ას-311-636-07 23 ივლისი, 2007 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატამ
მოსამართლე: მ. სულხანიშვილი
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა შპს “ .. ..” დირექტორ თ. ჩ-ის წარმომდგენლის ჟ. ლ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სააპელაციო პალატის 2007 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე _ შპს “.. ..” დირექტორ თ. ჩ-ის სარჩელის გამო შპს ,,ჯ...ის” მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე.
პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ შპს “ .. ..” დირექტორ თ. ჩ-ის წარმომადგენლის ჟ. ლ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 23 აპრილის განჩინებით შპს “ .. ..” დირექტორ თ. ჩ-ის წარმომდგენელს ჟ. ლ-ს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან ათი დღის ვადაში საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის _ 3642,5 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის, ადვოკატის ტესტირების გავლისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა.
2007 წლის 2 მაისს შპს “ .. ..” დირექტორ თ. ჩ-ის წარმომადგენელმა ჟ. ლ-მ განცხადებით მომართა საკასაციო პალატას და განმარტა, რომ საკასაციო საჩივრის ბეჭვდისას გამორჩენილ იქნა მოსარჩელის მარწმუნებლის, ტრანსპორტირებისა და სხვათა ხარჯების მითითება და აქედან გამომდინარე საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულების 72850 ლარის ნაცვლად მიუთითა 77196 აშშ დოლარი.
2007 წლის 11 მაისს ჟ. ლ-მ განცხადებით მომართა საკასაციო პალატას. მისი განმარტებით, მან და შპს “ე...მა” მათი მხრიდან აღებული ვალდებულებები უკრაინულ ფირმა შპს “ნ...ს” მიმართ ვერ შეასრულეს, რის გამოც აღნიშნულ ფირმამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, ხოლო საკასაციო პალატის 2006 წლის 26 ივნისის განჩინებით შპს “ნ...ს” სასარგებლოდ მათ დაეკისრად 444 145,68 აშშ დოლარის გადახდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად, მათი ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება.
უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 21 მაისის განჩინებით კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად მიცემული საპროცესო ვადა 5 დღით.
2006 წლის 6 ივნისს კასატორმა წარმოადგინა განცხადება სადაც მიუთითა, რომ შპს ,, .. ..” 2000 წლიდან არ ფუნქციონირებს და გადახდის უუნაროა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მან მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება.
უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 18 ივნისის განჩინებით კასატორის ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით გაუნახევრდა სახელმწიფო ბაჟის ოდენობა და დაეკისრა 1929,9 აშშ დოლარის გადახდა. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო ბაჟის 1929,9 აშშ დოლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენის საპროცესო ვადა გაგრძელდა 3 დღით (ს.ფ. 552-554).
აღნიშნული განჩინების ასლი კასატორს გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით და ჩაბარდა მიმდინარე წლის 10 ივლისს (ს.ფ. 555-556), შესაბამისად ხარვეზის შესავსებად მიცემული ვადა ამოიწურა 2007 წლის 16 ივლისს, მაგრამ კასატორის მიერ ხარვეზი არ იქნა შევსებული.
პალატა თვლის, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველი.
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს “ .. ..” დირექტორ თ. ჩ-ის წარმომადგენლის ჟ. ლ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.