ას-325-678-07 30 აპრილი, 2007 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
მოსამართლე მარიამ ცისკაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს “ .. ..” დირექტორი ნ.ბ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ. ბ-ი (მოსარჩელე)
დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 18 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თ. ბ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე შპს „ .. ..“ მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის იჯარით აღებული შენობის რემონტზე გაწეული ხარჯების დაკისრება.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა თ. ბ-ის სარჩელი მოპასუხე შპს “ .. ..” მიმართ ზარალის ანაზრაურების შესახებ; უარი ეთქვა თ. ბ-ს საბავშვო ბაღის რემონტზე გაწეული ხარჯების მოპასუხისათვის დაკისრებაზე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ბ-მა.
მოცემული დავა არაერთხელ იქნა განხილული სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოების მიერ და ბოლოს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 6 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოპასუხე ორგანიზაციის გამოუცხადებლობის გამო თ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე შპს “ .. ..” თ. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 3500 ლარის გადახდა.
შპს “ .. ..” დირექტორმა ნ.ბ-მა საჩივარი შეიტანა დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 18 იანვრის განჩინებით შპს “ .. ..” საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 6 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე შპს “ .. ..”.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა შპს “ .. ..” დირექტორი ნ.ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობა. ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს აღნიშნული მუხლის მოთხოვნებს, იგი წარმოებაში მიიღება ამ კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად.
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ შპს “ .. ..” დირექტორი ნ.ბ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთი პირობის შესახებ მითითებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში; ამ ნორმის თანახმად საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 1 თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამ ნორმიდან გამომდინარე, განჩინების გადაცემის მომენტად, საიდანაც იწყება მისი გასაჩივრების ვადის ათვლა, ითვლება როგორც განჩინების ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში, ასევე ამ განჩინების ასლის მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაგზავნის დრო, რაც უნდა დადასტურდეს სათანადო ხელწერილით, ან სხვა ოფიციალური დოკუმენტით ადრესატისათვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების შესახებ.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 18 იანვრის განჩინება, რომელიც გასაჩივრებულია შპს “ .. ..” დირექტორი ნ.ბ-ის მიერ საკასაციო საჩივრით, საქმეში მითითებულ მისამართზე: მცხეთის რაიონი, სოფელი ... _ გაეგზავნა კასატორს (ს.ფ. 219); კასატორს განჩინების გზავნილი ჩაბარდა 2007 წლის 9 მარტს (ს.ფ. 222); აღნიშნულიდან გამომდინარე, მას საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა ჰქონდა 10 მარტიდან ერთი თვის განმავლობაში ანუ 10 აპრილის ჩათვლით, საკასაციო საჩივარი კი შეტანილ იქნა 2007 წლის 13 აპრილს, ანუ საკასაციო საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადის დარღვევით. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მიერ საქართველოს ფოსტა ფილიალი “... ფოსტის” უფროსის ა-ის ცნობას იმის შესახებ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოდან გამოგზავნილი შეკვეთილი წერილი ¹624 შპს “ .. ..” სახელზე ადრესატს ჩაბარდა 2007 წლის 14 მარტს, რადგან ს.ფ. 222-ზე წარმოდგენილი საქართველოს ფოსტის საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინება ხელმოწერილია კასატორის მიერ და ჩაბარების თარიღი მითითებულია 9 მარტი; კასატორს არ წარმოუდგენია ზემოაღნიშნულის სიყალბის დამადასტურებელი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამიტომ, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ დარღვეულია საკასაციო საჩივრის შეტანის კანონით განსაზღვრული ერთთვიანი ვადა, რის გამოც მოცემული საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
საკასაციო პალატა თვლის, რომ შპს “ .. ..” დირექტორს ნ.ბ-ს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 (სამასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს “ .. ..” დირექტორი ნ.ბ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 18 იანვრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველი.
შპს “ .. ..” დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 (სამასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.