Facebook Twitter

ას-310-635-07 4 ივნისი, 2007 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ.გოგიშვილი (თავმჯდომარე),

ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), მ.ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ გ. ჯ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ო. ბ-ე (მოპასუხე)

მესამე პირი დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე _ ვ. მ-ე

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 9 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება, საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად

დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. ჯ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ო. ბ-ის მიმართ ავტოსადგომიდან მოპასუხის გამოსახლების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: ქ.ქუთაისში, ... გამზირის ¹1-ში მდებარე გ.ჯ-ის კუთვნილი ¹12 ავტოსადგომი, მოსარჩელესთან შეთანხმებით, მისმა ყოფილმა მეზობელმა ვ.მ-მ 1800 დოლარად მიჰყიდა მოპასუხე ო. ბ-ს. აღნიშნული თანხა მისთვის დღემდე არ დაუბრუნებიათ, რის შესახებ მოსარჩელემ ჯერ 2002 წლის სექტემბერში, შემდგომ კი 2003 წლის 6 დეკემბერს წერილობით მიმართა მოპასუხეს და მოსთხოვა ხსენებული ავტოსადგომის გამოთავისუფლება. წერილს თან დაერთო საბუთი, რომელიც ავტოსადგომზე მოსარჩელის საკუთრებას ადასტურებდა. ვ.მ-მ აღნიშნული საბუთი ყალბ დოკუმენტად მიიჩნია, თუმცა სათანადო ორგანოებმა დოკუმენტის სიყალბე ვერ დაადასტურა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: 2002 წლის აგვისტოში მან ვ.მ-საგან შეიძინა ავტოფარეხი, რომელშიც გ.ჯ-ის ნივთები ინახებოდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ მოსარჩელის შვილმა აღნიშნული ნივთები ნებაყოფლობით გაიტანა, რა დროსაც მოსარჩელე მხარეს არანაირი პრეტენზია არ განუცხადებია.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 10 ივნისის განჩინებით ვ. მ-ე საქმეში ჩაერთო დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირად.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით გ. ჯ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, რაც გ.ჯ-მ გაასაჩივრა სააპელაციო წესით. აღნიშნული საქმე განხილულ იქნა სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოების მიერ.

