საქმე №289აგ-15 9 მარტი, 2016 წელი
ვ-ე შ.- 289აგ-15 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),
მაია ოშხარელი, ზაზა მეიშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ შ. ვ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 11 სექტემბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 3 მაისის განაჩენით შ. ვ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 3 წლით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ სასჯელთა შთანთქმის პრინციპით მას მოსახდელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 800 ლარი (400 დღიური ანაზღაურება, დღეში - 4 ლარი).
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 2 ივლისის განაჩენით შ. ვ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (თ. ჩ-ისა და ლ. ხ-ის ეპიზოდი) - 5 წლით; სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (რ. ხ-ის ეპიზოდი) - 5 წლით; სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, „ბ“, მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (ი. გ-ის ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; შ. ვ-ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა.
სსკ-ის 67-ე მუხლის თანახმად, გაუქმდა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 3 მაისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 წელი და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებით სასჯელად ჯარიმა - 12 000 ლარის ოდენობით. შ. ვ-ეს სასჯელის ვადა აეთვალა 2007 წლის 24 დეკემბრიდან.
3. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 3 სექტემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 4 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ შ. ვ-ეს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, ერთი მეოთხედით შეუმცირდა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „,ა“, „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (თ. ჩ-ისა და ლ. ხ-ის ეპიზოდი); სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (ი. გ-ის ეპიზოდი); სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (რ. ხ-ის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელები, ასევე - სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 3 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელი და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 13 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2007 წლის 24 დეკემბრიდან.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 10 ივლისის განაჩენით არ დაკმაყოფილდა შ. ვ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 4 მარტის განაჩენით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 10 ივლისის განაჩენი შ. ვ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.
7. 2015 წლის 5 აგვისტოს მსჯავრდებულმა შ. ვ-ემ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლში „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2015 წლის 8 ივლისის კანონით განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე განაჩენის გადასინჯვა და მოქმედ სისხლის სამართლის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 11 სექტემბრის განაჩენით სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 3 მაისისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 3 სექტემბრის განაჩენებში შევიდა შემდეგი ცვლილება:
მსჯავრდებულ შ. ვ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია). განაჩენები სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით შ. ვ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3781-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელად განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. იმავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 3 სექტემბრის განაჩენითა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 4 მარტის განჩინებით განსაზღვრული - 5 წელი, 8 თვე, 8 დღე და ჯარიმა - 12000 ლარი და მსჯავრდებულს საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 6 წლით, 2 თვითა და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა, დამატებით სასჯელად კი ჯარიმა - 12000 ლარი. შ. ვ-ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2015 წლის 16 ოქტომბრიდან.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 10 დეკემბრის განჩინებით მსჯავრდებულ შ. ვ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 11 სექტემბრის განაჩენი 2015 წლის 25 სექტემბერს საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა შ. ვ-ემ. იგი საჩივრით ითხოვს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლში შესული ცვლილებების საფუძველზე სასჯელის შემსუბუქებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საქართველოს სსსკ-ის 314–ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ შ. ვ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.
3. სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, მსჯავრდებულს უნდა შეუმცირდეს სასჯელი იმ შემთხვევაში, როდესაც მისთვის დანიშნული სასჯელის ზომა აღემატება ახალი კანონით დადგენილი სასჯელის ზომის მაქსიმუმს.
4. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს გადასასინჯი გადაწყვეტილების სამართლიანობაზე და თუკი დანიშნული სასჯელი ახალი კანონის სანქციის ფარგლებშია, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, შეამციროს მისი ზომა.
5. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლში შესული ცვლილების თანახმად, მას უნდა შეუმცირდეს სასჯელი.
6. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საჩივრის ავტორის მოთხოვნა არ ემყარება რაიმე სამართლებრივ საფუძველს და არც გასაჩივრებული განაჩენის მსჯავრდებულის სასიკეთოდ შეცვლის კანონით გათვალისწინებული რომელიმე პირობა არსებობს, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ შ. ვ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 11 სექტემბრის განაჩენი მსჯავრდებულ შ. ვ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
ზ. მეიშვილი