Facebook Twitter

ას-332-684-07 25 ივნისი, 2007 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

მოსამართლე: თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ნ. მ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ჯ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული სასამართლო განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 26 იანვრის განჩინება

დავის საგანი – საცხოვრებელი ბინიდან გამოსახლება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ჯ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს ნ. მ-ს მიმართ და მიუთითა, რომ 2002 წლის 18 აპრილს მან თეთრიწყაროს რაიონში მცხოვრებ მ. ვ-საგან შეიძინა საცხოვრებელი სახლი, რომელიც საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ იქნა მის (მოსარჩელის) საკუთრებაში. მოსარჩელემ განმარტებით, იგი სადავო ბინაში ვერ გადავიდა საცხოვრებლად და ოჯახთან ერთად ცხოვრობს მშობლების ბინაში, რადგან ძველი მესაკუთრის შვილმა ნ. მ-მა სადავოდ გახადა სახლის გასხვისების საკითხი. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხის მხრიდან საკუთრების მართვის ხელშეშლის აღკვეთა და ნ. მ-ს მის თანმხლებ პირებთან ერთად ბინიდან გამოსახლება.

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით ნ. ჯ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა და ნ. მ-ი გამოსახლებულ იქნა თეთრიწყაროს რაიონის სოფ. ... მდებარე საცხოვრებელი სახლიდან.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. მ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 26 იანვრის განჩინებით ნ. მ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 26 იანვრის 20 იანვრის განჩინებაზე ნ. მ-მა შეიტანა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 30 აპრილის განჩინებით ნ. მ-ს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტში 300 ლარის ჩარიცხვის ქვითრის წარმოდგენა. განჩინებით მას განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად არ დაიშვებოდა და განუხილველი დარჩებოდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ნ. მ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ნ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობა. ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში საკასაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს ამ მუხლის მოთხოვნებს, სასამართლო იღებს წარმოებაში საკასაციო საჩივარს ამ კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 30 აპრილის განჩინებით ნ. მ-ს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტში 300 ლარის ჩარიცხვის ქვითრის წარმოდგენა. განჩინებით მას განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად არ დაიშვებოდა და განუხილველი დარჩებოდა (ს.ფ. 130-131).

მოცემული განჩინება საქმეში მითითებულ მისამართზე ნ. მ-ს გაეგზავნა 2007 წლის 1 მაისს (ს.ფ. 132); კასატორს განჩინების ასლი პირადად ჩაჰბარდა 2007 წლის 2 მაისს (ს.ფ. 133); კასატორს შეეძლო განჩინებაში მითითებული ხარვეზი გამოესწორებინა 2007 წლის 14 მაისის ჩათვლით, მაგრამ, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, კასატორს საკასაციო პალატისათვის არ წარმოუდგენია სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას; თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. მ-ს საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნ. მ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 26 იანვრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველი;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.