Facebook Twitter

საქმე №210აგ-15 1 მარტი, 2016 წელი

ს-ე ფ.- 210აგ-15 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),

მაია ოშხარელი, ზაზა მეიშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ფ. ს-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ვ. ტ-ას საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 10 სექტემბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 22 მაისის განაჩენით ფ. ს-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე - 3 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი - 4 წელი და 6 თვე ჩაეთვალა პირობით; 273-ე მუხლით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, სასჯელთა შთანთქმის პრინციპით, ფ. ს-ეს განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე - 3 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 4 წელი და 6 თვე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2014 წლის 13 აპრილიდან.

2. ფ. ს-ეს 10 წლით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები, ხოლო 5 წლით - „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განსაზღვრული დანარჩენი უფლებები.

3. 2015 წლის 30 ივლისს მსჯავრდებულმა ფ. ს-ემ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლში „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2015 წლის 8 ივლისის კანონით განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე განაჩენის გადასინჯვა და მოქმედ სისხლის სამართლის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 10 სექტემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 22 მაისის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:

5. მსჯავრდებულ ფ. ს-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (ძველი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე (2015 წლის 8 ივლისის რედაქცია). თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 22 მაისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

6. მსჯავრდებულ ფ. ს-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ვ. ტ-ა საკასაციო საჩივრით ითხოვს მსჯავრდებულისათვის სასჯელის შემსუბუქებას იმ მოტივით, რომ „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2015 წლის 8 ივლისის კანონის საფუძველზე ფ. ს-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების სიმძიმის კატეგორია შეიცვალა მის სასარგებლოდ, რაც წარმოადგენს სასჯელის შემსუბუქების საფუძველს.

7. აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2016 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით ფ. ს-ე გათავისუფლდა პატიმრობიდან პირობით ვადამდე, 6 თვითა და 20 დღით ადრე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საქართველოს სსსკ-ის 314–ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ფ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.

3. სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, მსჯავრდებულს უნდა შეუმცირდეს სასჯელი იმ შემთხვევაში, როდესაც მისთვის დანიშნული სასჯელის ზომა აღემატება ახალი კანონით დადგენილი სასჯელის ზომის მაქსიმუმს.

4. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს გადასასინჯი გადაწყვეტილების სამართლიანობაზე და თუკი დანიშნული სასჯელი ახალი კანონის სანქციის ფარგლებშია, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, შეამციროს მისი ზომა.

5. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლში შესული ცვლილების თანახმად, მსჯავრდებულს უნდა განესაზღვროს მინიმალური სასჯელი.

6. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საჩივრის ავტორის მოთხოვნა არ ემყარება რაიმე სამართლებრივ საფუძველს და არც გასაჩივრებული განაჩენის მსჯავრდებულის სასიკეთოდ შეცვლის კანონით გათვალისწინებული რომელიმე პირობა არსებობს, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ფ. ს-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ვ. ტ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 10 სექტემბრის განაჩენი მსჯავრდებულ ფ. ს-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

ზ. მეიშვილი