე ¹2-ზე, რომლითაც დაკმაყოფილდა ე.თ-ის, ნ.ნ-ს, ზ.გ-სა და მ.გ-ის საარბიტრაჟო პრეტენზია, რომლის მე-7 პუნქტის თანახმად, მ. ფ-ს დაეკისრა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების იძულებით გაყიდვა აუქციონზე, რაზედაც გამოწერილ იქნა სააღსრულებო ფურცელი და დაიდო ყადაღა. ყოველივე ზემოაღნიშნულის თაობაზე ნ. ფ-ს მემკვიდრეებისათვის ცნობილი გახდა საარბიტრაჟო საქმის განხილვისას. გადაწყვეტილების გამოტანამდე შესაბამისი ინფორმაცია გაუკეთდა არბიტრს, სათანადო განცხადებები წარდგენილ იქნა პროკურატურასა და საფინანსო პოლიციაში, მაგრამ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანამდე ვერ იქნა დადგენილი, რის გამოც იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება, რომელიც გაყალბების გზით იქნა აღრიცხული მ. ფ-ს სახელზე, რაც ცნობილი იყო იპოთეკარებისათვის. მ. ფ-ა არის აწ გარდაცვლილი ნ. ფ-ს გერი, მისი დედა – ა. კ-ა არ ყოფილა რეგისტრირებულ ქორწინებაში ნ.ფ-სთან. მან შეიცვალა გვარი და მოწმობის საფუძველზე მიეკუთვნა - ფ-ა. მან, როგორც მარტოხელა დედამ, შვილსაც მისცა თავისი გვარი, ხოლო მამის სახელად მიუთითა ნ. მართალია, ა. კ-ს შვილები ირიცხებოდნენ, როგორც ფ-ები და მამის სახელი ჰქონდათ ნ., მაგრამ დაბადების მოწმობაში მამის გრაფაში მათ ჰქონდათ მითითებული მამის არმქონე. მ.ფ-ა იყო გერი და პრეტენზია დანაშთ ქონებაზე მას არ წამოუყენებია, რადგან საფუძველი არ ჰქონდა. ა. კ--ფ-ს გარდაცვალების შემდეგ მ. ფ-მ იპოთეკარებთან და სხვა პირებთან წინასწარ შეთანხმებით განახორციელა სამკვიდროს მიღება, რათა ხელში ჩაეგდო ნ. ფ-ს დანაშთი ქონება და შემდგომ გაესხვისებინა. იპოთეკარებისაგან აღებული სესხი მ. ფ-მ ახალი სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გასცა ვინმე ვ.გოგუაძის, თ. შ-ის, ბ. კ-ისა და მ. ა-ს სახელებზე, რომლებმაც ეს თანხა მიიღეს იპოთეკარებისაგან საკუთარი ბიზნესის წარმოების მიზნით. მოსარჩელემ ასევე მიუთითა, რომ მისთვის ზემოაღნიშნული ცნობილი გახდა მოგვიანებით. ის წარმოადგენს ნ. ფ-ს კანონიერ მემკვიდრეს, კერძოდ, არის მისი დისშვილი. მოსარჩელემ მიიღო გარკვეული ზომები სამკვიდრო ქონების დაბრუნების მიზნით, კერძოდ, ბათილად არის ცნობილი მ. ფ-ს სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა, გაბათილებულია ყველა თანამდევი და მომდევნო საბუთები, რომლებიც საფუძვლად დაედო მ.ფ-ს სამკვიდრო მოწმობას, აღდგენილია საჯარო რეესტრში აწ გარდაცვლილი ნ. ფ-ს დანაშთი ქონების რეგისტრაცია მის სახელზე, გაუქმებულია ამ სახლის რეგისტრაცია მ.ფ-ს სახელზე, აღდგენილი აქვს სამკვიდროს მიღების ვადა და ცნობილია გარდაცვლილი ნ. ფ-ს მემკვიდრედ, ყადაღა ადევს სადავო საცხოვრებელ სახლს.

მოსარჩელემ მოითხოვა 2004 წლის 15 ივნისის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების მე-7 პუნქტის გაუქმება და იპოთეკის, როგორც მოტყუებით დადებული, ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით პ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გაასაჩივრა პ. ბ-მ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლს 24 იანვრის განჩინებით პ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მიუთითა, რომ არ არსებობს სადავო გარიგების (იპოთეკის ხელშეკრულების) ბათილობის ფაქტობრივი საფუძველი. ასევე მიუთითა, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება სადავო ხელშეკრულების გაფორმების მომენტში საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღრიცხული იყო მ. ფ-ს სახელზე, რაც იპოთეკარებს სრულ შესაძლებლობას აძლევდა, კანონის ფარგლებში გაეფორმებინათ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლს 24 იანვრის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა პ. ბ-მ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

