ას-321-674-07 9 ივლისი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატის მოსამართლე
თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ე. ხ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ... სამინისტრო (მოსარჩელე)
გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება
დავის საგანი – საცხოვრებელი ფართიდან დამოსახლება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ... სამინისტრომ სარჩელი აღძრა ქობულეთის რაიონულ სასამართლოში ე. ხ-ის მიმართ და მოითხოვა ე. ხ-ისა და მისი თანმხლები პირების გამოსახლება ქ.ქობულეთში, ... ქ. ¹102-ში მდებარე ... სახლზე დამაგრებული უკანონოდ განთავსებული შენობა-ნაგებობიდან. მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2005 წლის 19 ოქტომბერს გაცემული საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, ... ქ. ¹102-ში მდებარე ... სახლისა და მასზე დამაგრებული 50000 კვ.მ მიწის ფართის მესაკუთრეა სახელმწიფო. საქართველოს ... მინისტრის 2005 წლის 5 ოქტომბრის ბრძანებით ქ.ქობულეთში მდებარე ... სახლი შეტანილ იქნა საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ... მინისტრის 2005 წლის 19 ოქტომბრის ¹529 ბრძანებით, ქ.ქობულეთში, ... ქ. ¹102-ში (სოფელ ...ში) მდებარე ... სახლის დაუმთავრებელი მშენებლობისა და მასზე დამაგრებული მიწის ფართის პრივატიზება განისაზღვრა კონკურსის ფორმით. მოსარჩელემ ასევე, მიუთითა, რომ 2005 წლის 29 ოქტომბერს გამართულ კონკურსში გაიმარჯვა ი. მ-მა და, შესაბამისად, სამინისტროსა და მას შორის 2005 წლის 30 დეკემბერს გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, მაგრამ მყიდველისათვის ქონების გადაცემას ხელი შეუშალა ზემოაღნიშნულ მიწის ფართში უკანონოდ განთავსებულ შენობა-ნაგებობაში მცხოვრებმა ე.ხ-მა.
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ... სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა და ე. ხ-ი თანმხლებ პირებთან ერთად გამოსახლდა ქ. ქობულეთში, ... ქ. ¹102-ში მდებარე ... სახლზე დამაგრებულ მიწის ფართზე განთავსებული შენობა-ნაგებობიდან. მოსარჩელის მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. ხ-მა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებით ე. ხ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილება ე. ხ-ის თანმხლებ პირებთან ერთად გამოსახლების ნაწილში; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ... სამინისტროს სარჩელი ე. ხ-ის თანმხლებ პირებთან ერთად გამოსახლების ნაწილში დარჩა განუხილველად. ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილება ე. ხ-ის გამოსახლების ნაწილში დარჩა უცვლელად.
ზემოთ მითითებულ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ე. ხ-მა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 30 აპრილის განჩინებით ე. ხ-ს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში დავის საგნის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტისა და, შესაბამისად, ამ თანხის 5%-ის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჩარიცხვის ქვითრის წარმოდგენა.
2007 წლის 16 მაისის, 6 ივნისისა და 19 ივნისის განჩინებებით კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. მითითებული განჩინებებით მას განემარტა, რომ აღნიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ მიიღებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად და განუხილველი დარჩებოდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ე. ხ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ე. ხ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობა. ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში საკასაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს ამ მუხლის მოთხოვნებს, სასამართლო იღებს წარმოებაში საკასაციო საჩივარს ამ კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად.
დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 30 აპრილის განჩინებით ე. ხ-ს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში დავის საგნის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტისა და, შესაბამისად, ამ თანხის 5%-ის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჩარიცხვის ქვითრის წარმოდგენა (ს.ფ. 294-295). 2007 წლის 16 მაისის, 6 ივნისისა და 19 ივნისის განჩინებებით ე. ხ-ს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა, რომ წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (ს.ფ.305-306, ს.ფ.317-318, ს.ფ.326-327). განჩინებით მას განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად არ დაიშვებოდა და განუხილველი დარჩებოდა.
მოცემული განჩინებები საქმეში მითითებულ მისამართზე ე. ხ-სა და მის წარმომადგენელ ა. ბ-ს გაეგზავნა 2007 წლის 1 მაისს, 18 აპრილს, 8 ივნისსა და 21 ივნისს (ს.ფ. 296-297, ს.ფ.307-308, ს.ფ.319-320, ს.ფ.328-329); კასატორსა და მის წარმომადგენელს განჩინების ასლები ჩაჰბარდათ 2007 წლის 2 მაისსა და 4 მაისს, 25 მაისსა და 29 მაისს, 11 ივნისსა და 12 ივნისს, 22 ივნისსა და 26 ივნისს (ს.ფ.298-299, ს.ფ.312-313, ს.ფ.321-322, ს.ფ.330-331); კასატორს შეეძლო განჩინებაში მითითებული ხარვეზი გამოესწორებინა 2007 წლის 2 ივლისის ჩათვლით, მაგრამ, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, კასატორს საკასაციო პალატისათვის არ წარმოუდგენია სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას; თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ე. ხ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ე. ხ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველი;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.