საქმე №356აგ-15 თბილისი
თ-ე მ., 356აგ-15 25 მარტი, 2016 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. თ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის პირველი სექტემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 24 ივლისის განაჩენით მ. თ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - უვადო თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა, რაშიც შევიდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი. მ. თ-ს სასჯელის ათვლა დაეწყო 2005 წლის 2 სექტემბრიდან.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 29 ნოემბრის განაჩენით წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 24 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 27 ივლისის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი მ. თ-ის ადვოკატის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 29 ნოემბრის განაჩენზე.
4. „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ მ. თ-ის მიმართ წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 24 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელი დარჩა უცვლელად.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 3 აპრილის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინება შეიცვალა, კერძოდ: „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე მსჯავრდებული მ. თ-ე გათავისუფლდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დანიშნული სასჯელისაგან, ხოლო წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 24 ივლისის განაჩენით ამავე კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ მსჯავრდებულ მ. თ-ეს სასჯელის ზომად დარჩა უვადო თავისუფლების აღკვეთა.
6. 2015 წლის 21 აგვისტოს მსჯავრდებულმა მ. თ-ემ შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და მოითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლში განხორციელებული ცვლილების საფუძველზე.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის პირველი სექტემბრის განჩინებით მსჯავრდებულ მ. თ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე ცნობილ იქნა დაუშვებლად.
8. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა მ. თ-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მის მიმართ განსაზღვრული სასჯელის - უვადო თავისუფლების აღკვეთის შეცვლა ვადიანი თავისუფლების აღკვეთით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლში შესული ცვლილების გათვალისწინებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდქსის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.
3. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მ. თ-ს მსჯავრი დაედო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვაში და სასჯელი განსაზღვრული აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში, რაც ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას რვიდან ოც წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლში 2015 წლის 8 ივლისის კანონით განხორციელებული ცვლილებით, რომელიც ძალაში შევიდა 2015 წლის 31 ივლისიდან, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა კვალიფიცირდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რისთვისაც გათვალისწინებულია იგივე სასჯელი - რვიდან ოც წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა. ამდენად, კანონში შესული ცვლილებით მსჯავრდებულ მ. თ-ის სისხლისსამართლებრივი მდგომარეობა არ უმჯობესდება და არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ განაჩენის გადასინჯვის ახლად გამოვლენილ გარემოებას.
5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ მ. თ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ მ. თ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის პირველი სექტემბრის განჩინება მსჯავრდებულ მ. თ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი