ას-309-566-08 16 ივლისი, 2008 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ც. ფ.-ე (მოსარჩელე)
წარმომადგენელი---- დ. ჯ.-ე
მოწინააღმდეგე მხარეები – გ. ფ.-ე, ლ. ა.-ი, კ. და ლ. ფ.-ები (მოპასუხე)
წარმომადგენელი ---ნ. მ.-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 14 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი – ქონების მიკუთვნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ც. ფ.-მ მოპასუხე გ. ფ.-ის მიმართ უძრავი ქონების მფლობელად და მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
1972 წლიდან დღემდე მოსარჩელე ცხოვრობს თბილისში, ...-ის ქ. ¹12-ში, ფლობს 15 კვ.მ. ფართს, რომელიც აჩუქა მისმა ბიძამ, ა.წ. გარდაცვლილმა შ. ფ.-მ, ხოლო მოპასუხე გ. ფ.-ე არის მისი ბიძაშვილი, რომელიც ედავება ზემოაღნიშნულ ფართს.
2007 წლის 19 მარტს მოსარჩელემ დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა წარადგინა სასამართლოში და თანამოპასუხეებად დაასახელა კ. ფ.-შვილი, ლ. ფ.-ი და ლ. ა.-ი.
მოპასუხე გ. ფ.-მ აღძრა შეგებებული სარჩელი ც. ფ.-ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხის მისი კუთვნილი საცხოვრებელი ფართიდან გამოსახლება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 170-173-ე მუხლების საფუძველზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 16 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ც. ფ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გ. ფ.-ის შეგებებული სარჩელი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ დაკმაყოფილდა და მოსარჩელე გამოსახლებული იქნა ქ. თბილისში ...-ის ქ. ¹12-ში, მდებარე გ. ფ.-ის კუთვნილი ფართიდან.
2007 წლის 23 აპრილს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა ც. ფ.-მ და მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 22 ივნისის განჩინებით ც. ფ.-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ც. ფ.-მ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 14 თებერვლის განჩინებით ც. ფ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამარლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 22 იანვრის განჩინება და 2007 წლის 16 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ც. ფ.-ს და მის წარმომადგენელს ეცნობათ 2007 წლის 16 აპრილის სხდომასა და გამოუცხადებლობის შედეგებთან დაკავშირებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების 241-ე და 233-ე მუხლების გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 14 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ც. ფ.-მ.
კასატორის აზრით, მისი სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით კერძოდ მის რწმუნებულს დ. ჯ.-ს გარდაეცვალა ბაბუა და იყო რაიონში ამის შესახებ აცნობა სასამართლოს წინასწარ 2007 წლის 14 აპრილს, ვინაიდან არ შეეძლო მარტო მისი ინტერესების დაცვა რისთვისაც მიმართა სხდომის გადადების შესახებ.
აღნიშნულიდან გამომდინარე კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
აღნიშნულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო ვალდებულია შეამოწმოს არსებობს თუ არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები. უპირველესად, სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული იყო სასამართლო სხდომაზე და მას დროულად და კანონით დადგენილი წესით ეცნობა სასამართლო სხდომის დღის შესახებ (სსკ-ის 233-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი). მოწვეულად ითვლება მხარე, რომელსაც სასამართლო უწყება გაეგზავნა და ჩაბარდა სსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. ამასთან, სასამართლო გამოცხადებული მხარის შუამდგომლობის საფუძველზე დაუსწრებელ გადაწყვეტილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიტანს, თუ დაადგენს, რომ მხარისათვის სასამართლო სხდომის თარიღის შეტყობინების მიუხედავად, მხარე სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა.
საქმის განხილვის მომენტისათვის მოქმედი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70–ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად მხარეებს და მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი და ჩაბარებულად ითვლება თუ იგი ჩაბარდა ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. კანონის აღნიშნული ნორმა სასამართლოს ავალდებულებს სხდომისა თუ სხვა საპროცესო მოქმედების შესახებ, როგორც მხარის ისე მისი წარმომდგენლისათვის შეტყობინების აუცილებლობაზე. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს არ უმსჯელია ჩაბარდა თუ არა ც. ფ.-ის წარმომადგენელ დ. ჯ.-ს უწყება იმ დროს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო გამოერკვია, ეცნობა თუ არა მხარისა და მის წარმომადგენლს სასამართლო სხდომის დრო, მხოლოდ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დადგენის შემდეგ შეეძლო მას ემსჯელა მხარის სასმართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზებზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება უნდა გაუქმდეს და ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ც. ფ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 14 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.