Facebook Twitter

ას-318-638-09 20 ოქტომბერი, 2009 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი

სხდომის მდივანი _ ლ.სანიკიძე

კასატორი _ გ. დ-ძე (მოსარჩელე)

წარმომადგენელი _ ზ.ც-ძე

მოწინააღმდეგე მხარე _ ტ. თ-ძე (მოპასუხე)

წარმოამდგენელი _ გ.კ-ძე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 5 თებერვლის განჩინება

დავის საგანი _ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულება, ნივთის მფლობელობაში გადაცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. დ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ინდივიდუალური ბინათმშენებლობის გამგეობის თავმჯდომარე ტ. თ-ძის მიმართ ქ.ბათუმში, ... ქ. ¹64-65-ში მშენებარე მრავალბინიანი სახლის მე-2 სადარბაზოს მეორე სართულზე არსებული 120 კვ.მ ხუთოთახიანი ბინის ფაქტობრივ მფლობელობაში გადაცემის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1990 წლის 5 დეკემბრის ¹1131 გადაწყვეტილებით გარკვეულ პირებს, მათ შორის, გ. დ-ძესაც, გამოეყოთ მიწის ნაკვეთი მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად. 1990 წლის 18 დეკემბერს გ. დ-ძესა და კოოპერატივ “კეთილმოწყობას” შორის გაფორმდა ნარდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად კოოპერატივი ააშენებდა და მშენებლობის შემდეგ გადასცემდა საცხოვრებელ სახლს ბინათმშენებლობის წევრებს. ბინის მშენებლობა უნდა დასრულებულიყო 1991 წლისათვის, ხოლო დამკვეთს უნდა გადაეხადა ორი და სამოთახიანი ბინების ღირებულება _ 28000 და 35000 მანეთი, თავდაპირველად 50%, ხოლო დანარჩენი თანხა თვის ბოლომდე. მოსარჩელემ ხელშეკრულების გაფორმებისთანავე შეიტანა 35 000 მანეთი. 1995 წლის 23 აგვისტოს, მშენებელობის შეჩერების გამო, ბინათმშენებლობის წევრებმა გადაწყვეტილება მიიღეს, მშენებლობის გაგრძელების მიზნით, შეეტანათ დამატებითი შენატანები. გ. დ-ძემ დამატებით შეიტანა 400 აშშ დოლარი, 2400 აშშ დოლარის ღირებულების 4 ტონა კარბიტი და 100 აშშ დოლარი. მშენებლობა განახლდა, 2001 წელს, მშენებლობის დასრულების შემდეგ, მოსარჩელემ მოითხოვა მისთვის სამოთახიანი ბინის გამოყოფა. ტ. თ-ძემ მოსარჩელისათვის გადასაცემი ბინა გაასხვისა, მას კი შესთავაზა იმავე სახლის მეორე სადარბაზოში, მეორე სართულზე მდებარე 120 კვ.მ ხუთოთახიანი ბინა ღირებულების სხვაობის დამატებით. 2003 წელს ტ. თ-ძემ, ბინათმშენებლობის წევრების გვერდის ავლით, დააფუძნა შპს “ესმა”, რომელიც შემდგომ გახდა კოოპერატივ “კეთილმოწყობისა” და ინდივიდუალური ბინათმშენებლობა “ზოდიაქოს” სამართალმემკვიდრე. მოპასუხემ ბინათმშენებლობის წევრებისათვის განკუთვნილი ბინები სხვა პირებს გადასცა. გ. დ-ძემ მისთვის განკუთვნილ ხუთოთახიან ბინაში დაიწყო სარემონტო სამუშაოები, მაგრამ ტ.თ-ძის მხრიდან ხელშეშლის გამო მათ შორის წარმოიშვა კონფლიქტი და საქმეში ჩაერთო პოლიცია. გამომძიებელთან მიცემულ ჩვენებაში ტ. თ-ძემ მთლიანად აღიარა 1990 წელს აღებული ვალდებულება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 3 მაისის გადაწყვეტილებით გ. დ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 5 თებერვლის განჩინებით გ. დ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ქ.ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1990 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით ქ.ბათუმის მოქალაქეთა ერთ ჯგუფს, მათ შორის, აპელანტს, საბინაო პირობების გაუმჯობესების მიზნით, მრავალსართულიანი სახლის მშენებლობისათვის ქ.ბათუმში, გიორგი ბრწყინვალეს ქ.¹105-სა და ... ქ. ¹64-65-ში გამოეყო მიწის ნაკვეთი. 