¹ას-322-642-09 16 აპრილი, 2009 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
მოსამართლე რ. ნადირიანი
საკასაციო სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მ. მ-შვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 21 იანვრის განჩინებაზე.
პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. ჯ-იას სარჩელი მოპასუხე მ. მ-შვილის მიმართ სესხის დაბრუნების თაობაზე დაკმაყოფილდა, მ. მ-შვილს ნ. ჯ-იას სასარგებლოდ დაეკისრა 6840 ლარის გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. მ-შვილმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 21 იანვრის განჩინებით მ. მ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. მ-შვილმა და მოითხოვა მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა არის ერთი თვე, ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება ორივე მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის, ამ კოდექსით 70-78-ე მუხლების შესაბამისად, გაგზავნის დრო.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ მ. მ-შვილს სააპელაციო სასამართლოს განჩინების ასლი გაეგზავნა და ჩაჰბარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, საქმის მასალებით დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი მ. მ-შვილს ჩაჰბარდა 2009 წლის 27 თებერვალს (ტ.II ს.ფ.30). კასატორმა კი საკასაციო საჩივარი შეიტანა 2009 წლის 31 მარტს, ე.ი. ერთთვიანი საპროცესო ვადის დარღვევით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრების ბოლო ვადა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების თანახმად, იყო 2009 წლის 27 მარტი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში საკასაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. თუ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს სასამართლოს გამოაქვს განჩინება საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ მ. მ-შვილის საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველად გასაჩივრების ვადის გაშვების გამო.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე, 397-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. მ-შვილის საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩეს;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება;