Facebook Twitter

ას-330-682-07 13 ივლისი, 2007წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

რ. ნადირიანი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ლ. ფ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ე. ფ-ი (მოსარჩელე)

ნოტარიუსი---ზ. ჩ-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 9 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება და წილის გამოყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2003 წლის 8 დეკემბერს გურჯაანის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ე. ფ-მა და მოითხოვა ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა და წილის გამოყოფა. იგი აღნიშნავს, რომ მის მშობლებთან ერთად ცხოვრობდა და იზრდებოდა სოფელ გურჯაანში ... ქუჩა ¹16-ში. 1959 წელს, მისი მშობლების განქორწინების შემდეგ, მოსარჩელის მამამ კ. ფ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ე. ფ-თან თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონების გაყოფა. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 1959 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით ეთ. ფ-ს და ე. ფ-ს საერთო ქონებიდან საკუთრების უფლებით გამოეყოთ ახლად დაწყებული საცხოვრებელი ბინის ნახევარი 20 კვ.მ მოცულობის, ასევე სამშენებლო მასალის ნახევარი და ქონების აღწერის აქტში დასახელებული მთელი ქონება. მოსარჩელის განმარტებით 2003 წლის მაისის თვეში მან მიმართა ტექინვენტარიზაციის ბიუროს და მოითხოვა სოფელ გურჯაანში ... ქუჩა ¹16-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის ნაწილზე საკუთრების მოწმობის გაცემა. ტექინვენტარიზაციის ბიუროს განმარტებით ზემოთ აღნიშნულ მისამართზე მდებარე მთელი საცხოვრებელი სახლი 2001 წლის 8 მარტის ჩუქების ხელშეკრულებით ლ. ფ-ს გადაეცა და, შესაბამისად, ვერ მოხდებოდა საკუთრების მოწმობის გაცემა.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით ე. ფ-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. ფ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 16 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ე. ფ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა ლ. ფ-მა და მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 9 თებერვლის განჩინებით ლ. ფ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 16 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ გურჯაანის რაიონულ სასამართლოში 2003 წლის 8 დეკემბერს შეტანილ სარჩელში მოპასუხეებად დაასახელა კ. და ლ. ფ-ები და მათ მისამართად მიუთითა სოფელი გურჯაანი, ... ქუჩა ¹16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის ბ პუნქტის თანახმად მოპასუხის მისამართის მითითება ევალება მოსარჩელეს.

გურჯაანის რაიონულ სასამართლოს უწყება, რომელიც გაიგზავნა მოსარჩელის მიერ მითითებულ მისამართზე ჩაიბარა პირადად ლ. ფ-მა.

ასევე პალატამ დადგენილიდ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოპასუხეების მიერ წარდგენილ შესაგებელში მოპასუხეების მისამართად მითითებული იყო სოფელი გურჯაანი , ... ქუჩა ¹16 და მას ხელს აწერს ლ. ფ-ი. სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ჩაბარებული იქნა პირადად ლ. ფ-ზე სადავო მისამართის მიხედვით, რასაც ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი შეტყობინება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 9 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ფ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

კასატორის აზრით, მოსარჩელემ, სასარჩელო განცხადებაში მითითებული მისამართით სასამართლო შეიყვანა შეცდომაში, რადგან აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობდა მხოლოდ მამამისი (8.12.03წ. სარჩელის საფუძველზე ის იყო მოპასუხე, ხოლო საქმის წარმოების პერიოდში გარდაიცვალა). მისი განმარტებით ის 20 წელია არ ცხოვრობს და არც არის რეგისტრირებული აღნიშნულ მისამართზე, რაც მოსარჩელემ კარგად იცოდა და ეს ნათლად ჩანს სადაოდ გახდილ ხელშეკრულებაში და ლ. ჭ-ზე გაცემულ რწმუნებულებაში.

კასატორის განმარტებით, მას დაუსწრებელი გადაწყვეტილება სადაოდ გამხდარ მისამართზე არ ჩაბარებია პირადად, ის გადასცა მისმა მეზობელმა.

ასევე მისი აზრით, სასამართლოს მოსარჩელისათვის უნდა დაედგინა ხარვეზი, მოპასუხის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შეტყობინების თაობაზე.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე ლ. ფ-ი ითხოვს გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 9 თებერვლის განჩინება და მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 16 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ე. ფ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. ამავე პალატის 2007 წლის 9 თებერვლის განჩინებით ლ. ფ-ის საჩივარი 2006 წლის 16 ნოემბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილევაზე არ დაკმაყოფილდა.

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას, იმის თაობაზე, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტსილება სადავოდ გამხდარ მისამართზე არ ჩაბარებია პირადად, ის გადასცა მისმა მეზობელმა, ვინაიდან საქმის მასალებით დადგენილია, რომ პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოს გზავნილები ლ. ფ-ს პირადად ჩაბარდა მოსარჩელის მიერ მითითებულ მისამართზე-- სოფელი გურჯაანი, ... ქუჩა ¹16 (ს.ფ. 39, 22, 140.)

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს. აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატას თვლის, კასატორი ვალდებული იყო შეეტყობინენია სააპელაციო სასამართლოსათვის მისამართის შეცვლის თაობაზე, ხოლო რაც შეეხება კასატორის განმარტებას, რომ სააპელაციო სასამართლოს მისთვის უწყება უნდა გაეგზავნა რწმუნებულებაში მითითებულ მისამართზე, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან სააპელაციო პალატისათვის არ იყო ცნობილი ლ. ფ-ის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ, რისი დადგენაც სასამართლოს ვალდებულებას არ წარმოადგენს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება სათანადოდ დასაბუთებულია, ამდენად არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ლ. ფ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 16 ნოემბრის განჩინება;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.