Facebook Twitter

ას-331-734-06 8 იანვარი, 2007 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები – თ. მ-ე (მოსარჩელე)

წარმომადგენელი – მ. ს-ე

მოწინააღმდეგე მხარე – ქ. ა-ა (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 2 მაისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – ხელშეკრულებაზე უარის თქმის მართლზომიერების აღიარება და აღნიშნულის საფუძველზე გადაცემული ქონების უკან დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თ. მ-მ 2004 წლის 2 მარტს სარჩელი აღძრა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე ქ. ა-ს მიმართ და მოითხოვა ხელშეკრულებაზე უარის თქმის მართლზომიერების აღიარება და აღნიშნულის საფუძველზე გადაცემული ქონების უკან დაბრუნება (რესტიტუცია).

ქრისტინა ა-მ შეგებებულ სარჩელით მოითხოვა 2005 წლის 11 სექტემბრიდან ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის შეწყვეტამდე ყოველთვიურად თ. მ-ის 150 აშშ დოლარის (შესაბამისად ლარებში) და ადვოკატის მომსახურების ხარჯების 450 აშშ დოლარის (შესაბამისად ლარებში) დაკისრება. თ. მ-ის განმარტებით, 2001 წლის 5 სექტემბერს დაიდო და სანოტარო წესით დამოწმდა უძრავი ქონების ნასყიდობის (ყიდვა-გაყიდვის) ხელშეკრულება თ. მ-ს (გამყიდველს) და ქ. ა-ს (მყიდველს) შორის. თბილისი, ქ-ს ქუჩა ¹12\14 ბინა 16. აღნიშნული ხელშეკრულების მე-4 მუხლში ნასყიდობის საგნის (საცხოვრებელი ბინის) ღირებულებად განსაზღვრულია 7000 (შვიდი ათასი) ლარი, ხოლო იმავე ხელშეკრულების მე-7 მუხლის თანახმად, მყიდველმა ქ. ა-მ იკისრა ვალდებულება თეა მახარაძისათვის გადაეხადა ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული საზღაური ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმების დღესვე. 2001 წლის 11 სექტემბერს განხორციელდა საცხოვრებელი ბინის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში ქ. ა-ს სახელზე. საჯარო რეესტრის აღნიშნული ჩანაწერი დღემდე უცვლელია.

თ. მ-ე უთითებს, რომ ქ. ა-ს ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის (7000 ლარის) გადახდის ვალდებულება არ შეუსრულებია. აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად მას მოჰყავს ნოტარიუსის ს 54\16.02.05 წერილი, რომელშიც ნოტარიუსი აღნიშნავს, რომ გადახდა არ იყო შესრულებული ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმების მომენტისათვის. ცნობები წერილების საფოსტო გზავნილების შესახებ, რომელშიც თ. მ-ე აფრთხილებს მოპასუხეს, შემდეგ კი უარს ამბობს ნასყიდობის ხელშეკრულებაზე (ს.ფ. 22,23) და მოწმე ი. კ-ის ჩვენება, რომელიც მოპასუხის მხრიდან გამორიცხავს შეთანხმებული საზღაურის გადახდის ფაქტს.

თ. მ-მ მოითხოვა ხელშეკრულებაზე უარის თქმის საფუძველზე ნივთის უკან დაბრუნება (რესტიტუცია).

მოპასუხე ქ. ა-ა უარყოფს, მისი მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტს და აღნიშნავს, რომ მოსარჩელე დღემდე იმყოფება მის სახელზე რიცხულ ბინაში. ქ. ა-მ მოითხოვა ბინის უკანონო მფლობელობისათვის საზღაურის გადახდა და მის მიერ ადვოკატისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება.

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულმა სასამართლომ 2005 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით უარი უთხრა ორივე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მათი უსაფუძვლობის გამო. ამასთან თ. მ-ის სარჩელზე უარის თქმა სასამართლომ დააფუძნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2004 წლის 19 დეკემბრის განჩინებაზე, რომელშიც იმავე მხარეებს შორის დავა ეხებოდა უკანონო მფლობელობიდან ნივთის (სადავო საცხოვრებელი ბინის) გამოთხოვას.

გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა თ. მ-ის წარმომადგენელმა და მოითხოვა მისი გაუქმება თ. მ-ის სარჩელზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 2 მაისის გადაწყვეტილებით თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება გაუქმდა გასაჩივრებულ ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. თ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლით და მიიჩნია, რომ თ. მ-ის სარჩელი არ წარმოადგენს აღიარებით სარჩელს. ამასთან, პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტმა ვერ შეძლო იმ გარემოების დადასტურება, რომ ქ. ა-ს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 2 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. მ-ის წარმომადგენელმა მ. ს-მ. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანა.

კასატორის აზრით, სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით. ამავე კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნის შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო 431-ე მუხლის შესაბამისად, თუ მოთხოვნის შესახებ გაცემულია სავალო საბუთი, მაშინ მოვალეს შესრულების შესახებ დოკუმენტთან ერთად, შეუძლია მოითხოვოს ამ საბუთის დაბრუნება ან მისი გაუქმება. აღნიშნული მტკიცებულებების არარსებობრივი დასტურდება მათი მოთხოვნის საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივარს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს ხელშეკრულებაზე უარის თქმის მართლზომიერების აღიარება და აქედან გამომდინარე, ხელშეკრულებით გადაცემული ქონების უკან დაბრუნება, ანუ სასარჩელო მოთხოვნა ემყარება ხელშეკრულებიდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებს. სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ. როგორც აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, მოცემული მუხლის გამოყენება დასაშვებია იმ შემთხვევაში თუ სახეზეა 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობები. აღნიშნული ნორმა მხარეს, რომელიც ასრულებს ხელშეკრულებას, ანიჭებს უფლებას ხელშეკრულების დამრღვევი მხარის მიმართ. კერძოდ, კი მას ენიჭება უფლებამოსილება უარი თქვას ხელშეკრულებაზე. აღნიშნული ნორმის გამოყენებისას აუცილებელია, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულება იყოს ძალაში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მხარე, რომელიც უარს ამბობს ხელშეკრულებაზე უპირველესად უნდა დაადასტუროს, რომ მხარეთა შორის გარიგება უარის თქმის პერიოდისათვის მოქმედებაშია. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ხელშეკრულება მხარეთა შორის დადებულია 2001 წლის 5 სექტემბერს, რომლის თანახმად თანხის გადაცემა უნდა მომხდარიყო ხელდშეკრულების დადების დღესვე. მხარემ კი ხელშეკრულების შესრულების მოთხოვნა დააყენა 2003 წლის დეკემბერში -- 2 წლის შემდეგ. ასეთ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი, იმის თაობაზე, რომ ხელშეკრულება მოქმედებდა ამ დროისათვის, შეადგენს მოთხოვნის მქონე პირის მტკიცების ტვირთს, ანუ ის გარემოება, რომ ვალდებულება ხელშეკრულების შესაბამისად დაუყოვნებლივ არ შესრულებულა 2003 წლამდე, უნდა ამტკიცოს თ. მ-მ. ასეთი გარემოება კი საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება. რაც შეეხება მტკიცებულებათა შეფასების საკითხს, იგი შეფასებულია სასამართლოს მიერ საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად მოსამართლეთა მიერ შინაგანი რწმენის საფუძველზე და საკასაციო სასამართლოც იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება 2003 წლისათვის უკვე შეწყვეტილი იყო. ასეთ დროს კი, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, დაუშვებელია ხელშეკრულების შესრულებაზე უარის თქმა.

რაც შეეხება იმ გარემოებას, არის თუ არა თ. მ-ის სარჩელი აღიარებითი უნდა აღინიშნოს, რომ მართალია, ხელშეკრულების შესრულებაზე უარის თქმის მართლზომიერების აღიარება ფორმალურად აღიარებითი სარჩელია, მაგრამ სარჩელის მეორე მოთხოვნა – ნივთის უკან დაბრუნება მიკუთვნებითი ხასიათისაა. ფაქტიურად, ხელშეკრულებაზე უარის თქმის მართლზომიერება წარმოადგენს მიკუთვნებითი სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს, რის გამოც სარჩელი მთლიანად შეიძლება ჩაითვალოს მიკუთვნებით სარჩელად. თუმცა უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ სააპელაციო სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა არა იმის გამო, რომ სარჩელი აღიარებით არ არის, არამედ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, უნდა გაუქმდეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომელიც გამოყენებული იქნა საკასაციო სასამართლოს მიერ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე და 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

თ. მ-ის წარმომადგენლის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 2 მაისის გადაწყვეტილება.

გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 27 ივლისის განჩინებით შეჩერებული თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილების აღსრულება და აღსრულება განახლდეს.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.