Facebook Twitter

საქმე №416აგ-15 31 მარტი, 2016 წელი

შ-ი ლ., 416აგ-15 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ლ. შ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ვ-ის საკასაციო საჩივრები ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 7 ოქტომბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 სექტემბრის განაჩენით ლ. შ-ი, – დაბადებული 19... წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2013 წლის 25 დეკემბრიდან; მასვე 10 წლით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, ხოლო 5 წლით – „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განსაზღვრული დანარჩენი უფლებები.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 23 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 29 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ ლ. შ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ვ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.

4. 2015 წლის 2 ოქტომბერს მსჯავრდებულ ლ. შ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. ვ-ძემ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლში „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2015 წლის 8 ივლისის კანონით განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე განაჩენის გადასინჯვა, მოქმედ სისხლის სამართლის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა და მსჯავრდებულისათვის სასჯელის შემსუბუქება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 7 ოქტომბრის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 სექტემბრისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 23 თებერვლის განაჩენებში შევიდა შემდეგი ცვლილება:

მსჯავრდებულ ლ. შ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია).

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 სექტემბრისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 23 თებერვლის განაჩენები სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 7 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ლ. შ-მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. ვ-ძემ. ადვოკატი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ მისი შუამდგომლობა არ უნდა განეხილათ იმავე მოსამართლეებს, რომლებიც მონაწილეობდნენ ლ. შ-ის სისხლის სამართლის საქმის არსებით განხილვაში. გარდა ამისა, კასატორების აზრით, მსჯავრდებულს „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2015 წლის 8 ივლისის კანონით განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე უნდა შემცირებოდა სასჯელი. ადვოკატი ლ. ვ-ძე ითხოვს: საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობასა და ზეპირი მოსმენით განხილვას; საქმის გადაცემას საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისათვის; მსჯავრდებულისათვის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ახალი რედაქცია) გათვალისწინებული მინიმალური სასჯელის დანიშვნას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საქართველოს სსსკ-ის 314–ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ ლ. შ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ვ-ძის საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.

3. სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, მსჯავრდებულს უნდა შეუმცირდეს სასჯელი იმ შემთხვევაში, როდესაც მისთვის დანიშნული სასჯელის ზომა აღემატება ახალი კანონით დადგენილი სასჯელის ზომის მაქსიმუმს.

4. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს გადასასინჯი გადაწყვეტილების სამართლიანობაზე და თუკი დანიშნული სასჯელი ახალი კანონის სანქციის ფარგლებშია, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, შეამციროს მისი ზომა.

5. ამდენად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორების მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლში შესული ცვლილების თანახმად, მსჯავრდებულს უნდა განესაზღვროს მინიმალური სასჯელი.

6. რაც შეეხება ადვოკატ ლ. ვ-ძის მოსაზრებას, რომ მისი შუამდგომლობა არ უნდა განეხილათ იმავე მოსამართლეებს, რომლებმაც მსჯავრდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინეს, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან საქართველოს სსსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, საქმის არსებით განხილვაში მონაწილეობა მოსამართლეს არ უზღუდავს უფლებას, მონაწილეობა მიიღოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქმის განხილვაში.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საჩივრების ავტორთა მოთხოვნა არ ემყარება რაიმე სამართლებრივ საფუძველს და არც გასაჩივრებული განაჩენის მსჯავრდებულის სასიკეთოდ შეცვლის კანონით გათვალისწინებული რომელიმე პირობა არსებობს, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ლ. შ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ვ-ძის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 7 ოქტომბრის განაჩენი მსჯავრდებულ ლ. შ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი