Facebook Twitter

¹ას-308-629-09 12 ნოემბერი, 2009წ

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

რ. ნადირიანი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – მ. და რ. გ-სვილები (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე-”ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის” მილსადენის კომპანია(მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 30 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი –ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ახალციხის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართეს მ. გ-სვილმა და რ. გ-სვილმა ზიანის ანაზღაურების შესახებ მოპასუხე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანიის მიმართ.

მოსარჩელთა განმარტებით, ე.წ. მაზანის ტერიტორიაზე მ. გ-სვილის საკუთრებაში აქვს ¹177 0.161 ჰა მიწის ნაკვეთი და იჯარით აღებული ¹250012003335 0.72 ჰა მიწის ნაკვეთი, ხოლო რ. გ-სვილს იგივე ტერიტორიაზე აქვს ¹178 0.57 ჰა მიწის ნაკვეთი. აღნიშნული მიწის ნაკვეთები მდებარეობს მდინარე ფოცხოვი 1-თან ახლოს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანიის მიმდებარე ტერიტორიაზე. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანიამ მიმდებარე ტერიტორიაზე მოაწყო დროებითი ხიდი და სამანქანე გზა, მოხდა წყლის ნაკადების შეკავება, წყალსამაგრი ჯებირების დანგრევა და ამის შედეგად წყალი შეიჭრა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთებში, მათ შორის მოსარჩელეთა კუთვნილ მიწის ნაკვეთებშიც, რამაც მოახდინა აღნიშნული ნაკვეთების დატბორვა.

მ. გ-სვილმა მოითხოვა მოპასუხის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება 168,936 ლარის ოდენობით, ხოლო რ. გ-სვილმა – 21,952 ლარის ოდენობით.

საქმის მომზადების ეტაპზე მოსარჩელეებმა შეამცირეს სარჩელის მოთხოვნა და მოითხოვეს მოპასუხეებზე თითოეულის სასარგებლოდ 15 000 ლარის გადახდა.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებით მოსარჩელეთა მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეს დაეკისრა მიყენებული ზიანის ანაზღაურება თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ 15 000 ლარის ოდენობით.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხე მხარემ – “ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის” მილსადენის კომპანიამ და სააპელაციო საჩივარში მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გამოიკვლია და არ შეაფასა საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოება, კერძოდ: გადაწყვეტილებაში მოყვანილი მსჯელობის თანახმად გაუგებარია და არ არის ცალსახად დადგენილი მოსარჩელეთა ტერიტორია დაიტბორა და ამით მიადგათ ზიანი, თუ წყალდიდობის შედეგად დაისილა სარწყავი არხები, აღარ მიეწოდებოდა სარწყავი წყალი ნერგებს და მოურწყველობამ გაახმო ისინი და ამან მიაყენა მოსარჩელეებს ზიანი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 12 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი კომპანიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო;

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. მ. და რ. გ-სვილების სარჩელი ზიანის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

დაუსწრებელი გადაწყვტილება გაასაჩივრა მ. და რ. გ-სვილების წარმომადგენელმა ლ. ბ-ძემ, რომლითაც მოითხოვა მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 30 იანვრის განჩინებით მ. და რ. გ-სვილების საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 12 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატის განმარტებით, სასამართლო უწყება 2008 წლის 12 ნოემბრის 14.00 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომის თაობაზე გაეგზავნათ რ. და მ. გ-სვილებს მათ მიერ საქმეში მითითებულ მისამართებზე და ასევე მათ წარმომადგენელს ლ. ბ-ძეს. დადგენილია, რომ გაგზავნილი სასამართლო უწყებები კანონით დადგენილი წესით ჩაბარდათ მ. გ-სვილს და ლ. ბ-ძეს. რ. გ-სვილის სახელზე გაგზავნილი სასამართლო უწყება დაბრუნდა ჩაუბარებელი სახით იმ საფუძვლით, რომ გზავნილზე მითითებულ მისამართზე არსებული შენობა დანგრეული იყო და მიმდინარეობს მშენებლობა. აღნიშნულის გათვალისწინებით, რ. გ-სვილს სასამართლო უწყება ჩაბარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად – ტექნიკური საშუალების გამოყენებით, კერძოდ, რ. გ-სვილის შვილთან პ. გ-სვილთან შედგა სატელეფონო საუბარი და მას ეცნობა სასამართლო სხდომის დრო და ადგილი. აღნიშნულის თაობაზე შედგა აქტი, ხოლო შესაბამისი ტექნიკური საშუალებით განხორციელებული საუბრის ჩანაწერი შემდგომში დაერთო საქმეს. სააპელაციო პალატამ ჩანაწერის მოსმენის შედეგად დაადგინა, რომ რ. გ-სვილის შვილს ეცნობა, რომ სხდომა დანიშნული იყო 2008 წლის 12 ნოემბერს 14 საათზე. ამდენად, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა საჩივრის საფუძველი, ვინაიდან დადგენილია, რომ სასამართლო უწყება 2008 წლის 12 ნოემბრის სასამართლო სხდომის თაობაზე კანონით დადგენილი წესით გაეგზავნათ და ჩაბარდათ როგორც რ. და მ. გ-სვილებს, ასევე მათ წარმომადგენელს – ლ. ბ-ძეს. ამასთან, საჩივრის ავტორი სააპელაციო პალატის 2008 წლის 12 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის სხვა საპატიო მიზეზების შესახებ საჩივარში არ მიუთითებს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 30 იანვრის განჩინება საკასიო წესით გაასაჩივრეს მ. და რ. გ-სვილებმა და მოითხოვეს ამავე სასამართლოს 2008 წლის 12 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება.

