Facebook Twitter

¹ას-319-639-09 16 ოქტომბერი, 2009 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

რ. ნადირიანი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ვ. რ-ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურა (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 18 თებერვლის განჩინება.

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2008 წლის 09 ოქტომბერს ბაღდათის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის წარმომადგენელმა, მოპასუხის ვ. რ-ძის წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხეზე სახელმწიფოს სასარგებლოდ მოპასუხის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების სახით თანხის დაკისრება – 11688 ლარის ოდენობით.

მოსარჩელემ მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოპასუხის მიერ სახელმწიფოსათვის აღნიშნული თანხით ზიანის მიყენების ფაქტი დადასტურებულია ბაღდათის რაიონული სასამართლოს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენით.

2008 წლის 06 ნოემბერს მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის მოტივით ბაღდათის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესასეხ.

დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე ვ. რ-ძემ საჩივარი წარადგინა ბაღდათის რაიონულ სასამართლოში. 2008 წლის 9 დეკემბრის განჩინებით აღნიშნული საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. რ-ძემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 18 თებერვლის განჩინებით ვ. რ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართოს მიერ დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის სარჩელი მოპასუხე მხარეს – ვ. რ-ძეს გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით და ჩაბარდა 2008 წლის 16 ოქტომბერს. გზავნილით სასამართლომ მოპასუხე მხარეს განუმარტა, რომ 10 დღის ვადაში უნდა წარმოედგინა სარჩელზე შესაგებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში მიღებული იქნებოდა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

დადგენილია, რომ სარჩელზე შესაგებელი ბაღდათის რაიონულ სასამართლოში არ შესულა.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ვ. რ-ძის მიერ შესაგებლის წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზად არ შეიძლებოდა მიჩნეულიყო მისი მითითება იმის თაობაზე, რომ იგი პატიმარი იყო და არ ჰქონდა შესაგებლის ფორმა რათა წარედგინა სასამართლოში, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში მოპასუხე მხარეს შეეძლო საქმის განხილვაში მონაწილეობა მიეღო სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით დანიშნული წარმომადგენლის მეშვეობით, ან თუნდაც ფორმის დაუცველად წარედგინა შესაგებელი სასამართლოში, რაც თავის მხრივ ხარვეზის საფუძველლი გახდებოდა და არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისა.

პალატამ ასევე არ გაიზიარა აპელანტის მითითება იმის თაობაზე, რომ მისთვის უცნობი იყო ის სამართლებრივი შედეგები, რაც შეიძლებოდა მოყოლოდა შესაგებლის წარუდგენლობას, ვინაიდან კანონის არ ცოდნა ან მისი არასათანადოდ გაგება არ შეიძლება იყოს კანონის გამოუყენებლობის ანდა ამ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველი.

პალატამ ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნია აპელანტის მითითბა მისი ავადმყოფობის თაობაზე, რადგან ამის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება მის მიერ სასამართლოში ვერ იქნა წარმოდგენილი.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. რ-ძემ.

კასატორის განცხადებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა მისი სოციალური მდგომარეობა, არც ის გარემოება, რომ ის იყო პატიმარი და საზოგადოებიდან იზოლირებული.

გარდა ამისა კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად არ გაითვალისწინა მისი ავადმყოფობის ფაქტი, ვინაიდან ქუთაისის ¹2 საპყრობილეში საერთოდ არ არსებობს სამედიცინო დაწესებულება საიდანაც ის შეძლებდა წერილობითი მტკიცებულების წარმოდგენას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა ბაღდათის რაიონულმა სასამართლომ 2008 წლის 6 ნოემბერს გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც ვ.რ-ძეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 11 688 ლარის გადახდა. დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოტანილია მოპასუხის მიერ შესაგებლის სასამართლოს მიერ მითითებულ ვადაში შეუტანლობის გამო. კასატორი აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმების ერთ-ერთ არგუმენტად უთითებს იმ გარემოებას, რომ მას სრულყოფილი გზავნილი არ ჩაბარებია. ჩაბარდა მხოლოდ სარჩელი და არ ჩაბარდა შესაგებლის ფორმა. აღნიშნულთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლოს მხარისათვის შესაგებლის ფორმის გადაგზავნის ვალდებულება არ გააჩნია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 184-ე და 201-ე მუხლების საფუძველზე სასამართლო ვალდებულია მხარეს გადაუგზავნოს სარჩელი და თანდართული დოკუმენტების ასლები, აგრეთვე დაუნიშნოს პასუხის (შესაგებლის) სასამართლოში წარდგენის ვადა. რაც შეეხება შესაგებლის ფორმას, იგი შეიძლება ჩვეულებრივ წერილობითი სახითაც მიეწოდოს სასამართლოს, სადაც აღნიშნული იქნება მხარის პოზიცია, დამოკიდებულება სარჩელის მიმართ. მოცემულ შემთხვევაში კი ასეთი სახის დოკუმენტი სასამართლოში წარდგენილი არ ყოფილა.

აღსანიშნავია, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება სასამართლოს მიერ მიღებულია არა მხარის სხდომაზე გამოუცხადებლობის, არამედ შესაგებლის სასამართლოში წარუდგენლობის გამო. ასეთ შემთხვევაში ავადმყოფობა საპატიო მიზეზად ჩაითვლებოდა იმ შემთხვევაში, თუ სწორედ ამ ფაქტის გამო ვერ მოხდებოდა შესაგებლის წარუდგენლობა. კასატორი კი ერთ შემთხვევაში მიზეზად ასახელებს შესაგებლის ფორმის სარჩელზე დაურთველობას, მეორე შემთხვევაში კი უთითებს ავადმყოფობის თაობაზე. ავადმყოფობის შემთხვევაში მხარე ვალდებულია წარმოადგინოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მტკიცებულება, რაც მხარეს არ წარმოუდგენია.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას დავა არსებითად არ განიხილება. არამედ კმაყოფილდება სარჩელი თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. მოცემულ შემთხვევაში სარჩელში მითითებული გარემოებანი არ გამორიცხავს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას ანუ იურიდიულად სარჩელში მითითებული გარემოებანი შესაბამისობაშია სასარჩელო მოთხოვნასთან. ამიტომ აღნიშნული საფუძვლით შეუძლებელია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ვ. რ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 18 თებერვლის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.