სააპელაციო სასამართლოში გ.ჯ-ის სააპელაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა 2006 წლის 27 სექტემბერს, რის შესახებ მხარეებს უწყებები გაეგზავნათ. გ.ჯ-ის კუთვნილ უწყებაზე მიეთითა, რომ ადრესატი, ავადმყოფობის გამო, იმყოფება საქართველოს ფარგლებს გარეთ. 2006 წლის 19 სექტემბერს აპელანტის წარმომადგენელმა ნ. მ-მ განცხადებით მიმართა სასამართლო და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 280-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის საფუძველზე მოითხოვა გ.ბ-ის ავადმყოფობის გამო საქმის წარმოების 2006 წლის ბოლომდე ან 2007 წლის იანვრის დასაწყისამდე შეჩერება. განცხადებას დაერთო რუსულ ენაზე შედგენილი ცნობები. სასამართლოს მიერ დანიშნულ დღეს სხდომაზე არც აპელანტი და არც მისი წარმომადგენელი არ გამოცხადებულა. მოწინააღმდეგე მხარემ კი იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 27 სექტემბრის განჩინებით გ.ჯ-ის წარმომადგენელ ნ.მ-ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდა, ხოლო დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ო. ბ-ისა და მის წარმომადგენელ მ. დ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, გ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე, ხოლო გასაჩივრებული რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი, რაზეც გ.ჯ-მა შეიტანა საჩივარი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 9 მარტის განჩინებით გ. ჯ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება კი დარჩა უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ გ. ჯ-ს სასამართლო უწყება ჩაბარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების დაცვით, ვინაიდან იგი ჩაიბარა აპელანტის ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა და მიუთითა ადრესატის ადგილსამყოფელის შესახებ. პალატამ არ გაიზიარა მხარის მოსაზრება, რომ მოცემულ შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელი იყო, ვინაიდან აღნიშნული მხარემ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ვერ დაადასტურა. სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი ცნობები, რადგან ისინი შედგენილ იქნა არასახელმწიფო ენაზე და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილით განსაზღვრულ ფორმას არ შეესაბამება. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ უწყების გაგზავნის მომენტისათვის გ.ჯ-ს წარმომადგენელი არ ჰყავდა, რის გამოც ნ.მ-ს უწყება ვერ გაეგზავნებოდა. პალატამ არ გაიზიარა მხარის მითითება გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბუნდოვანებაზე, ვინაიდან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 234-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოსარჩელის ან აპელანტის მიმართ სამოტივაციო ნაწილს საერთოდ არ შეიცავს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება გ. ჯ-მ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება, ხოლო საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით: დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ გ.ჯ-ს სასამართლო უწყება 2006 წლის 27 სექტემბრის სხდომის თაობაზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების დაცვით ჩაბარდა, ვინაიდან აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება. აპელანტის ავადმყოფობის გამო, გ.ჯ-მ და მისმა წარმომადგენელმა მიმართეს რა შუამდგომლობით სასამართლოს საქმის წარმოების შეჩერების მოთხოვნით, აღნიშნულის თაობაზე სააპელაციო პალატის მოსაზრებისა და არც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ 2007 წლის 12 იანვრამდე მხარისთვის ცნობილი არ იყო. უსაფუძვლოა სასამართლოს მითითება, რომ აპელანტმა თავისი ავადმყოფობა სათანადოდ ვერ დაადასტურა, ვინაიდან გ.ჯ-მ წარმოადგინა სამედიცინო ცნობები არა მარტო რუსულ ენაზე, არამედ ერთ-ერთი ცნობის სანოტარო წესით დამოწმებული ქართული თარგმანი, რომელიც საქმის მასალებს გაურკვეველი მიზეზით არ დაერთო. სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომელიც განსხვავებული სახის ურთიერთობას არეგულირებს და განსახილველ შემთხვევას არ ეხება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნია, რომ გ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების უკანონობის შესახებ და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ 2007 წლის 9 მარტის განჩინებით არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ, 2007 წლის 26 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა რა გ. ჯ-ის წარმომადგენელ ნ. მ-ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე, აღნიშნულის შესახებ არც აპელანტის და არც მისი წარმომადგენლისათვის არ უცნობებია და იმავე დღეს მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესახებ. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლო ვალდებულია დროულად აცნობოს საქმის განხილვაზე გამოუცხადებელ მხარეს ფაქტობრივი გარემოებების თაობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მითითებული ნორმით გათვალისწინებული დამაბრკოლებელი გარემოება, რადგან სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო, ზემოხსენებული შუამდგომლობის განხილვის შედეგი ეცნობებინა მხარისათვის და აღნიშნულის შემდგომ ხელახლა დაენიშნა საქმის განხილვის დრო, რაც არ განუხორციელებია. ამასთან, ამავე კოდექსის 70-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, მხარეებს და მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყება უნდა ჩაჰბარდეთ იმ ვარაუდით, რომ მათ ჰქონდათ სასამართლოში დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისათვის გონივრული ვადა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას საქმის განხილვის შეჩერებაზე უარის თქმისა და დავის არსებითად განხილვის თაობაზე მხარისათვის უნდა ეცნობებინა, რაც უზრუნველყოფდა პირის უფლების დაცვას სათანადოდ მოემზადოს საქმის სასამართლოში განხილვისათვის.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება 2006 წლის 27 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ დაუსაბუთებელია და უნდა გაუქმდეს, ხოლო საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.

საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ ზემოხსენებულ გარემოებათა გათვალისწინებით უნდა იმსჯელოს სადავო დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონიერებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 9 მარტის განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.