1990 წლის 18 დეკემბერს აპელანტსა და კოოპერატივ „კეთილმოწყობას“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად კოოპერატივს უნდა აეშენებინა საცხოვრებელი სახლი და დასრულების შემდეგ აპელანტისათვის გადაეცა სამოთახიანი ბინა. მხარეთა შორის დაიდო ნარდობის ხელშეკრულება, სადაც აპელანტი იყო შემკვეთი, ხოლო კოოპერატივი „კეთილმოწყობა“ _ მენარდე. ინდივიდუალური ბინათმშენებლობა „ზოდიაქისა“ და სპონსორთა ჯგუფის საერთო კრების ¹2 ოქმის, ტ. თ-ძის დაკითხვის ოქმისა და შპს „ესმას“ საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, კოოპერატივ „კეთილმოწყობის“ ლიკვიდაციის შემდეგ მენარდის ვალდებულებები იკისრა ჯერ ერთი პირის საწარმო „ზოდიაქმა“, ხოლო მისი რეორგანიზაციის შემდეგ _ შპს „ესმამ“. 2006 წელს შპს „ესმამ“, ძირითადად დაასრულა საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა, თუმცა 1990 წლის 18 დეკემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო არ შესრულებულა, საცხოვრებელი სახლი ბოლომდე არ აშენებულა და დადგენილი წესით ექსპლუატაციაში მიღებული არ არის. პალატამ აღნიშნა, რომ აპელანტმა სარჩელი აღძრა არა იურიდიული პირის _ შპს „ესმას“ წინააღმდეგ, არამედ ფიზიკურ პირ ტ. თ-ძის მიმართ და პირველი ინსტანციის სასამართლოში ტ.თ-ძის შპს „ესმათი“ შეცვლაზე უარი განაცხადა. პალატამ ასევე დაადგინა, რომ ტ. თ-ძე, როგორც ფიზიკური პირი, არ იმყოფებოდა სახელშეკრულებო ურთიერთობებში აპელანტთან და არავითარი ვალდებულება მის წინაშე არ უკისრია. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლით და მიუთითა, რომ ტ. თ-ძეს აპელანტის წინაშე ვალდებულებები კანონით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით არ წარმოშობია. პალატამ მიიჩნია, რომ, ვინაიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო ჯერ არ შესრულებულა, საცხოვრებელი სახლი სამართლებრივ რეგისტრაციაში გატარებული არ არის და იგი სამოქალაქო ბრუნვის ობიექტს არ წარმოადგენს, აპელანტის მოთხოვნა ბინის მისთვის გადაცემის შესახებ უსაფუძვლოა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება გ. დ-ძემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: კასატორს კუთვნილი ბინით სარგებლობაში ხელს უშლის ტ.თ-ძე, ამდენად, მოთხოვნა ხელშეშლის აღკვეთაზე წარგდენილ უნდა იქნეს არა შპს “ესმასა” და საწარმო “ზოდიაქოს” მიმართ, არამედ ტ. თ-ძის წინააღმდეგ. აღნიშნული მსჯელობა გამორიცხავს ტ.თ-ძის უფლებამონაცვლეობის საკითხს, ვინაიდან კასატორის მოთხოვნაა მფლობელობის ხელშეშლის აღკვეთა და არა ქონებაზე მესაკუთრედ ცნობა, მფლობელობის უფლება კი შესაძლოა ნებისმიერმა პირმა შეზღუდოს. ამდენად, სასამართლოს მიერ სამართალმემკვიდრეობის საკითხის დადგენა ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 244-ე მუხლს, ვინაიდან ამ საკითხს არსებული დავისათვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. აღსანიშნავია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გ.დ-ძის სარჩელი არ დააკმაყოფილა ხანდაზმულობის მოტივით, სააპელაციო სასამართლომ კი სააპელაციო საჩივარს უარი უთხრა სარჩელის არავალდებული პირის მიმართ აღძვრის მოტივით, რაც არასწორია, ვინაიდან კასატორი რაიმე ვალდებულების შესრულებას არ ითხოვდა და ვალდებული პირი არც სასამართლოს არ უნდა ერკვია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სარჩელი უნდა აღძრულიყო სათანადო მოპასუხე შპს “ესმას” მიმართ. პალატამ არ გაითვალისწინა, რომ, მართალია, გ. დ-ძემ უარი განაცხადა შპს “ესმას” სათანადო მოპასუხედ საქმეში ჩაბმაზე, საქალაქო სასამართლომ მაინც არსებითად იმსჯელა დავაზე და სარჩელი, ხანდაზმულობის გამო, არ დააკმაყოფილა. შესაბამისად, გ.დ-ძემ გადაწყვეტილება მხოლოდ ხანდაზმულობის კუთხით გაასაჩივრა. სააპელაციო პალატამ კი, ფაქტობრივად, საუარესოდ შეცვალა კასატორის მდგომარეობა.

საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი და იშუამდგომლეს მისი დამტკიცება შემდეგი პირობებით:

1. ტ. თ-ძე იღებს ვალდებულებას, საკუთრებაში გადასცეს გ. დ-ძეს ქ.ბათუმში, ს.... ქ.¹64-სა და გ.ბრწყინვალის 107-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსის მე-2 სადარბაზოს VI სართულის ¹38 ბინა 99,7 კვ.მ ფართით არსებული კარკასულ მდგომარეობაში;

2. გ. დ-ძემ ტ. თ-ძეს უნდა გადაუხადოს 27 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი თანხა _ აშშ დოლარი ან ლარი;

3. მხარეებმა ნაკისრი ვალდებულებები უნდა შეასრულონ არა უგვიანეს 2009 წლის 27 ნოემბრისა;

4. მორიგების პირობების შესაბამისად, მხარეები უარს ამბობენ ტ. თ-ძის მიმართ გ. დ-ძის სარჩელის საფუძველზე აღძრული დავის გაგრძელებაზე. მორიგების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მხარეებს უფლება აქვთ, დამრღვევი მხარის მიმართ გამოიყენონ კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს, თვლის, რომ მათი მოთხოვნა მორიგების დამტკიცების თაობაზე კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, ხოლო მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მოდავე მხარეთა მიერ გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში საქმის მორიგებით დამთავრების შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს.

მოდავე მხარეების მიერ შედგენილი მორიგების აქტი დაერთო საქმეს.

მხარეებს განემარტათ, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა მორიგების შედეგად მოცემულ დავაზე სამოქალაქო საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 272-ე, 273-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

დამტკიცდეს მორიგება ტ. თ-ძესა და გ. დ-ძეს შორის შემდეგი პირობებით:

1. ტ. თ-ძე იღებს ვალდებულებას, საკუთრებაში გადასცეს გ. დ-ძეს ქ.ბათუმში, ... ქ.¹64-სა და გ.ბრწყინვალის 107-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსის მე-2 სადარბაზოს VI სართულის ¹38 ბინა 99,7 კვ.მ ფართით არსებული კარკასულ მდგომარეობაში;

2. გ. დ-ძემ ტ. თ-ძეს უნდა გადაუხადოს 27 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი თანხა _ აშშ დოლარი ან ლარი;

3. მხარეებმა ნაკისრი ვალდებულებები უნდა შეასრულონ არა უგვიანეს 2009 წლის 27 ნოემბრისა;

4. მორიგების პირობების შესაბამისად, მხარეები უარს ამბობენ ტ. თ-ძის მიმართ გ. დ-ძის სარჩელის საფუძველზე აღძრული დავის გაგრძელებაზე. მორიგების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მხარეებს უფლება აქვთ, დამრღვევი მხარის მიმართ გამოიყენონ კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.

შეწყდეს საქმის წარმოება გ. დ-ძის სარჩელს გამო ტ. თ-ძის მიმართ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულებისა და ნივთის მფლობელობაში გადაცემის შესახებ.

განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოში დავა იმავე მხარეებს შორის, იმავე საფუძვლითა და იმავე საგანზე დაუშვებელია.

გაუქმდეს მოცემულ საქმეზე მიღებული ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებები.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.