კასატორების აზრით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2008 წლის 12 ნოემბერს დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოიტანა უკანონოდ, რადგან მოწინააღმდეგე მხარის სასამართლო პროცესზე დაბარება მოხდა გაურკვევლად, კერძოდ: მ. გ-სვილს სასამართლო უწყება ჩაბარდა ფოსტის მეშვეობით, ხოლო რ. გ-სვილს და მის წარმომადგენელს პ. გ-სვილს უწყება არ ჩაბარდათ. ჩაუბარებლობას კი სააპელაციო სასამართლო იმ მიზეზით ხსნის, რომ თითქოსდა მათი ბინა დანგრეული იყო და მიმდინარეობდა მშენებლობა.

ასევე კასატორების აზრით, აღნიშნული განმარტება წარმოუდგენელია, რადგან ბინა არ დანგრეულა და იმ მდგომარეობაშია დღესაც, რაც იყო 1960-იან წლებში. მისამართიც ყოველთვის მითითებული იყო ვალე თამარ მეფის ქ. ¹43 და ამ მისამართზე ღებულობდა მხარე ყველა შეტყობინებას.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო პალატა არასწორად დაეყრდნო მომჩივნის ახსნა-განმარტებას, რომლის მიხედვითაც, ზიანი ნამდვილად მიადგათ მოურწყველობით, რაც სარჩელშიც არის დაფიქსირებული, მოურწყველობა მოხდა არხების დაზიანებით, არხების დაზიანება კი მოხდა დატბორვით, რაც “ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის” მილსადენის მშენებლობით იყო გამოწვეული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა გაეცნო მ. და რ. გ-სვილების მიერ წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 12 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი კომპანიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო. ამავე პალატის 2009 წლის 30 იანვრის განჩინებით მ. გ-სვილის და რ. გ-სვილის საჩივარი 2008 წლის 12 ნოემბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე არ დაკმაყოფილდა.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორების მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მ. გ-სვილს და მის წარმომადგენელს უწყება არ ჩაბარდათ და მათთვის უცნობი იყო სასამართლო სხდომის შესახებ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია, უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ სასამართლო უწყება 2008 წლის 12 ნოემბრის 14.00 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომის თაობაზე გაეგზავნათ რ. და მ. გ-სვილებს მათ მიერ საქმეში მითითებულ მისამართზე და ასევე მათ წარმომადგენელს ლ. ბ-ძეს (ს.ფ. 21-22). ასევე დადგენილია, რომ გაგზავნილი სასამართლო უწყებები ჩაბარდათ მ. გ-სვილს და ლ. ბ-ძეს (ს.ფ. 29-30).

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ რაფიელ გ-სვილის სახელზე გაგზავნილი სასამართლო უწყება დაბრუნდა ჩაუბარებელი სახით იმ საფუძვლით, რომ მითითებულ მისამართზე არსებული შენობა დანგრეულია და მიმდინარეობს მშენებლობა. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ სხდომის დღის შესახებ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად ტელეფონის გამოყენებით რ. გ-სვილის შვილთან პ. გ-სვილთან შედგა სატელეფონო საუბარი რის შემდეგაც შედგა ტელეფონით სასამართლო შეტყობინების აქტი (ს.ფ.31). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ტელეფონით სასამართლო შეტყობინების შესახებ შედგენილი აქტით სასამართლო უწყების ჩაბარება დასტურდება. მოცემულ შემთხვევაში რ. გ-სვილის შვილისათვის პ. გ-სვილისთვის შეტყობინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ჩაითვლება ადრესატისთვის უწყების ჩაბარებად. ამდენად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მხარე სხდომის დღის შესახებ გაფრთხილებული იყო კანონით დადგენილი წესით, შესაბამისად სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო გამოეტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება სათანადოდ დასაბუთებულია, შესაბამისად არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მ. და რ. გ-სვილების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 30 იანვრის განჩინება;

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.