Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

ას-33-318-08 25 მარტი, 2008 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), ლალი ლაზარაშვილი

სხდომის მდივანი – ე.ხაჩიძე

კასატორები _ ზ. და მ. დ-შვილები, რ. ს-იანი, მ. ტ-შვილი, ა. და მ. ქ-ავები (მოპასუხე)

წარმომადგენელი _ ა. გ-ია

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “ს.” (მოსარჩელე)

წარმომადგენელი _ გ. ი-აძე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი _ პარტნიორთა კრების ბათილად ცნობა, საწარმოს რეგისტრაციისა და სამეწარმეო რეესტრში ცვლილებების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ზ. და მ. დ-შვილებმა, რ. ს-იანმა და მ. ტ-შვილმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში შპს „ს...ის“ დირექტორ ბ. მ-ის მიმართ შპს „ს...ის“ პარტნიორთა 1995 წლის 1 დეკემბრის კრების ოქმის ბათილად ცნობის, შპს „ს...ის“ რეგისტრაციისა და სამეწარმეო რეესტრის ჩანაწერების გაუქმების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 2002 წლის 20-21 მარტს გაზეთ “ ...” ¹39-ში გამოქვეყნდა განცხადება, რომ ამავე წლის 22 მარტს ჩატარდება შპს “ს...ის” დამფუძნებელთა კრება საზოგადოების რეგისტრაციაში არსებული ხარვეზის შევსებისა და დამფუძნებელ პარტნიორთა სურვილის მიხედვით შპს-დან რეალური წილის გამოყოფის შესახებ. მოსარჩელეები იყვნენ სახელმწიფო საწარმო “ს...ის” შრომითი კოლექტივის წევრები. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის მთავარი სამმართველოს 1993 წლის 27 ივლისის ¹1-3/123 ბრძანების საფუძველზე სახელმწიფო საწარმო “ს...ს” შრომით კოლექტივსა და ქონების მართვის სამინისტროს შორის დაიდო ქ.თბილისში, ... ¹20-ში მდებარე 177 კვ.მ-ს იჯარის ხელშეკრულება ქონების 6203,31 აშშ დოლარად გამოსყიდვის უფლებით. ობიექტის ღირებულების 50% შეტანილ იქნა ქონების მართვის სამინისტროს ანგარიშზე, ხოლო 1530 აშშ დოლარი დაიფარა ¹12 საპრივატიზაციო აქტის საფუძველზე. ამდენად, ამხანაგობა “ს...ს” შრომითმა კოლექტივმა, რომელსაც ბ. მ-იძე ხელმძღვანელობდა, საკუთრებაში მიიღო ზემოხსენებული ფართი და ძირითადი საშუალებები, რაზეც გაიცა ¹23/150-პ საკუთრების მოწმობა. მოწმობას დაერთო მესაკუთრეთა სია, თუმცა მათი წილები რეალურად არ განსაზღვრულა. მოსარჩელეებმა მხოლოდ საგაზეთო ინფორმაციით შეიტყვეს შპს “ს...ს” დაფუძნების შესახებ და მანამდე აღნიშნულის თაობაზე თავისი ნება არ გამოუხატავთ. ბ.მ-იძე ცდილობს, მიითვისოს მხარეთა საერთო საკუთრება და მოსარჩელეებთან შეუთანხმებლად გაასხვისოს იგი.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: შპს “ს.” დაფუძნდა 1995 წლის 1 დეკემბერს პარტნიორთა ¹1 კრების საფუძველზე და 1995 წლის 21 დეკემბერს გატარდა რეგისტრაციაში. აღნიშნული მომენტისათვის საზოგადოების საწესდებო კაპიტალი შედგებოდა 6203 აშშ დოლარის ღირებულების ქ.თბილისში, ...ის ¹20-ში მდებარე პრივატიზებული საწარმოსაგან. საზოგადოებაში პარტნიორთა წილები განაწილდა მათ მიერ განხორციელებული შენატანის პროპორციულად. სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა, რადგან შპს “ს...ს” დაფუძნებაში მოსარჩელეები მონაწილეობდნენ, ხოლო მ.ტ-შვილი, როგორც მდივანი, კრების თავმჯოდმარე ბ.მ-იძესთან ერთად ხელს აწერს კრების ოქმს. მოსარჩელე მხარემ სასამართლო რეგისტრაციისა და პარტნიორთა კრების ოქმის გასაჩივრების “მეწარმეთა შესახებ” კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებული ვადები დაარღვია.

ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც ზ. და მ. დ-შვილებმა, მ. ტ-შვილმა და რ. ს-იანმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და სარჩელი დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება როგორც შპს „ს...ის“ დირექტორმა ბ. მ-იძემ, ისე ზ.დ-აშვილმა, მ.დ-აშვილმა, მ.ტ-შვილმა და რ.ს-იანმა გაასაჩივრეს საკასაციო წესით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004 წლის 3 ივნისის განჩინებით მხარეთა საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 26 აგვისტოს განჩინებით რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.

რაიონულ სასამართლოში მოცემული დავის განხილვისას მოსარჩელეებმა წარადგინეს დაზუსტებული სასარჩელო განცხადება, მოითხოვეს შპს “ს...ს” რეგისტრაციისა და მასში 2003 წლის 18 თებერვალს შეტანილი ცვლილებების გაუქმება, 1995 წლის 1 დეკემბრის კრების ოქმის ბათილად ცნობა შემდეგი საფუძვლებით: შპს “ს.” დაფუძნდა კანონდარღვევით, პარტნიორთა სადამფუძნებლო კრებას საზოგადოების ათივე პარტნიორი არ ესწრებოდა, დაირღვა “მეწარმეთა შესახებ” კანონის 5.4.1 და 5.4.3 მუხლები. 1995 წლის 30 ივნისს გაცემული ¹23/150პ საკუთრების მოწმობით შრომითი კოლექტივის წევრების წილობრივი საკუთრება განსაზღვრული არ არის, ამდენად, ქონება წარმოადგენს მათ საერთო საკუთრებას და უნდა განაწილდეს ათივე პარტნიორზე თანაბრად. საზოგადოების რეგისტრაციისას პარტნიორთა წილები განსაზღვრული არ იყო და ბ.მ-იძემ, მოცემული დავის მიმდინარეობისას, მოსარჩელეებისა და სხვა პარტნიორთა თანხმობისა და კრების ჩატარების გარეშე ცვლილებები შეიტანა რეგისტრაციაში და მოსარჩელეთა წილები უკანონოდ განსაზღვრა. ზ.დ-აშვილს მიეკუთვნა 1%, მ.ტ-შვილს _ 0,5%, რ.ს-იანს _ 1% მ.დ-აშვილს _ 0,5%, რითაც დაირღვა “მეწარმეთა შესახებ” კანონის 56-ე მუხლი. მ. და ზ. დ-აშვილებს საწარმოს დაფუძნებაში მონაწილეობა რომ არ მიუღიათ იმითაც დასტურდება, რომ საზოგადოების სადამფუძნებლო დოკუმენტაცია, ხელშეკრულება და წესდება მათ მიერ ხელმოწერილი არ არის. საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ შპს “ს...ს” დაფუძვნების შესახებ განცხადებაზე და სადამფუძნებლო ხელშეკრულებაზე მ.ტ-შვილისა და რ.ს-ოვას ხელმოწერები შესრულებულია სხვადასხვა პირების მიერ. საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესია, პარტნიორთა შორის წილების თანაბრად განსაზღვრა და რეგისტრაცია თითოეულის მიერ განხორციელებული შენატანის მიხედვით _ 10 %-ით.

საქმეში მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით ჩაება ა. ქ-ავა, ხოლო დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირებად საქმეში ჩაებნენ ზ. ბ-შვილი, დ. მ-იძე, ნ. ბ-შვილი, რ. ჯ-იძე და ბ. მ-იძე.

