Facebook Twitter

¹ას-323-726-06 13 თებერვალი 2007 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

თეიმურაზ თოდრია, როზა ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ა. მ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – დ. ნ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2001 წლის 3 აგვისტოს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ა. ს-ო-კ-მ, მოპასუხედ დაასახელა ა. მ-ი და მოითხოვა უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვა.

მოსარჩელის განმარტებით 1979 წლიდან ცხოვრობს ქ. ქუთაისში, ... ¹22-ში მდებარე ერთსართულიან სახლში, 1993 წლის 14 აპრილს განახორციელა ბინის პრივატიზაცია, რის შემდეგაც საკუთრების უფლებით ფლობს 36,2 მ2 საცხოვრებელ და 13,60 მ2 დამხმარე ფართს. აღნიშნულ ფართში შედის 2,76 მ2, რომელსაც წლების განმავლობაში უკანონოდ ფლობს არჩილ მაჭავარიანი.

მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ 1992 წლის 18 ივნისის პრივატიზაციის ხელშეკრულებით სადავო ფართი მის საკუთრებას წარმოადგენდა, რომლითაც ა.ს-ო-კ-ს არასოდეს არ უსარგებლია.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა. ს-ო-კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ს-ო – კ-მ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002 წლის 11 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ს-ო-კ-მ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002 წლის 27 დეკემბრის განჩინებით გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 11 ივლისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე პალატას.

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას 2003 წლის 20 ივნისის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობის საფუძველზე შეჩერდა საქმის წარმოება საჯარო რეესტრში სადავო ფართის ა. მ-ის სახელზე რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებით, იმავე მხარეებს შორის წარმოებულ ადმინისტრაციულ დავაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 5 მაისის განჩინებით უცვლელად იქნა დატოვებული ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2004 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ საქმეზე, რომლითაც დაკმაყოფილდა ა. ს-ო-კ-ის სარჩელი და ქუთაისში, ... ქ. ¹22-ში მდებარე ¹2-12,76 მ2 საცხოვრებელი ფართი საკუთრების რეგისტრაციის ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი ა. მ-ის სახელზე 2003 წლის 23 მაისის ¹... რეგისტრაცია საჯარო რეესტრში და შესაბამისი ჩანაწერები ტექაღრიცხვის ბიუროში.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2005 წლის 29 დეკემბრის განჩინებით განახლდა მოცემული საქმის წარმოება და ა. ს-ო-კ-ის უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა დ. ნ-ი, რომელმაც მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ა. ს-ო-კ-ის მიერ წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით დ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება სამოქალაქო საქმეზე ¹2/944 და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. დ. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ქუთაისში, .... ქ. ¹22-ში მდებარე 2,76 მ2 სადავო დამხმარე ფართი გამოთხოვილი იქნა ა. მ-ის მფლობელობიდან და გადაეცა დ. ნ-ს.

პალატამ მიიჩნია, რომ 1993 წლიდან სადავო ფართზე ა.ს-ო-კ-ის საკუთრების უფლება არ შეწყვეტილა და სამოქალაქო კოდექსის 1515-ე მუხლის შესაბამისად, ტექინვენტარიზაციის ბიუროს მიერ გაცემული ტექნიკური პასპორტის საფუძველზე იგი რეგისტრირებულია 2,762 დამხმარე ფართის მესაკუთრედ, ამდენად, მას უფლება აქვს, როგორც მესაკუთრეს ნებისმიერ დროს მიმართოს სასამართლოს მის საკუთრებაში არსებული ნივთის გამოთხოვის შესახებ, ე.ი. თუ არ ხდება საკუთრების უფლება სადავო, ნივთის გამოთხოვა შეიძლება მოხდეს ნებისმიერ დროს და ასეთ შემთხვევაში არ შეიძლება დადგინდეს, რომ სარჩელის ხანდაზმულობის ვადა გასულია.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. მ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.

კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; არასწორად განმარტა კანონი, რის შედეგადაც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის დავის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძველით .

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ა. მ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 40,8 ლარის 70% - 29,2 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ა. მ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად.

კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 29,2 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.