კასატორმა მიუთითა, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა საქმის არსებითი გარემოებები, კერძოდ, კასატორის მოსაზრებით, გაუგებარია, რას ეყრდნობა სააპელაციო პალატა, როდესაც იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ არ არსებობს სადავო გარიგების (იპოთეკის ხელშეკრულება) ბათილობის ფაქტობრივი საფუძველი. კასატორი ასევე მიუთითებს, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლი რეესტრის მონაცემთა უტყუარობის პრეზუმფციის გამოყენების ნაწილში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ნ. ფ-ა გარდაიცვალა 2002 წლის 12 მაისს. მას საკუთრების უფლებით ერიცხებოდა უძრავი ქონება მდებარე თბილისში, ... (ამჟამად ზ.ს) ქ. ¹60-ში.

სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია, რომ 2003 წლის 27 ოქტომბერს მ. ფ-ს, როგორც ნ. ფ-ს პირველი რიგის მემკვიდრის სახელზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა.

სასამართლომ დაადგინა, რომ ზემოაღნიშნული ქონება 2003 წლის 6 ნოემბერს საჯარო რეესტრში აღირიცხა მ. ფ-ს სახელზე.

სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია, რომ 2003 წლის 11 ნოემბერს სანოტარო წესით დამოწმებულ იქნა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მ. ფ-მ ისესხა თანხა ე. თ-ისაგან, ნ. ნ-საგან და ზ. გ-საგან, სულ 10 560 აშშ დოლარი სამი თვის ვადით. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა სადავო ბინა.

სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია, რომ მ. ფ-მ ამავე დღეს, 2003 წლის 11 ნოემბერს, აღნიშნული თანხა ასესხა ბ. კ-ს, მ. ა-ს, ო. გ-სა და თ. შ-ს.

სააპელაციო სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია, რომ საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ე. თ-ის, ნ. ნ-სა და ზ. გ-ს საარბიტრაჟო პრეტენზია, მათ სასარგებლოდ მ. ფ-ს დაეკისრა სესხის გადახდა იპოთეკით დატვირთული ბინის რეალიზაციის გზით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია, რომ თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა პ. ბ-ის სარჩელი და ბათილად იქნა ცნობილი მ. ფ-ს სახელზე 2003 წლის 27 ოქტომბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობა, პ. ბ-ს აღუდგა სამკვიდრო მიღების ვადა სადავო ქონებაზე და ნოტარიუსს დაევალა პ. ბ-ის სახელზე სამკვიდრო მოწმობის გაცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და ნაწილობრივ აღსრულდა, კერძოდ, 2004 წლის 21 დეკემბრიდან თბილისში, ... ქ. ¹60-ში მდებარე სახლმფლობელობა კვლავ აღირიცხა გარდაცვლილ ნ. ფ-ს სახელზე.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ არ არის წარმოდგენილი დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება და ამის შედეგად არასწორად სამართლებრივ-მატერიალური ნორმის გამოყენება ან განმარტება.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო უფლებებს, რომლის არსებობა ვლინდება მხოლოდ საჯარო რეესტრიდან, ახასიათებთ განსაკუთრებული თავისებურება, რაც ვლინდება მათი განკარგვის შემთხვევაში.

ამდენად, მათი გასხვისების, დატვირთვის ან სხვაგვარი განკარგვის შემთხვევაში მეტად დიდი მნიშვნელობა ენიჭება მესამე პირთა უფლებებს, რომლებისთვისაც აღნიშნული უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია წარმოადგენს მყარ გარანტიას სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობისათვის. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს საჯარო რეესტრის მნიშვნელობაზე, კერძოდ, საჯარო რეესტრის ცნების განმარტებისათვის აუცილებელია სწორად შეფასდეს საჯარო რეესტრის დანიშნულება და ფუნქცია, თუ რა ინტერესებს ემსახურება აღნიშნული ინსტიტუტი და, აქედან გამომდინარე, რა მნიშვნელობა ენიჭება რეესტრის რეგისტრაციის ფაქტს.

უპირველეს ყოვლისა, ყურადღება უნდა გავამახვილოთ საჯარო რეესტრის დანიშნულებაზე, რომელიც წარმოადგენს სამოქალაქო ბრუნვის გარანტს და ემსახურება ბრუნვის მონაწილის ინტერესების უზრუნველყოფას, დაცვას. აღნიშნული პრინციპის საფუძველზე, ობიექტურად არსებული ფაქტი _ საჯარო რეესტრში უფლების რეგისტრაცია, იცავს ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპს საჯარო რეესტრში რეგისტრაციაუნარიანი უფლებების განკარგვის დროს და მისი სისწორის პრეზუმფცია ეხება როგორც ადრინდელი მესაკუთრის, ასევე ახალი შემძენის უფლებებს. კონკრეტულ შემთხვევაში აღნიშნული პრინციპი იცავს ასევე კრედიტორის (იპოთეკარის) უფლებას.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა და განმარტა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 312-ე მუხლი, კერძოდ, ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა.

განსახილველი ნორმები იცავენ ასევე იპოთეკარის უფლებებსაც, რადგან ხელშეკრულების საფუძველზე იპოთეკარები (კონკრეტულ შემთხვევაში ე. თ-ე, ნ. ნ-ი და ზ. გ-ი) წარმოადგენენ იმ უფლების შემძენებს, რომლითაც მათ სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში შეუძლიათ თავისი მოთხოვნა დაიკმაყოფილონ ამ იპოთეკით დატვირთული ნივთიდან.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საჯარო რეესტრის მონაცემები მხოლოდ მაშინ შეიძლება მიჩნეულ იქნეს უსწოროდ, თუ ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა ანუ პირველ შემთხვევაში საკმარისია, რომ უფლების შემძენმა იცოდეს, რომ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი ამ უფლების შეძენის გარიგების დადებამდე, ხოლო მეორე შემთხვევაში საკმარისია, რომ უფლების შეძენის შესახებ გარიგების დადებამდე მისთვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებების შესახებ (საჩივრის გარდა), რის გამოც ეს ჩანაწერი უზუსტოა. მხოლოდ ამ გარემოებათა არსებობის შემთხვევაში უფლების შემძენი არ არის კეთილსინდისიერი. წინააღმდეგ შემთხვევაში, განსახილველი დანაწესის მიხედვით რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია ანუ რეესტრის მონაცემები მესამე პირებისათვის ყოველთვის ითვლება სწორად და არ არის აუცილებელი დამატებით ამ სისწორის დადასტურება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. კონკრეტულ შემთხვევაში კასატორი არ უთითებს ისეთი მტკიცებულებების არსებობის შესახებ, რომლებიც მიუთითებენ სადავო იპოთეკის შესახებ გარიგების დადებამდე ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილი საჩივრის არსებობის შესახებ (რაც ცნობილი იყო იპოთეკარისთვის) ან ამ უფლების თაობაზე იპოთეკარის მიერ უზუსტო ჩანაწერის ცოდნაზე. ასევე კასატორი ვერ უთითებს ისეთი მტკიცებულებების არსებობის თაობაზე (რაც არ გამოიკვლია ან არასათანადოთ გამოიკვლია სააპელაციო სასამართლომ), რომლითაც დადგინდებოდა საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები, იმის შესახებ, რომ მ. ფ-სა და იპოთეკარების საერთო ინტერესების მიღწევის მიზნით, ერთობლივი მოქმედებებით სადავო ბინა უკანონოდ აღირიცხა მ. ფ-ს სახელზე.

მით უმეტეს, გასათვალისწინებელია, რომ სადავო გარიგებით მინიჭებული უფლება გამოყენებულ იქნა იპოთეკარების (ე. თ-ის, ნ. ნ-ს და ზ. გ-ს) მიერ, რითაც საარბიტრაჟო გადაწყვეტილების საფუძველზე მათ მოიპოვეს იძულებითი აღსრულების უფლება. საკასაციო პალატა ასევე ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ კასატორი საკასაციო საჩივარში არ უთითებს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების მე-7 პუნქტის კანონიერებაზე.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, იპოთეკარების უფლება დაცულია რეგისტრაციაუნარიანი უფლების რეგისტრაციის ფაქტით, რაც მიუთითებს იმაზე, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერი მესაკუთრის შესახებ, თუნდაც ის არ იყოს ამ უძრავი ნივთის ნამდვილი მესაკუთრე (ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არა აქვს მოტყუებით, იძულებით ან სხვა არამართლზომიერი მოქმედებებით იყო თუ არა აღრიცხული საჯარო რეესტრში უძრავი ნივთი ახალ მესაკუთრეზე), საჯარო რეესტრის ჩანაწერის საფუძველზე მესამე პირებისათვის ის ითვლება მესაკუთრედ. კეთილსინდისიერების პრინციპი, კონკრეტულ შემთხვევაში იცავს სამოქალაქო ბრუნვის თავისუფლებას, ხოლო ის გარემოება, რომ იპოთეკის ხელშეკრულების დადების შემდეგ გახდა ცნობილი იპოთეკარებისათვის რეესტრის ჩანაწერის უსწორობის შესახებ, გავლენას არ ახდენს მათ კეთილსინდისიერებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

პ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 24 იანვრის განჩინება;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.