ალ.ქ-ავამ მოითხოვა შპს “ს...ს” რეგისტრაციის გაუქმება, 1995 წლის 1 დეკემბრის კრების ოქმის ბათილად ცნობა, ქ.თბილისში, ... ქ.¹20-ში მდებარე 177 კვ.მ-ს 1/10-ის მესაკუთრედ ცნობა და საზოგადოების დარეგისტრირება “მეწარმეთა შესახებ” კანონის 5.4.1, 5.4.3 მუხლების შესაბამისად შემდეგი დასაბუთებით: ალ.ქ-ავა წარმოადგენს საწარმო “ს...ს” შრომითი კოლექტივის წევრ გ. ი-ს პირველი რიგის მემკვიდრეს. მისთვის ცნობილი გახდა, რომ ¹23/150-პ საკუთრების მოწმობით შრომითი კოლექტივის 10 წევრს, მათ შორის, დედამის გ.ი-ავას, 1996 წლის 30 ივნისის ¹5-პ 155 ხელშეკრულების, 1995 წლის 27 ივნისისა და 6 იანვრის მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე, საკუთრებაში გადაეცა სადავო ფართი. მოსარჩელეთაგან ალ.ქ-ავამ შეიტყო, რომ ბ.მ-იძემ უკანონოდ მიითვისა მხარეთა წილები და გ.ი-ავას მიაკუთვნა საწესდებო კაპიტალის მხოლოდ 1%. ბ.მ-იძემ უკანონოდ დააფუძნა შპს “ს.”, რადგან გ.ი-ავამ საზოგადოების დაფუძნების თაობაზე არაფერი იცოდა და არც, “მეწარმეთა შესახებ” კანონის 5.4.1 მუხლის თანახმად, საწარმოს რეგისტრაციის შესახებ განცხადებაზე ხელი არ მოუწერია.

ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით ზ. და მ. დ-შვილების, რ. ს-იანისა და მ. ტ-შვილის სარჩელი შპს “ს...ის” მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს “ს...ის” 1995 წლის 1 დეკემბრის დამფუძნებელთა კრების ¹1 ოქმი ბათილად იქნა ცნობილი, გაუქმდა ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 1995 წლის ¹4/4-208 დადგენილება შპს “ს...ის” რეგისტრაციისა და 2003 წლის 18 თებერვლის დადგენილება საზოგადოების წესდებაში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ, სასარჩელო მოთხოვნა თანასაკუთრებაში არსებული ამხანაგობის ქონების განაწილებისა და მოსარჩელეების 1/10 წილის მესაკუთრედ ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხე შპს “ს...მ”, ზ. და მ. დ-შვილებმა, რ. ს-იანმა, რ. ჯ-იძემ, ა. ქ-ავამ და მ. ტ-შვილმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს “ს...ს” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ზ. და მ. დ-შვილების, რ. ს-იანის, მ. ტ-შვილის, ა. ქ-ვასა და რ. ჯ-იძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გაუქმდა და სარჩელი შპს “ს...ს” 1995 წლის 1 დეკემბრის დამფუძნებელთა კრების ¹1 ოქმის ბათილად ცნობის, კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 1995 წლის 21 დეკემბრის ¹4/4-208 და 2003 წლის 18 თებერვლის დადგენილებების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა, დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი, ასევე გაუქმდა 2002 წლის 17 მაისის განჩინებით განხორციელებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ქ.თბილისში, ... ქ.¹20-ში მდებარე 177 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართზე ყადაღა მოიხსნა შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის მთავარი სამმართველოს მიერ 1995 წლის 30 ივნისს გაიცა ¹23/150პ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, რომლითაც სახელმწიფო საწარმო “ს...ს” შრომით კოლექტივს, სულ _ 10 თანამშრომელს, მათ შორის, მოსარჩელეებს საკუთრებაში გადაეცათ ქ.თბილისში, ...ის ¹20-ში მდებარე ძირითადი საშუალებების აქტიური ნაწილი და 177 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი. საქმეში წარმოდგენილი 1995 წლის 1 დეკემბრის შპს “ს...ს” დამფუძნებელთა კრების ¹1 ოქმის თანახმად, კრებაზე გადაწყდა ობიექტის პრივატიზების შემდგომ ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით, კერძოდ, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად დარეგისტრირების საკითხი და დამტკიცდა მისი წესდება. ქ.თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1995 წლის 21 დეკემბრის დადგენილებით სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირდა 10 პარტნიორის მიერ დაფუძნებული შპს “ს.”. 1994 წლის 10 ნოემბრის სახელმწიფო საწარმო “ს...ს” მუშაკთა მიერ ობიექტის პრივატიზების მიზნით, დროებითი ამხანაგობის შექმნის შესახებ სადამფუძნებლო ხელშეკრულებით საპრივატიზაციო ქონებაში წილები შემდეგნაირად განისაზღვრა _ ბ. მ-იძე _ 47%, ქ. ბ-შვილი _ 47%, ა. ჯ-იძე _ 1%, , მ. ტ-შვილი _ 0,5%, ნ. ბ-შვილი _0,5%, დ. მ-იძე _ 0,5%, გ. ი-ავა _ 1%, რ. ს-იანი _ 1%, ზ. და მ. დ-შვილები _ 1% და 0,5%. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელეთა მოსაზრება, რომ მათ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას დროებითი ამხანაგობის შექმნის შესახებ ობიექტის პრივატიზების მიზნით, თუმცა აღნიშნულ ხელშეკრულებაში საპრივატიზაციო ქონებაში მათი წილობრივი მონაწილეობის თაობაზე მითითება არ ყოფილა. პალატამ მიიჩნია, რომ ზემოხსენებული ხელშეკრულებით ამხანაგობის წევრებს შორის განაწილდა საპრივატიზაციო ქონებაში მათი წილები. დასახელებული დოკუმენტი ხელმოწერილია რ.ს-იანის, მ.ტ-შვილის, გ.ი-ავასა და ა.ჯ-იძის მიერ, ამდენად, აღნიშნულმა პირებმა გამოხატეს ნება საპრივატიზაციო ქონებაში წილის ოდენობაზე და ვალდებულება იკისრეს, 20 დღის განმავლობაში დაეფარათ შესაბამისი თანხა. სასამართლოს მითითებით, მ. და ზ. დ-აშვილებმა ხელშეკრულებაზე თავიანთი ხელმოწერების ნამდვილობა სადავოდ გახადეს და საქმეში წარმოდგენილი 2003 წლის 9 სექტემბრის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, 1994 წლის 10 ნოემბრის ხელშეკრულება ხელმოწერილია არა მოსარჩელეების, არამედ სხვა პირების მიერ. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით და ზემოხსენებული ექპერტიზის დასკვნა არ გაიზიარა, ვინაიდან დაზუსტებულ სასარჩელო განცხადებაში მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ 1994 წლის 29 მაისის ¹178 ბრძანებულებით საწარმოს მუშაკებს უფლება მიეცათ ობიექტი პირდაპირი გზით შეესყიდათ, რის გამოც ქ.თბილისში, რუსთაველის გამზირის ¹20-ში მდებარე სახელმწიფო საწარმო “ს...ს” პრივატიზებისათვის შრომითმა კოლექტივმა შექმნა დროებითი ამხანაგობა, ამასთან, საკასაციო სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში მ. და ზ. დ-ებმა აღნიშნეს, რომ დავის საგანია არა ობიექტის პრივატიზაციის ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ნამდვილობა, არამედ შპს “ს...ს” სადამფუძნებლო საბუთებზე არსებული ხელმოწერები. ამდენად, პალატამ ჩათვალა, რომ მოსარჩელეები ხელშეკრულებაზე მათი ხელმოწერების ნამდვილობას არ უარყოფენ. სასამართლოს მოსაზრებით, საკუთრების მოწმობაში მხარეთა წილების მიუთითებლობა არ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ წილები ათივე პარტნიორზე თანაბრად უნდა განაწილდეს. პალატამ მიიჩნია, რომ “პრივატიზების პროცესში ვაჭრობის, საზოგადოებრივი კვებისა და საყოფაცხოვრებო მომსახურების საწარმოების მუშაკთათვის ობიექტების პირდაპირ მიყიდვის შესახებ” საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1994 წლის 29 მაისის ¹178 ბრძანებულებით დამტკიცებული დაბულება ითვალისწინებს რა დროებითი ამხანაგობის შექმნას, სწორედ აღნიშნულ ამხანაგობებს უნდა განესაზღვრათ წილები გამოსასყიდ ქონებაზე მუშაკთა შენატანების პროპორციულად. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმის მასალებით მოსარჩელეების მიერ ობიექტის საპრივატიზაციო ღირებულების, 6203 აშშ დოლარის 1/10-ის გადახდა არ დასტურდება, შპს “ს...ს” დამფუძნებელთა განცხადებით კი, რომელსაც ხელს აწერენ რ.ს-იანი, მ.ტ-შვილი, ა.ჯ-იძე და გ.ი-ავა, თითოეულმა გადაიხადა 60 აშშ დოლარი, 30 აშშ დოლარი, 60 აშშ დოლარი, 60 აშშ დოლარი. “პრივატიზების პროცესში ვაჭრობის, საზოგადოებრივი კვებისა და საყოფაცხოვრებო მომსახურების საწარმოების მუშაკთათვის ობიექტების პირდაპირ მიყიდვის შესახებ” საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1994 წლის 29 მაისის ¹178 ბრძანებულების მე-8, მე-13 და მე-14 მუხლებზე დაყრდნობით პალატამ ჩათვალა, რომ შპს “ს...ს” მოსარჩელეთა მონაწილეობის გარეშე დაფუძნება და სადამფუძნებლო დოკუმენტებზე მათი ხელმოწერების არარსებობა საზოგადოების 1995 წლის 1 დეკემბრის დამფუძნებელთა კრების ¹1 ოქმის ბათილობისა და შპს-ს რეგისტრაციის შესახებ ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 1995 წლის ¹4/4-208 დადგენილების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება, რადგან ქონების მართვის ორგანოს მიერ ამხანაგობასთან ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ ამხანაგობის ყოველი წევრი ვალდებული იყო, დაერეგისტრირებინა საზოგადოება გარკვეული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით, რაც მოცემულ შემთხვევაში განხორციელდა კიდეც. სასამართლოს მითითებით, საზოგადოების რეგისტრაციის შემდგომ პარტნიორებს, სურვილისამებრ, შეეძლოთ გასულიყვნენ საზოგადოებიდან და მიეღოთ წილის საკომპენსაციო თანხა. პალატამ მიიჩნია, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის შესაბამისად, წარმოდგენილი სარჩელი აღიარებითი ხასიათისაა, მოსარჩელეთა განმარტებით, მათი იურიდიული ინტერესია, პარტნიორთა შორის წილები განისაზღვროს და საზოგადოება დარეგისტრირდეს საერთო ქონების გამოსყიდვისას თითოეული პირის ფულადი შენატანის მიხედვით თანაბარწილად 10%-ის ოდენობით. პალატამ ჩათვალა, რომ აღნიშნული ინტერესის დაკმაყოფილება ზემოხსენებული კრების ოქმის ბათილად ცნობითა და დადგენილების გაუქმების გზით მიღწეული ვერ იქნება. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა შპს “ს...ს” წესდებაში ცვლილებების შეტანის შესახებ 2003 წლის 18 თებერვლის დადგენილების გაუქმების თაობაზე და დაადგინა, რომ ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს დადგენილებით სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირდა ცვლილება, საზოგადოების პარტნიორად გარდაცვლილი გ. ი-ავას ნაცვლად, მიღებულ იქნა მისი მემკვიდრე ა. ქ-ავა. სასამართლომ მიუთითა, რომ შპს “ს...ს” 1995 წლის 21 დეკემბერს რეგისტრაციისას პარტნიორთა წილები არ დაფიქსირებულა, აღნიშნული მოხდა 2003 წლის 18 თებერვლის სადავო ცვლილებით, თუმცა აღნიშნული ცვლილების შეტანის შესახებ დადგენილების გაუქმებით მასში ასახულ წილთა ოდენობა არ შეიცვლება, ვინაიდან პარტნიორთა წილები განისაზღვრა ჯერ კიდევ 1994 წლის 10 ნოემბრის ხელშეკრულებით. პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი ამხანაგობისათვის საერთო საკუთრებაში გადაცემული ქონების თანაბარწილად განაწილებისა და 1/10 წილზე მოსარჩელეთა მესაკუთრედ ცნობის შესახებ უსაფუძვლოა, რადგან სადავო ქონება საზიარო უფლების ობიექტი არ არის, საზოგადოების საკუთრებაა და პარტნიორს წილის კომპენსაციის მიღების უფლება მხოლოდ საზოგადოებიდან გასვლის შემთხვევაში აქვს.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ზ. და მ. დ-შვილებმა, რ. ს-იანმა, მ. ტ-შვილმა, ა. და მ. ქ-ავებმა და მათმა წარმომადგენელმა ა. გ-იამ გაასაჩივრეს საკასაციო წესით, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის 2003 წლის 9 სექტემბრის დასკვნით დასტურდება, რომ 1994 წლის 10 ნოემბრის ამხანაგობის სადამფუძნებლო ხელშეკრულებაზე მ. და ზ. დ-ების ხელმოწერა არ არის. სასამართლომ დასახელებული დასკვნა სავალდებულოდ არასწორად არ ჩათვალა, რითაც დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი და აღნიშნული მტკიცებულება შეაფასა უსამართლოდ და არაობიექტურად. არ გაიზიარა რა ექსპერტიზის დასკვნა, პალატამ ვერ უარყო ის გარემოება, რომ სადამფუძნებლო ხელშეკრულებაზე მ. და ზ. დ-აშვილებს ხელი არ მოუწერიათ. უსაფუძვლოა სასამართლოს დასკვნა, რომ საკასაციო პალატაში წარდგენილი შესაგებლით ხსენებულმა მოსარჩელეებმა სადამფუძნებლო ხელშეკრულების ნამდვილობა არ უარყვეს, რადგან აღნიშნული დასკვნა შესაგებლის შინაარსიდან არ გამომდინარეობს. აღსანიშნავია, რომ ამხანაგობის სადამფუძნებლო ხელშეკრულების ხელმოწერისას მასში ამხანაგობის წევრების წილები განსაზღვრული არ იყო, აღნიშნული განხორციელდა უკანონოდ, ხელმოწერის შემდგომ. “პრივატიზების პროცესში ვაჭრობის, საზოგადოებრივი კვებისა და საყოფაცხოვრებო მომსახურების საწარმოების მუშაკთათვის ობიექტების პირდაპირ მიყიდვის შესახებ” საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1994 წლის 29 მაისის ¹178 ბრძანებულებით დამტკიცებული დაბულების მე-9 პუნქტის შესაბამისად, საქმეში არ მოიპოვება საწარმოს მუშაკთა კრების ოქმი, რომელიც ამხანაგობის შექმნის გადაწყვეტილების მიღებას ასახავდა, ამხანაგობის სადამფუძნებლო ხელშეკრულება კი სანოტარო წესით დამოწმებული არ არის. სასამართლომ არ შეაფასა ის გარემოებები, რომ ექსპერტიზის დასკვნით, სადავო შპს “ს...ს” სადამფუძნებლო დოკუმენტებზე არსებული ხელმოწერები მოსარჩელეების მიერ არ შესრულებულა, ამასთან, არც საზოგადოების დაფუძნების შესახებ განცხადებაში და არც წესდებაში პარტნიორთა წილები არ განსაზღვრულა. საქმის მასალებით არ დასტურდება, სადავო ქონების პრივატიზებისათვის მხარეთა მიერ გადახდილი თანხების ოდენობა. აღნიშნულის დასადასტურებლად სასამართლო არასწორად დაეყრდნო სადამფუძნებლო ხელშეკრულებასა და მოწინააღმდეგე მხარის განმარტებას, ვინაიდან ხსენებული თანხის გადახდა სათანადო მტკიცებულებით უნდა დადასტურებულიყო. სასამართლომ დაარღვია “მეწარმეთა შესახებ” კანონის მე-5 მუხლის მოთხოვნა, როდესაც მიიჩნია, რომ მოცემული დავისათვის მნიშვნელოვან გარემოებებს არ წარმოადგენს სადამფუძნებლო დოკუმენტაციაზე მოსარჩელეთა ხელმოუწერლობა და მათი მონაწილეობის გარეშე საწარმოს დაფუძნება. ასევე დაუსაბუთებელია სასამართლოს მითითება, რომ სადამფუძნებლო დოკუმენტებზე ზ. და მ. დ-შვილების ხელმოწერის არარსებობა, საწარმოს დაფუძნების შესახებ აღნიშნულ პირთა ნების მიუხედავად, საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი ვერ გახდება. გასაჩივრებული გადაწყვეტილება უსაფუძვლოა იმ ნაწილშიც, რომლითაც სასამართლომ მიიჩნია, რომ საწარმოს რეგისტრაციის გაუქმებულად აღიარებისას მოსარჩელის იურიდიული ინტერესი ვერ მიიღწევა, ასევე ამხანაგობის თანაზიარ საკუთრებაზე თითოეული პარტნიორის თანაბარწილად განაწილებაზე უარის თქმის ნაწილში, რადგან მეწარმეობა ნებაყოფლობით გაერთიანებაზე დამყარებული სამიქნობაა, შენატანები ნებაყოფლობით უნდა იქნეს შეტანილი და ამ შენატანების საფუძველზე განისაზღვროს პარტნიორთა წილი.

საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი და იშუამდგომლეს სასამართლოს წინაშე მისი დამტკიცების შესახებ შემდეგი პირობებით:

1. შპს “ს...ს” პარტნიორები მ. ტ-შვილი 0,5% წილით, ა. ქ-ავა 1% წილით, რ. ს-იანი 1% წილით, ზ. დ-აშვილი 1% წილით და მ. დ-აშვილი 0,5% წილით უარს ამბობენ შპს “ს...ს” მიმართ თავიანთ სარჩელში წამოყენებულ ყველა მოთხოვნაზე და ასევე ყველა იმ მოთხოვნაზე, რომელიც შეიძლება განეცხადებინათ შპს “ს...სა” და სახელმწიფო საწარმო “ს...ს” დროებითი ამხანაგობის მიმართ ქონებრივი და არაქონებრივი პრეტენზიების სახით;

2. შპს “ს...ს” პარტნიორები მ. ტ-შვილი 0,5% წილით, ა. ქ-ავა 1% წილით, რ. ს-იანი 1% წილით, ზ. დ-აშვილი 1% წილით და მ. დ-აშვილი 0,5% წილით უარს ამბობენ შპს “ს...ს” პარტნიორობაზე, საზოგადოებაში მათ კუთვნილ წილებზე და გადიან შპს “ს...ს” პარტნიორთა რიგებიდან;

3. შპს “ს.” ვალდებულებას იღებს, ამ მორიგების მეორე მხარეს მ. ტ-შვილს, ა. ქ-ავას, რ. ს-იანს, ზ. დ-აშვილსა და მ. დ-აშვილს შპს “ს...ს” პარტნიორობიდან და ამხანაგობა ს...ს წევრობიდან გასვლის სანაცვლოდ, მათი წილების სულ 4,5%-ის საკომპენსაციოდ, ექვსი თვის ვადაში გადაუხადოს 130000 (ას ოცდაათი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი ამ მორიგების აქტის ხელმოწერის დღისათვის დადგენილი გაცვლითი საბანკო კურსით, რომელსაც ინაწილებენ თანაბრად;

4. სახელმწიფო საწარმო “ს...ს” დროებითი ამხანაგობის კუთვნილ ქ.თბილისში, რუსთაველის გამზირის ¹20-ში მდებარე 177 კვ.მ-ს მოსარჩელეთა განცხადების საფუძველზე მოეხსნას ყადაღა და აღნიშნული ქონება დაიტვირთოს იპითეკით დასაკმაყოფილებელი პირების მ. ტ-შვილის, ა. ქ-ავას, რ. ს-იანის, ზ. დ-აშვილისა და მ. დ-აშვილის სასარგებლოდ, ამ მორიგების აქტის მე-3 პუნქტში აღნიშნული შპს “ს...ს” ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად, რაც გაუქმდება შპს “ს...ს” მიერ მისი ვალდებულების სრულად შესრულებისთანავე;

5. შპს “ს...ს” მიერ მისი ვალდებულების შესრულების დამადასტურებელ დოკუმენტად ჩაითვლება ამ მორიგების მხარეებისათვის მათ პირად ან მათი წარმომადგენლის საბანკო ანგარიშებზე თანხის შეტანის დამადასტურებელი ქვითრები, რამაც ჯამში უნდა შეადგინოს 130000 (ას ოცდაათი ათასი) აშშ დოლარი;

6. შპს “ს...ს” პარტნიორთა რიგებიდან მ. ტ-შვილის, ა. ქ-ავას, რ. ს-იანის, ზ. დ-აშვილისა და მ. დ-აშვილის ამორიცხვა და შესაბამისი ცვლილების რეგისტრაცია შპს “ს...ს” სამეწარმეო რეესტრში მოხდება შპს “ს...ს” მხრიდან ამ მორიგების აქტის მე-3 პუნქტში მითითებული ვალდებულების სრულად შესრულების შემდგომ.

მხარეები გაეცნენ მორიგების პირობებს, ეთანხმებიან და აწერენ ხელს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს, თვლის, რომ მათი მოთხოვნა მორიგების დამტკიცების თაობაზე კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, ხოლო მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მოდავე მხარეთა მიერ გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში საქმის მორიგებით დამთავრების შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს.

მოდავე მხარეების მიერ შედგენილი მორიგების აქტი დაერთო საქმეს.

მხარეებს განემარტათ, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა მორიგების შედეგად მოცემულ დავაზე სამოქალაქო საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

დამტკიცდეს მორიგება სამოქალაქო საქმეზე _ ზ. და მ. დ-შვილების, რ. ს-იანის, მ. ტ-შვილისა და ა. ქ-ავას სარჩელის გამო შპს “ს...ს” მიმართ პარტნიორთა კრების ოქმის ბათილად ცნობის, საწარმოს რეგისტრაციისა და სამეწარმეო რეესტრში ცვლილებების გაუქმების თაობაზე შემდეგი პირობებით:

1. შპს “ს...ს” პარტნიორები მ. ტ-შვილი 0,5% წილით, ა. ქ-ავა 1% წილით, რ. ს-იანი 1% წილით, ზ. დ-აშვილი 1% წილით და მ. დ-აშვილი 0,5% წილით უარს ამბობენ შპს “ს...ს” მიმართ თავიანთ სარჩელში წამოყენებულ ყველა მოთხოვნაზე და ასევე ყველა იმ მოთხოვნაზე, რომელიც შეიძლება განეცხადებინათ შპს “ს...სა” და სახელმწიფო საწარმო “ს...ს” დროებითი ამხანაგობის მიმართ ქონებრივი და არაქონებრივი პრეტენზიების სახით;

2. შპს “ს...ს” პარტნიორები მ. ტ-შვილი 0,5% წილით, ა. ქ-ავა 1% წილით, რ. ს-იანი 1% წილით, ზ. დ-აშვილი 1% წილით და მ. დ-აშვილი 0,5% წილით უარს ამბობენ შპს “ს...ს” პარტნიორობაზე, საზოგადოებაში მათ კუთვნილ წილებზე და გადიან შპს “ს...ს” პარტნიორთა რიგებიდან;

3. შპს “ს...” ვალდებულებას იღებს, ამ მორიგების მეორე მხარეს მ. ტ-შვილს, ა. ქ-ავას, რ. ს-იანს, ზ. დ-აშვილსა და მ. დ-აშვილს შპს “ს...ს” პარტნიორობიდან და ამხანაგობა ს...ს წევრობიდან გასვლის სანაცვლოდ, მათი წილების სულ 4,5%-ის საკომპენსაციოდ, ექვსი თვის ვადაში გადაუხადოს 130000 (ას ოცდაათი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი ამ მორიგების აქტის ხელმოწერის დღისათვის დადგენილი გაცვლითი საბანკო კურსით, რომელსაც ინაწილებენ თანაბრად;

4. სახელმწიფო საწარმო “ს...ს” დროებითი ამხანაგობის კუთვნილ ქ.თბილისში, რუსთაველის გამზირის ¹20-ში მდებარე 177 კვ.მ-ს მოსარჩელეთა განცხადების საფუძველზე მოეხსნას ყადაღა და აღნიშნული ქონება დაიტვირთოს იპითეკით დასაკმაყოფილებელი პირების მ. ტ-შვილის, ა. ქ-ავას, რ. ს-იანის, ზ. -აშვილისა და მ. დ-აშვილის სასარგებლოდ, ამ მორიგების აქტის მე-3 პუნქტში აღნიშნული შპს “ს...ს” ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად, რაც გაუქმდება შპს “ს..ს” მიერ მისი ვალდებულების სრულად შესრულებისთანავე;

5. შპს “ს...ს” მიერ მისი ვალდებულების შესრულების დამადასტურებელ დოკუმენტად ჩაითვლება ამ მორიგების მხარეებისათვის მათ პირად ან მათი წარმომადგენლის საბანკო ანგარიშებზე თანხის შეტანის დამადასტურებელი ქვითრები, რამაც ჯამში უნდა შეადგინოს 130000 (ას ოცდაათი ათასი) აშშ დოლარი;

6. შპს “ს...ს” პარტნიორთა რიგებიდან მ. ტ-შვილის, ა. ქ-ვას, რ. ს-იანის, ზ. დ-აშვილისა და მ. დ-აშვილის ამორიცხვა და შესაბამისი ცვლილების რეგისტრაცია შპს “ს...ს” სამეწარმეო რეესტრში მოხდება შპს “ს...ს” მხრიდან ამ მორიგების აქტის მე-3 პუნქტში მითითებული ვალდებულების სრულად შესრულების შემდგომ.

მოცემულ საქმეზე გაუქმდეს სასამართლოს გადაწყვეტილებები.

შეწყდეს სამოქალაქო საქმის წარმოება ზ. და მ. დ-შვილების, რ. ს-იანის, მ. ტ-შვილისა და ა. ქ-ავას სარჩელის გამო შპს “ს...ს” მიმართ პარტნიორთა კრების ოქმის ბათილად ცნობის, საწარმოს რეგისტრაციისა და სამეწარმეო რეესტრში ცვლილებების გაუქმების თაობაზე.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.