ას-322-675-07 11 ივლისი, 2007წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს .. ..
წარმომადგენელი _ ლ. მ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – ქალაქ ბათუმის ……
წარმომადგენელი _ რ. შ-ე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2004 წლის 5 თებერვალს შპს .. .. სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ბათუმის ... მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის 367930 ლარის დაკისრება ან მის სასარგებლოდ, თანხის სანაცვლოდ, საზოგადოებაში ქ. ბათუმის ... კუთვნილი წილის _ 20%-ის დათმობა შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელის განმარტებით, .. .. საწესდებო კაპიტალში ქ. ბათუმის ... წილი შეადგენს 20%-ს. 1996 წლის 2 ივლისიდან 1997 წლის პირველ იანვრამდე თანხების ამოღებას შპს .. .. ობიექტზე ახდენდა ქ. ბათუმის ... გამოტანითი ვაჭრობისა და მომსახურების ინსპექცია. ამ პერიოდისათვის შემოსავალი შეადგენდა 423410 ლარს, რომელიც თავის დროზე შეტანილ იქნა ... ანგარიშზე და .. .. დივიდენდის სახით არცერთი თეთრი არ მიუღია. ამასთანავე, ამ პერიოდში .. .. ნორმალური ფუნქციონირებისათვის ყველა სახის დანახარჯები, მათ შორის, საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო გადასახადები გადახდილი ჰქონდა .. .. . სასარჩელო განცხადების თანახმად, 1996 წლიდან 2002 წლამდე .. .. მოგების ოდენობისა და ... 20% წილის გათვალისწინებით ქალაქ ბათუმის ... დივიდენდის სახით ეკუთვნის 55480 ლარი და, ვინაიდან მას წაღებული აქვს 423410 ლარი, მოსარჩელემ მოითხოვა ზედმეტად წაღებული თანხის _367930 ლარის დაბრუნება ან ამის სანაცვლოდ საზოგადოებაში ქ. ბათუმის ... კუთვნილი წილის -20%-ის დათმობა მის სასარგებლოდ.
მოპასუხე ქალაქ ბათუმის ... სარჩელი არ ცნო იმ მოტივით, რომ მოთხოვნა ხანდაზმული იყო და ამასთანავე, არ გასაჩივრებულა ის სამართლებრივი აქტები, რომელთა საფუძველზეც მოხდა აღნიშნული თანხის ამოღება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილებით შპს .. .. სარჩელი დაკმაყოფილდა, ქალაქ ბათუმის ... დაევალა მოსარჩელისათვის 367930 ლარის გადახდა ან წინააღმდეგ შემთხვევაში მისი კუთვნილი წილის _ 20%-ის დათმობა მოსარჩელისათვის.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ ბათუმის ... , მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო.
აღნიშნული საქმე არაერთხელ იქნა განხილული ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ და ბოლოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით ქალაქ ბათუმის ... სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. შპს .. .. სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მასვე დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის _ 5000 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ქალაქ ბათუმის ... შპს .. .. მიმართ ვალდებულების შესრულების არც კანონისმიერი და არც სახელშეკრულებო საფუძვლები არ გააჩნდა. სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლი და მიიჩნია, რომ მოსარჩელემ თავისი აღიარებით დაადასტურა, რომ არ ჰქონდა მოთხოვნის უფლება.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ არასათანადო მოსარჩელის შეცვლა სათანადო მოსარჩელით სასამართლოს უფლებაა და არა მოვალეობა და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, უარი უთხრა არასათანადო მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს .. .. წარმომადგენელმა ლ. მ-მ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება სააპელაციო სასამართლოსათვის შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლის შინაარსი, რაც საფუძვლად დაედო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს არც კი შეუთავაზებია სათანადო მოსარჩელისათვის საქმეში ჩაბმა, რის გამოც მიაჩნია, რომ აღნიშნული მიზეზით საქმის შეწყვეტის საფუძველი არ არსებობს. გარდა ამისა, სასამართლომ უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა შპს .. .. შუამდგომლობა, რომ შეცვლილიყო სათანადო მოსარჩელით.
აღნიშნულის გამო, ლ. მ-მ მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის დადასტურება, (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. ამავე კოდექსის 132-ე მუხლის თანახმად, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების არსებობა ან არარსებობის აღიარება მხარეს შეუძლია როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების ან ამ საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვის დროს. თუ აღიარება წარმოდგენილია წერილობითი ფორმით, იგი დაერთვის საქმეს. ზეპირი აღიარება აღინიშნება სასამართლო სხდომის ოქმში.
ფაქტის აღიარება არის მხარეთა ახსნა-განმარტების ერთ-ერთი სახესხვაობა – მტკიცებულება, რომლითაც ხდება ისეთი ფაქტის დადასტურება, რომელზეც მოწინააღმდეგე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნას ან შესაგებელს ანუ ერთი მხარე ახსნა-განმარტების დროს აღიარებს ისეთ ფაქტობრივ გარემოებას, რომელიც უნდა დაედასტურებინა მის მოწინააღმდეგე მხარეს. ამდენად, აღნიშნული ნორმა გამოიყენება ფაქტობრივი გარემოებების დადგენისას და არა სასარჩელო მოთხოვნის უფლების არსებობა ან არარსებობის დადგენისას. როდესაც მხარე აცხადებს, რომ მას არა აქვს მოთხოვნის უფლება, აღნიშნული სარჩელზე უარის თქმის ტოლფასია და, შესაბამისად, საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარემ მოითხოვა მისი შეცვლა სათანადო მოსარჩელით. სათანადო მოსარჩელეებად მიუთითა საწარმოს პარტნიორები. მოწინააღმდეგე მხარე არ დაეთანხმა შუამდგომლობას და განაცხადა, რომ თუ დადგინდება, რომ თანხა გადასახდელი აქვს, ამ თანხას გადაუხდის საწარმოს და საწარმომ გაანაწილოს პარტნიორებს შორის. სხდომის ოქმით ირკვევა, რომ სასამართლო გავიდა სათათბირო ოთახში, დაბრუნდა და გამოაცხადა განჩინების დადგენილებითი ნაწილი (ს.ფ. 188-189). აღნიშნული განჩინება საქმეში არ მოიპოვება. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შინაარსიდან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ სასამართლომ მოსარჩელეს უარი უთხრა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ თუ სასამართლო დაადგენდა, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის მიერ, რომელსაც მოთხოვნის უფლება აქვს, საქმის შეუწყვეტლად უნდა შეეცვალა თავდაპირველი მოსარჩელე სათანადო მოსარჩელით. იმ შემთხვევაში, თუ სათანადო მოსარჩელე არ იქნებოდა თანახმა, შეეცვალა არასათანადო მოსარჩელე, სასამართლოს საქმის წარმოება უნდა შეეწყვიტა იმ მოტივით, რომ არასათანადო მხარემ უარი თქვა მის მიერ აღძრულ სარჩელზე (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლის პირველი _მეორე ნაწილები). სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობის გამო შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არასათანადო მოსარჩელე არ იქნებოდა თანახმა, რომ შეცვლილიყო სათანადო მოსარჩელით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლის მესამე _ მეოთხე ნაწილები). მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე თანახმა იყო, შეცვლილიყო სათანადო მოსარჩელით, შესაბამისად, სასამართლოს უსაფუძვლობის მოტივით არ უნდა ეთქვა უარი სარჩელი დაკმაყოფილებაზე.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელემ აღიარა თავის არასათანადოობა, ხოლო სასამართლოს უფლებაა და არა მოვალეობა, შეცვალოს იგი სათანადო მოსარჩელით. საკასაციო სასამართლო აღნიშნულ მოსაზრებას არ იზიარებს, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული უფლება არ არის აბსოლუტური. სასამართლომ აღნიშნული საკითხი უნდა გადაწყვიტოს საქმის გარემოებებიდან და პროცესის ეკონომიის პრინციპიდან გამომდინარე. ასევე, სასამართლოს შეუძლია არ შეცვალოს თავდაპირველი მოსარჩელე სათანადო მოსარჩელით, თუ არ დგინდება სათანადო მოსარჩელის ვინაობა. თუ დგინდება სათანადო მოსარჩელის ვინაობა, სასამართლომ იგი უნდა შეცვალოს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ პირველ რიგში მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების საფუძველზე უნდა გაარკვიოს აქვს თუ არა მოსარჩელეს მოთხოვნის უფლება. თუ დადგინდება, რომ არა აქვს მოთხოვნის უფლება, მაშინ უნდა მოიწვიოს პარტნიორები და, მათი თანხმობის შემთხვევაში, შეცვალოს თავდაპირველი მოსარჩელე სათანადო მოსარჩელით, წინააღმდეგ შემთხვევაში კი _ შეწყვიტოს საქმის წარმოება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცსო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს .. .. საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
გაუქმდეს ამ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება და განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.