¹ას-321-724-06 5 იანვარი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია
საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ. შ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ც. გ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 7 მარტის განჩინება
დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2004 წლის პირველ ნოემბერს ც. გ-მ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ნ. შ-ს მიმართ. სარჩელში აღნიშნა, რომ ქ. ბათუმში, .... ქ.¹9-ში მდებარე საცხოვრებელ სახლს ფლობს საკუთრების უფლებით. 2004 წლის 4 აგვისტოს მეზობლად მცხოვრებმა ნ. შ-მა თვითნებურად დაანგრია საცხოვრებელ სახლებს შორის ოდითგანვე არსებული გამყოფი კედელი, მიუხედავად უბნის რწმუნებულის გაფრთხილებისა, მოპასუხემ არ შეწყვიტა კედლის ნგრევა, შეიქმნა ღრმული, რაც გახდა საბაბი მისი სახლის პირველი სართულის გაქურდვისა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ც. გ-მ მოითხოვა კედლის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა მოპასუხის ხარჯებით.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ მოტივით, რომ მოსარჩელემ უკანონოდ გაფორმებული პრივატიზაციის ხელშეკრულებით დაისაკუთრა გამგეობის ბალანსიდან საბოლოო ლიკვიდაციამდე დროებით გადაცემული დამხმარე ფართი და დაიწყო კაპიტალური მშენებლობა. ამის გამო მათ შორის წამოიჭრა დავა, ამიტომ იძულებული გახდა ესარგებლა საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის ¹... ბრძანებით მინიჭებული უფლებით და მის საკუთრებაში არსებული ღობე-კედლის სიმაღლე დაეყვანა მოქმედი ბრძანებით გათვალისწინებულ 2,2 მეტრამდე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით ც. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, რომლითაც მოპასუხე ნ. შ-ს დაევალა საკუთარი ხარჯებით ქ.ბათუმში, ... ქ. ¹9-ში მდებარე ც. გ-ის დამხმარე სათავსის მის მიერ დანგრეული კედლის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა.
მოპასუხის განმარტება თითქოსდა კედელი დაანგრია იმის გამო, რომ აბნელებდა და ანესტიანებდა ბინას. სასამართლომ არ ჩათვალა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად, ვინაიდან საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 2001 წლის 18 სექტემბრის ¹... ბრძანებით, საზიარო კედლის დანგრევა შესაძლებელია მეზობლების ურთიერთშეთანხმებით მმართველობის ადგილობრივი ორგანოს გადაწყვეტილებისა და საპროექტო დოკუმენტების საფუძველზე, რაც მოპასუხეს არ წარმოუდგენია.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე ნ. შ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას ყურადღება არ გაამახვილა იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებსაც საქმისთვის არსებითი მნიშვნელობა გააჩნდათ, კერძოდ, 2004 წლის აგვისტოში მან სადავო კედელი კი არ დაანგრია, არამედ მხოლოდ დაადაბლა დაწესებული ნორმის ფარგლებში 2,2 მეტრამდე, რომელზეც მოსარჩელის მიერ უნებართვოდ იყო აშენებული ბარაკის ტიპის ნაგებობა. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელის დროებით სარგებლობაში არსებული სათავსი წარმოადგენს გეგმიურ სალიკვიდაციო ბარაკის ტიპის ნაგებობას, რომლის ლიკვიდაციაც დადგენილი იყო ქ. ბათუმის პრეფექტის კაბინეტის 1992 წლის 5 თებერვლის ¹... გადაწყვეტილებით.
ზემოხსენებულიდან გამომდინარე, ნ. შ-მა მიიჩნია, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა კანონით დადგენილი სამეზობლო ღობის დადგენილი სიმაღლე, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 7 მარტის განჩინებით ნ. შ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ სადავო კედელი 1989 წლიდან წარმოადგენდა ახლანდელი ….... და ზ.გ-ს კუთხის ცალკე მდგომი სახლის ღობეს, რომელზეც ... ქუჩის ¹9 სახლთმფლობელობის ეზოს მხრიდან მიშენებულია ბარაკის ტიპის ნაგებობა. ეს ნაგებობა, ქ. ბათუმის პრეფექტის კაბინეტის 1992 წლის 5 თებერვლის ¹... გადაწყვეტილებით, დროებით სარგებლობაში საბოლოო ლიკვიდაციამდე გადაეცა ც. გ-ის ოჯახს. მასვე 1992 წლის 10 ივნისის პრივატიზაციის ხელშეკრულებით, გადაეცა ქ. ბათუმში, ... ქ. ¹9-ში მდებარე ერთოთახიანი საცხოვრებელი ბინა ¹1, მათ შორის, 19მ.კვ დამხმარე ფართი. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დავის საგანია საზიარო კედელი, რომელიც მხარეთა მიწის ნაკვეთების საზღვარზეა აგებული და იმავდროულად წარმოადგენდა ც. გ-ის კუთვნილი შენობის ერთ კედელს.
სასამართლო განჩინების მიღებისას დაეყრდნო საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 2001 წლის 18 სექტემბრის ¹... ბრძანების მე-10 მუხლს, რომლის თანახმად შენობის რეკონსტრუქციის დროს საზიარო კედლის დანგრევა შესაძლებელია მხოლოდ მეზობლების ურთიერთშეთანხმებით, მმართველობის ადგილობრივი ორგანოს გადაწყვეტილებისა და საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე, თუ მეზობელი თვითნებურად ანგრევს საზიარო კედელს ან კედლის ნაწილს, რითაც მეორე მეზობელს მთლიანად ან ნაწილობრივ უზღუდავს მიშენების საშუალებას, ამ უკანასკნელს უფლება აქვს მოითხოვოს ზარალის ანაზღაურება.
სააპელაციო სასამართლომ განჩინების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლსა და 408-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი, იმ პირმა რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
სააპელაციო პალატამ შ-ის მიერ საზიარო კედლის დანგრევა თუნდაც სტანდარტის ზომამდე, გაუმართლებლად მიიჩნია, ვინაიდან ამ მოქმედებით, მხოლოდ ც. გ-ს მიადგა ზიანი, რის გამოც ჩათვალა, რომ მოპასუხე ვალდებულია აუნაზღაუროს ზიანი კედლის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენის გზით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე ნ. შ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმ მოტივით, რომ გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია, არასწორადაა შეფასებული ფაქტობრივი გარემოებები და ასევე არასწორადაა განმარტებული კანონი.
კასატორის განმარტებით, განჩინების გამოტანისას სასამართლომ არ გაიზიარა მის მიერ წარმოდგენილი მოსაზრება და შესაბამისი მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ სადავო კედელი წარმოადგენდა მის საკუთრებას და რომ კი არ დაუნგრევია, არამედ დაადაბლა, რაც გამოიწვია მოწინააღმდეგე მხარის მიერ უკანონოდ განხორციელებული მშენებლობამ. ასევე მიიჩნია, რომ დავის გადაწყვეტისას სასამართლომ არასწორად იხელმძღვანელა ნორმატიული აქტით და არასწორად მიუთითა კედლის დადაბლებით გოჩიტიძისათვის მიყენებულ ზარალზე, რადგანაც საქმეში ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობდა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კასატორმა მიიჩნია, რომ გადაწყვეტილება იურიდიული და ფაქტობრივი თვალსაზრისით დაუსაბუთებელია, რის გამოც მოითხოვა მისი გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ საკასაციო საჩივრის ფარგლებში შეისწავლა საქმის მასალები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კასატორის მიერ არ არის წარმოდგენილი დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც გამოიწვია ფაქტობრივი გარემოებების არასწორი შეფასება.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას, რომ სადავო კედელი წარმოადგენდა მის საკუთრებას, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია რომ, დავის საგანია საზიარო კედელი, რომელიც მხარეთა მიწის ნაკვეთების საზღვარზეა აგებული და იმავდროულად წარმოადგენდა ც. გ-ის კუთვნილი შენობის ერთ კედელს. კასატორი ვერ მიუთითებს საქმეში არსებულ რაიმე მტკიცებულებაზე, რაც გამორიცხავდა აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას და დაადასტურებდა კასატორის საკუთრების უფლებას სადავო კედელზე, შესაბამისად, დადგენილი გარემოება სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მიწის ნაკვეთი ერთმანეთისაგან გამიჯნულია ღობით ან საზღვრად გამოყენებული სხვა ნაგებობით, ივარაუდება, რომ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებს აქვთ თანაბარი უფლება ისარგებლონ ამ ნაგებობით, თუკი ნაგებობის გარეგნული მხარე პირდაპირ არ მიუთითებს, რომ იგი მხოლოდ ერთ-ერთი მეზობლის საკუთრებაა, ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ვიდრე ერთ-ერთი მეზობელი დაინტერესებულია ამ სასაზღვრო ნაგებობის არსებობით, დაუშვებელია მისი აღება ან შეცვლა მეზობლის თანხმობის გარეშე.
მითითებული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, რადგანაც საზღვრად გამოყენებული ნაგებობა ორივე მეზობლის ინტერესებს ემსახურება, მისი აღებაც და შეცვლაც ურთიერთშეთანხმებით უნდა მოხდეს. ერთ-ერთ მეზობელს, რომ დაეკარგა მის მიმართ ინტერესი, ეს არაა საკმარისი მისი აღება-შეცვლისათვის. განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ მოპასუხემ მეზობელთან შეთანხმების გარეშე, თვითნებურად დაანგრია საზიარო კედელი, რითაც ზიანი მიადგა ც. გ-ს, კერძოდ, დაზიანდა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია აუნაზღაუროს ზიანი კედლის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენის გზით. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ. შ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 7 მარტის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.