¹ას-323-643-09 9 ნოემბერი, 2009 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილისაქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ შპს „თბილმეტრომშენი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს „მშენმექანიზაცია-2000“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ ნივთის პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა და უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „მშენმექანიზაცია-2000-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „თბილმეტრომშენის“ მიმართ კოშკურა ამწის აღდგენის, დემონტაჟისა და ტრანსპორტირების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: საქართველოს რესპუბლიკის საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტის „მექანიზაციის მობილური სამმართველოს“ ბაზაზე 1994 წლის 26 დეკემბერს დაფუძნდა სს „მშენმექანიზაცია“, რომლის სამართალმემკვიდრეები 1999 წლის 22 დეკემბრიდან არიან შპს „მშენმექანიზაცია-2000“ და შპს „მამულო“. გაყოფის შედეგად მათ ბალანსზე რიცხულ ქონებაში შედის 1988 წელს გამოშვებული კოშკურა ამწე კბ-100, 3-Iა, საქარხნო ¹4001. აღნიშნული ამწე რეგისტრირებულია 1990 წლის 21 ნოემბერს ამწე მექანიზმების, საქვაბე დანადგარებისა და თბოელექტროსადგურების ზედამხედველობის სამმართველოში ნომრით 26331. მხარეთა შეთანხმებით, კოშკურა ამწე დამონტაჟდა და ამჟამადაც განლაგებულია თბილისის ზღვის დასახლებაში „თბილმეტრომშენის“ მშენებარე საცხოვრებელ სახლზე. „თბილმეტრომშენი“ წლების განმავლობაში იხდიდა ამწის მიერ შესრულებული მანქანა-საათების ღირებულებას, რაც შეწყვეტილ იქნა მშენებლობის დაუფინანსებლობის გამო. მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა მოპასუხეს თანხის გადახდის ან ამწის სხვა ობიექტზე გადატანის მოთხოვნით, რაზედაც თანხმობა ვერ მიიღო. ამწის გაძარცვისაგან დასაცავად მოპასუხემ მოხსნა მას მთელი ელექტრომოწყობილობა და შეინახა საწყობში.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელისათვის თანხა არასდროს არ გადაუხდია, კოშკურა ამწე მართლაც იმყოფება მის ტერიტორიაზე, თუმცა მისი დემონტაჟისათვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. ამწის აღდგენის, დემონტაჟისა და ტრანსპორტირების თაობაზე მოსარჩელემ მხოლოდ 2003 წელს მიმართა, რისი ვალდებულებაც მხარეს არ ეკისრებოდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით შპს “მშენმექანიზაცია 2000-ის” სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება მოპასუხის ხარჯით კოშკურა ამწის დემონტაჟისა და ტრანსპორტირების შესახებ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმდა და ამ ნაწილში სარჩელი დაკმაყოფილდა, დანარჩენ ნაწილში კი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი: 1992 წლის აპრილში თბილგვირაბმშენსა და მექანიზაციის მობილურ სამმართველოს შორის სამშენებლო მექანიზმებზე გაფორმდა ქვეიჯარის ხელშეკრულება, რომლის თანახმად სამმართველომ ვალდებულება იკისრა, თბილგვირაბმშენისათვის მიეწოდებინა სამშენებლო მექანიზმი კბ 100-3 1992 წლის 1 აპრილიდან 1992 წლის 31 დეკემბრამდე და შეესრულებინა ამწე სამუშაოები სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების გრაფიკით გათვალისწინებულ ვადებში დადგენილი სამშენებლო ნორმებისა და წესების შესაბამისად. სანაცვლოდ, თბილგვირაბმშენს უნდა უზრუნველეყო ცვლაში არანაკლებ 8 საათის განმავლობაში სამშენებლო მექანიზმის შეუფერხებელი მუშაობა და დადგენილ ვადებში გადაეხადა შესრულებული სამუშაოს ღირებულება. კოშკურა ამწის გამოყენება ხდებოდა თბილისის ზღვის დასახლებაში საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის და დღემდე ამწე დამონტაჟებულია აღნიშნულ მისამართზე. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო მართვის სამინისტროს კოლეგიის 1994 წლის 26 დეკემბრის დადგენილებით დაფუძნდა სს „მშენმექანიზაცია“. თბილისის გლდანის რაიონის სასამართლოს 1995 წლის 19 ოქტომბრის დადგენილებით განხორციელდა სს „მშენმექანიზაციის“ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში. 1999 წლის 23 დეკემბერს სს „მშენმექანიზაცია“ დაიყო ორ საწარმოდ: შპს „მშენმექანიზაცია 2000-ად“ და შპს „მამულოდ“. ქონების გაყოფის შედეგად, შპს „მშენმექანიზაცია 2000-ს“ გადაეცა კოშკურა ამწე კბ 100.3, რომელიც ირიცხება მის საწესდებო კაპიტალში. თბილგვირაბმშენის სსმს-ს უფლებამონაცვლეს წარმოადგენს შპს „თბილმეტრომშენი“. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო სამართლის კოდექსის 154-ე, მე-4 მუხლებით და მიუთითა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ქვეიჯარის ხელშეკრულების თანახმად, გარიგება გაფორმდა საერთო დებულების საფუძველზე. პალატამ აღნიშნა, რომ მექანიზაციის სპეციალიზებულ ტრესტებსა (სამმართველოებს) და სამშენებლო-სამონტაჟო ორგანიზაციებს შორის ურთიერთობებს აწესრიგებდა სსრკ-ის სამშენებლო საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის მიერ 1964 წლის 31 მარტს დამტკიცებული დებულება მექანიზაციის სპეციალიზებულ ტრესტებსა (სამმართველოებს) და სამშენებლო-სამონტაჟო ორგანიზაციებს შორის ურთიერთობისა და ანგარიშების შესახებ. აღნიშნული დებულების პირველი ნაწილის მეორე პუნქტში აღნიშნულია, რომ ზემდგომი ორგანოების მიერ შედგენილი მექანიზაციის ტრესტები (სამმართველოების) გეგმის შესაბამისად, მექანიზაციის საშუალებების გამოყენებით ასრულებენ სამშენებლო, სამონტაჟო ჩატვირთვის, გადმოტვირთვისა და სხვა დამხმარე სამუშაოებს, აგრეთვე, იჯარით წარუდგენენ სამშენებლო და სამონტაჟო ორგანიზაციებს მექანიზმებს, მექანიზირებულ ინტსრუმენტს და ცალკეულ შემთხვევებში სამშენებლო მანქანებს. მესამე პუნქტის შესაბამისად, ტრესტების (სამმართველოების) მიერ ამ დებულების მეორე პუნქტით გათვალისწინებული წესით მექანიზაციის სამუშაოს შესრულება წარმოებს ხელშეკრულებებით, რომლებიც ფორმდება მოქმედი კანონმდებლობით. აღნიშნული დებულების მეოთხე ნაწილით რეგულირდება მექანიზაციის ტრესტების მიერ სამშენებლო და სამონტაჟო ორგანიზაციებისათვის იჯარის პირობებში მანქანებისა და მექანიზებული ინსტრუმენტების გადაცემის საკითხი. 28-ე პუნქტით გათვალისწინებულია სამშენებლო და სამონტაჟო ორგანიზაციების ვალდებულებები, რომლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამშენებლო და სამონტაჟო ორგანიზაციები ვალდებული არიან, მექანიზაციის ტრესტს (სამმართველოს) დროულად (იჯარის ვადის ამოწურვის შემდეგ) საკუთარი ძალებითა და ხარჯებით მიაწოდონ მექანიზმი, მანქანა და მექანიზირებული ინსტრუმენტი და ჩააბარონ აქტით. პალატამ აღნიშნა, რომ მოდავე მხარეები წარმოადგენენ გარიგების ხელშემკვრელი მხარეების უფლებამონაცვლეებს და მათზე ვრცელდება ყველა ის უფლება-მოვალეობები, რაც ზემოაღნიშნული დებულებით მხარეთა შორის იყო განსაზღვრული, კერძოდ, ხელშეკრულების მხარე, თბილგვირაბმშენი ვალდებული იყო, საკუთარი სახსრებით უზრუნველეყო კოშკურა ამწის ჩაბარება მექანიზაციის მობილური სამმართველოსათვის. შესაბამისად, შპს „თბილმეტრომშენმა“ საკუთარი ხარჯებით უნდა მოახდინოს კოშკურა ამწის დემონტაჟი, ტრანსპორტირება და ჩააბაროს ის მოსარჩელეს. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა კოშკურა ამწის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის შესახებ მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო სამართლის კოდექსის 288-ე, 75-ე მუხლებით, ამავე კოდექსის მე-80 მუხლით და დაადგინა, რომ ქვეიჯარის ხელშეკრულება სამშენებლო მექანიზმების მუშაობაზე გაფორმდა განსაზღვრული ვადით – 1992 წლის 1 აპრილიდან 1992 წლის 31 დეკემბრამდე. მოსარჩელის ახსნა-განმარტებით პალატამ ასევე დაადგინა, რომ საიჯარო ხელშეკრულება შეწყდა 1992 წელს და მის შემდგომ აღარ გაგრძელებულა, რასაც მოპასუხის წარმომადგენელიც ადასტურებს, ამდენად, აპელანტის განმარტება, რომ ხელშეკრულება გრძელდებოდა ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგაც არ უნდა იქნეს გაზიარებული. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები, რომლებზედაც აპელანტი თავის მოთხოვნას ამყარებს, არ ადასტურებენ ხელშეკრულების განუსაზღვრელი ვადით გაგრძელებას. პალატამ ჩათვალა, რომ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 271-ე მუხლის მეორე აბზაცისა და ამავე კოდექსის 274-ე მუხლის მოქმედება სახელმწიფო, კოოპერაციულ და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის დადებულ, ასევე საყოფაცხოვრებო ქირანვობის ხელშეკრულებებზე არ ვრცელდებოდა, არამედ ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდგომ მხარეთა შორის უნდა გაფორმებულიყო ახალი ხელშეკრულება, რაც საქმის მასალებით არ დადასტურებულა. ამდენად, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულება შეწყდა 1992 წლის 31 დეკემბერს და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის შესახებ მოთხოვნაზე ხანდაზმულობასთან დაკავშირებით სამოქალაქო კოდექსის 573-ე, 129-ე მუხლების დანაწესები არ უნდა გავრცელდეს. პალატის მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე, ზემოაღნიშნული დებულების შესაბამისად, ვალდებული იყო, იჯარის ვადის ამოწურვის შემდგომ დროულად მიეწოდებინა ამწე მოსარჩელისათვის (რაც მას არ განუხორციელებია და არც მოსარჩელეს მოუთხოვია მისი დაბრუნება 2006 წლამდე) სამოქალაქო სამართლის კოდექსის 75-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო მას შემდეგ, რაც მოსარჩელემ შეიტყო, რომ მან ვერ უზრუნველყო კოშკურა ამწის დაცვა-შენახვა და ამწე გაიძარცვა. სასამართლომ დაადგინა, რომ ამწე გაიძარცვა 1993-94 წლებში და აღნიშნული მოსარჩელისათვის ცნობილი იყო, ვინაიდან ის სისტემატურად ნახულობდა ამწეს. სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი შეტანილია 2006 წლის 12 დეკემბერს, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის ამოწურვის შემდეგ, რაც, სამოქალაქო სამართლის კოდექსის 84-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში შპს “თბილმეტრომშენმა” გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა აპელანტის მითითებაზე, რომ ქირავნობის ხელშეკრულება მოიცავდა კონკრეტულ პერიოდს, კერძოდ, კოშკურა ამწე „თბილგვირაბმშენს“ ქირავნობით გადაცემული ჰქონდა 1992 წლის 1 აპრილიდან 1992 წლის 31 დეკემბრამდე. აღნიშნულის მიუხედავად, პალატამ მიიჩნია, რომ მხარეებს უნდა ეხელმძღვანელათ არა იმ დროს მოქმედი საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსით, არამედ სსრკ-ის საამშენებლო საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის მიერ 1964 წლის 31 მარტს დამტკიცებული დებულებით და მოპასუხეს სასამართლოს გადაწყვეტილებით დაავალა კოშკურა-ამწის დემონტაჟი და ტრანსპორტირება, რაც კანონის არასწორად განმარტების შედეგია. საქმის მასალებით უდავოდაა დადგენილი, რომ 1993 წლიდან ქვემოქირავნეს კოშკურა ამწე აღარ ესაჭიროებოდა მშენებლობისათვის და აღარ იყენებდა მას. აპელანტისათვის ასევე ცნობილი იყო, რომ 1993-1994 წლებში კოშკურა ამწე დაზიანდა და გაიძარცვა, რაც მხარემ დაადასტურა პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლო სხდომებზე. ამდენად, უსაფუძვლოა მოსაზრება, რომ ქირავნობის ან თუნდაც იჯარის ხელშეკრულების პირობების დარღვევის შესახებ მისთვის 2006 წლამდე ცნობილი არ იყო. შპს “მშენმექანიზაცია 2000“ და მისი წინამორბედი ორგანიზაცია ვალდებული იყვნენ, სათანადო სარჩელით კანონით დადგენილ ვადებში მოეთხოვათ კოშკურა ამწის ქირავნობის ან საიჯარო ხელშეკრულების შეწყვეტა და ზარალის ანაზღაურება, რაც მათ არ განუხორციელებიათ. მოდავე მხარეებს შორის 1993 წლიდან ხელშეკრულების შეწყვეტის ფაქტი იმითაც დასტურდება, რომ მოიჯარე კოშკურა ამწის სარგებლობისათვის მეიჯარეს 1993 წლიდან ქირას აღარ უხდიდა. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს შპს „მშენმექანიზაცია 2000-ის“ მოთხოვნა ხანდაზმულად უნდა ეცნო, როგორც კოშკურა-ამწის აღდგენის, ასევე, მისი დემონტაჟისა და ტრანსპორტირების ნაწილშიც. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მოიპოვა სსიპ საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის ამწე მექანიზმების, საქვაბე დანადგარებისა და თბოელექტროსადგურების ზედამხედველობის სამმართველოს მიერ გაცემული ცნობა, რომლის მიხედვით თბილისის ზღვის დასახლების ტერიტორიაზე ამჟამად დგას კოშკურა ამწე კბ 100.3 საქარხნო ¹3308, რეგისტრაციის ¹25268, რომელიც ეკუთვნის მექანიზაციის მობილური სამმართველოს “საავტომობილო ტრანსპორტისა და გზების საამქროს”. შპს „მშენმექანიზაცია 2000“ კი თავის სასარჩელო განცხადებაში ითხოვდა 1988 წელს დამზადებულ კბ 100, 3-1ა კოშკურა-ამწეს საქარხნო ¹4001, რეგისტრაციის ¹26331, რომელიც მდებარეობს თბილისის ზღვის დასახლებაში, რეალურად ასეთი ნომრის კოშკურა-ამწე თბილისის ზღვის დასახლებაში არ დგას. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა თბილისის ზღვის დასახლებაში მდებარე კოშკურა-ამწის აღდგენის, დემონტაჟისა და ტრანსპორტირების შესახებ ყოველგვარ იურიდიულ საფუძველსაა მოკლებული, რამდენადაც მითითებული ამწე მოსარჩელის საკუთრება არ არის და სულ სხვა ორგანიზაციას ეკუთვნის.
საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შპს “მშენმექანიზაცია 2000-მა” წარმოადგინა 2009 წლის 15 სექტემბრის ¹ა-1919-09 განცხადება, რომელსაც დაურთო წერილობითი მტკიცებულებანი 9 ფურცლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “თბილმეტრომშენის” საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტების თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული საფუძვლები მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა და კასატორს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 1992 წლის აპრილში თბილგვირაბმშენსა და მექანიზაციის მობილურ სამმართველოს შორის სამშენებლო მექანიზმებზე გაფორმდა ქვეიჯარის ხელშეკრულება, რომლის თანახმად სამმართველომ ვალდებულება იკისრა, თბილგვირაბმშენისათვის მიეწოდებინა სამშენებლო მექანიზმი კბ 100-3 1992 წლის 1 აპრილიდან 1992 წლის 31 დეკემბრამდე და შეესრულებინა ამწე სამუშაოები სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების გრაფიკით გათვალისწინებულ ვადებში, დადგენილი სამშენებლო ნორმებისა და წესების შესაბამისად. სანაცვლოდ, თბილგვირაბმშენს უნდა უზრუნველეყო ცვლაში არანაკლებ 8 საათის განმავლობაში სამშენებლო მექანიზმის შეუფერხებელი მუშაობა და დადგენილ ვადებში გადაეხადა შესრულებული სამუშაოს ღირებულება. კოშკურა ამწის გამოყენება ხდებოდა თბილისის ზღვის დასახლებაში საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის და დღემდე ამწე დამონტაჟებულია აღნიშნულ მისამართზე. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო მართვის სამინისტროს კოლეგიის 1994 წლის 26 დეკემბრის დადგენილებით დაფუძნდა სს „მშენმექანიზაცია“. თბილისის გლდანის რაიონის სასამართლოს 1995 წლის 19 ოქტომბრის დადგენილებით განხორციელდა სს „მშენმექანიზაციის“ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში. 1999 წლის 23 დეკემბერს სს „მშენმექანიზაცია“ დაიყო ორ საწარმოდ: შპს „მშენმექანიზაცია 2000-ად“ და შპს „მამულოდ“. ქონების გაყოფის შედეგად, შპს „მშენმექანიზაცია 2000-ს“ გადაეცა კოშკურა ამწე კბ 100.3, რომელიც ირიცხება მის საწესდებო კაპიტალში. თბილგვირაბმშენის სსმს-ს უფლებამონაცვლეს წარმოადგენს შპს „თბილმეტრომშენი“.
მხარეთა შორის დავის წარმოშობის მომენტისათვის მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქცია) 154-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით ან ამ კოდექსის მე-4 მუხლში აღნიშნული სხვა საფუძვლით. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მეორე აბზაცის მიხედვით კი სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები წარმოიშობა გარიგებებისაგან, რომლებიც თუმცა არაა გათვალისწინებული კანონით, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას; ადმინისტრაციული აქტებისაგან, მათ შორის _ სახელმწიფო, კოოპერაციული და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის _ დაგეგმვის აქტებისაგან. დასახელებული ნორმები ცხადყოფს, რომ მხარეებს შორის უფლება-მოვალეობების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველი შეიძლება იყოს გარიგება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ სავსებით სწორად გაამახვილა ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ სადავო ქვეიჯარის ხელშეკრულების დადების საფუძვლად მხარეებმა გარიგებაში მიუთითეს საერთო დებულებაზე, ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დავის გადაწყვეტისას მართებულად იხელმძღვანელა სსრკ-ის სამშენებლო საქმეთა სახ. კომიტეტის მიერ 1964 წლის 31 მარტს დამტკიცებული დებულებით მექანიზაციის სპეციალიზებულ ტრესტებსა (სამმართველოებს) და სამშენებლო-სამონტაჟო ორგანიზაციებს შორის ურთიერთობისა და ანგარიშგების შესახებ. აღნიშნული დებულების პირველი ნაწილის მეორე პუნქტის მიხედვით, მექანიზაციის ტრესტები (სამმართველოები) გეგმის შესაბამისად, რომლებსაც ადგენს ზემდგომი ორგანოები მექანიზაციის საშუალებების გამოყენებით ასრულებენ სამშენებლო და სამონტაჟო სამუშაოებს, ჩატვირთვის, გადმოტვირთვისა და სხვა დამხმარე სამუშაოებს, აგრეთვე, წარუდგენენ სამშენებლო და სამონტაჟო ორგანიზაციებს მექანიზმებს, მექანიზირებულ ინტსრუმენტს და ცალკეულ შემთხვევებში სამშენებლო მანქანებს იჯარით. მესამე პუნქტის შესაბამისად, ტრესტების (სამმართველოების) მიერ ამ დებულების მეორე პუნქტით გათვალისწინებული წესით მექანიზაციის სამუშაოს შესრულება წარმოებს ხელშეკრულებებით, რომლებიც ფორმდება მოქმედი კანონმდებლობით. ამავე დებულების მეოთხე ნაწილით განსაზღვრულია მხარეთა ურთიერთობა მექანიზაციის ტრესტების მიერ მანქანებისა და მექანიზებული ინტსრუმენტების გადაცემისას სამშენებლო და სამონტაჟო ორგანიზაციებისათვის იჯარის პირობებში, ხოლო 28-ე პუნქტით გათვალისწინებულია სამშენებლო და სამონტაჟო ორგანიზაციების ვალდებულებები, რომლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამშენებლო და სამონტაჟო ორგანიზაციები ვალდებული არიან, მექანიზაციის ტრესტს (სამმართველოს) დროულად (იჯარის ვადის ამოწურვის შემდეგ) საკუთარი ძალებითა და ხარჯებით მიაწოდონ მექანიზმი, მანქანა და მექანიზირებული ინსტრუმენტი და ჩააბარონ აქტით.
მითითებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ზემოხსენებული დებულება არეგულირებს ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობებს მექანიზაციის ტრესტებსა (სამმართველოებს) და სამშენებლო ორგანიზაციებს შორის, რა დროსაც იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში, სათანადო სამუშაოების შესრულების მიზნით, მექანიზაციის ტრესტები (სამმართველოები) სამშენებლო-სამონტაჟო ორგანიზაციებს გადასცემენ მექანიზმებს, მექანიზირებულ ინტსრუმენტებსა და სამშენებლო მანქანებს. ამასთან, დებულება ითვალისწინებს სამშენებლო ორგანიზაციათა ვალდებულებას, იჯარის ვადის გასვლის შემდეგ საკუთარი ხარჯით მოახდინონ იჯარის საგნის დემონტაჟი და მეიჯარისათვის დაბრუნება.
განსახილველ შემთხვევაში სადავო ქვეიჯარის ხელშეკრულება გაფორმდა რა თბილგვირაბმშენსა და მექანიზაციის მობილურ სამმართველოს შორის, აღნიშნული გარიგებით წარმოშობილი უფლება-მოვალეობანი იმავე მოცულობით ვრცელდება მითითებულ ორგანიზაციათა უფლებამონაცვლეებზე _ შპს „თბილმეტრომშენსა“ და შპს „მშენმექანიზაცია 2000-ზე“.
ამდენად, სრულიად დასაბუთებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ სადავო იჯარის საგნის _ კოშკურა ამწის დემონტაჟისა და ტრანსპორტირების ვალდებულება შპს „თბილმეტრომშენს“ უნდა დაეკისროს. შესაბამისად, ამ ნაწილში სააპელაციო პალატამ შპს “მშენმექანიზაცია 2000-ის” სასარჩელო მოთხოვნა სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებულად სწორად ჩათვალა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას, რომ მხარეთა შორის არსებობდა არა იჯარის, არამედ ქვექირავნობის ხელშეკრულება, რომელთან დაკავშირებული დავაც უნდა გადაწყვეტილიყო მხოლოდ სამოქალაქო სამართლის კოდექსის ნორმათა საფუძველზე, ზემოთ მითითებული დებულების მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად, ვინაიდან მითითებული მოსაზრება ეწინააღმდეგება მხარეთა შორის დადებული გარიგების შინაარსს.
ასევე უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება კოშკურა ამწის დემონტაჟისა და ტრანსპორტირების ნაწილში მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე, ვინაიდან მოპასუხეს არასდროს გაუხდია სადავოდ მოსარჩელის საკუთრება სადავო ნივთზე, ხოლო მესაკუთრეს უფლება აქვს, მისი მიხედულების შესაბამისად ნებისმიერ დროს მოითხოვოს ნივთის გამოთხოვა. ნივთის გამოთხოვის უფლება დაკავშირებულია მის დემონტაჟთან და ორივე მოთხოვნასთან დაკავშირებული ხანდაზმულობის ვადები ერთნაირად უნდა იყოს გამოთვლილი. შესაბამისად, ნივთის მესაკუთრე უფლებამოსილია, მოითხოვოს ნივთის სხვისი უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა, ხოლო არაუფლებამოსილი მფლობელი ვალდებულია, თავისი ხარჯებით დააბრუნოს ნივთი.
რაც შეეხება კასატორის არგუმენტს ახალი მტკიცებულების წარდგენის თაობაზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. აღნიშნული ნორმის სამართლებრივი ანალიზი ცხადჰყოფს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის განხილვისას შემოიფარგლება მხოლოდ იმ ფაქტებისა და მტკიცებულებების შეფასებით, რომელზეც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებს აქვთ ნამსჯელი. განსახილველ შემთხვევაში კასატორი უთითებს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მოიპოვა სსიპ საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის ამწე მექანიზმების, საქვაბე დანადგარებისა და თბოელექტროსადგურების ზედამხედველობის სამმართველოს მიერ გაცემული ცნობა, რომლის მიხედვით თბილისის ზღვის დასახლების ტერიტორიაზე ამჟამად დგას კოშკურა ამწე კბ 100.3 საქარხნო ¹3308, რეგისტრაციის ¹25268, რომელიც ეკუთვნის მექანიზაციის მორბილური სამმართველოს “საავტომობილო ტრანსპორტისა და გზების საამქროს”. შპს „მშენმექანიზაცია 2000“ კი თავის სასარჩელო განცხადებაში ითხოვდა 1988 წელს დამზადებულ კბ 100, 3-1ა კოშკურა-ამწეს საქარხნო ¹4001, რეგისტრაციის ¹26331, რომელიც მდებარეობს თბილისის ზღვის დასახლებაში. აღნიშნული კი ადასტურებს, რომ რეალურად ასეთი ნომრის კოშკურა-ამწე თბილისის ზღვის დასახლებაში არ დგას. ამდენად, შპს “თბილმეტრომშენის” მიერ წარმოდგენილ ახალ მტკიცებულებასა და მასთან დაკავშირებულ მხარის მოსაზრებაზე საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს, ვინაიდან ზემოხსენებული გარემოება სააპელაციო პალატის მიერ არ შეფასებულა.
საკასაციო სასამართლოში ახალი მტკიცებულების წარდგენის დაუშვებულობის გამო შპს “მშენმექანიზაცია 2000-ს” უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2009 წლის 15 სექტემბრის ¹ა-1919-09 განცხადებაზე დართული მტკიცებულებები 9 ფურცლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს “თბილმეტრომშენის” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
შპს “მშენმექანიზაცია 2000-ს” დაუბრუნდეს მის მიერ 2009 წლის 15 სექტემბრის ¹ა-1919-09 განცხადებაზე დართული მტკიცებულებები 9 ფურცლად.
სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.