Facebook Twitter

საქმე №398აგ-15 31 მარტი, 2016 წელი

მ-ი ზ., 398აგ-15 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. მ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. კ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 7 ოქტომბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 29 დეკემბრის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და ბრალდებულ ზ. მ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

ზ. მ-ი, - დაბადებული 19... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 260-ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, იმავე კოდექსის 55–ე მუხლის გამოყენებით - 5 წლით; ხოლო სსკ–ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, ზ. მ-ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებით სასჯელად ჯარიმა - 5000 ლარი.

საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 6 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 წელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ზ. მ-ს სასჯელად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 5 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი - 3 წელი სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა - 5000 ლარი.

ზ. მ-ს 10 წლით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები, ხოლო 5 წლით - „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განსაზღვრული დანარჩენი უფლებები.

ზ. მ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო - 2014 წლის 7 სექტემბრიდან.

2. 2015 წლის 30 ივლისს მსჯავრდებულ ზ. მ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ვ. კ-ემ, ხოლო იმავე წლის 3 აგვისტოს მსჯავრდებულმა ზ. მ-მა შუამდგომლობებით მიმართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლში „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2015 წლის 8 ივლისის კანონით განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე განაჩენის გადასინჯვა და მოქმედ სისხლის სამართლის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 6 აგვისტოს განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 29 დეკემბრის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:

ზ. მ-ის ქმედება საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა სსკ–ის 260–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია).

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 29 დეკემბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 14 მარტის განაჩენით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 6 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. 2015 წლის 19 აგვისტოს მსჯავრდებულ ზ. მ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ვ. კ-ემ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა: „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, განაჩენის გადასინჯვა; ზ. მ-ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე გადაკვალიფიცირება; საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლში „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2015 წლის 8 ივლისის კანონით განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინება და მსჯავრდებულისათვის სასჯელის შემსუბუქება.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 7 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 29 დეკემბრის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:

მსჯავრდებულ ზ. მ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია).

ზ. მ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია).

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 29 დეკემბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 7 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ზ. მ-მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ვ. კ-ემ. კასატორები საკასაციო საჩივრით ითხოვენ მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული მინიმალური სასჯელის განსაზღვრას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საქართველოს სსსკ-ის 314–ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ზ. მ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.

3. სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, მსჯავრდებულს უნდა შეუმცირდეს სასჯელი იმ შემთხვევაში, როდესაც მისთვის დანიშნული სასჯელის ზომა აღემატება ახალი კანონით დადგენილი სასჯელის ზომის მაქსიმუმს.

4. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს გადასასინჯი გადაწყვეტილების სამართლიანობაზე და თუკი დანიშნული სასჯელი ახალი კანონის სანქციის ფარგლებშია, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, შეამციროს მისი ზომა.

5. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საჩივრის ავტორების მოთხოვნა არ ემყარება რაიმე სამართლებრივ საფუძველს და არც გასაჩივრებული განაჩენის მსჯავრდებულის სასიკეთოდ შეცვლის კანონით გათვალისწინებული რომელიმე პირობა არსებობს, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ზ. მ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 7 ოქტომბრის განაჩენი მსჯავრდებულ ზ. მ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი