Facebook Twitter

საქმე №505აპ-15. ქ. თბილისი

ჭ-ე რ., 505აპ-15 15 მარტი, 2016 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ ლ. ბ-ს

ადვოკატ – ვ. გ-ს

მონაწილეობით განიხილა რ. ჭ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 9 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 3 აპრილის განაჩენით რ. ჭ-ე, _ ნასამართლობის არმქონე, _ დაუსწრებლად ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 და მე-7 ნაწილებით იმაში, რომ ჩაიდინა ავტომობილის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრასპორტო საშუალების მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

2. 2013 წლის 24 ოქტომბერს, 11.28 საათზე, ზუგდიდში, ... ქუჩაზე, ზუგდიდის რაიონის სოფელ ... მიმართულებით მოძრავ ავტომანქანას მართავდა რ. ჭ-ე. ამავე დროს ... ქუჩიდან ... ქუჩის მიმართულებით მოძრავ ავტომანქანას მართავდა ზ. რ-ე. რ. ჭ-მ დაარღვია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და ამავე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნები, რომლის შედეგად ... და ... ქუჩების მიმართულებით გამავალ თანაბარმნიშვნელოვან გზებზე არსებულ, საგზაო ნიშნებით არარეგულირებულ გზაჯვარედინზე მოძრაობისას არ დაუთმო გზა მისი მიმართულებით მარჯვენა მხრიდან მოძრავ ზ. რ-ს ავტომანქანას და შეეჯახა მას, რის შედეგადაც სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო ზ. რ-ს მგზავრმა ა. ჩ-მა, ხოლო მძღოლი ზ. რ-ე და ქვეითი ბ. ს-ა გარდაიცვალნენ.

3. აღნიშნული ქმედებისათვის რ. ჭ-ს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 და მე-7 ნაწილებით მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 3000 ლარი და 3 წლით ჩამოერთვა ავტომანქანის მართვის უფლება.

4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ვ. გ-მ, რომელმაც ითხოვა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 3 აპრილის განაჩენის გაუქმება და რ. ჭ-ს გამართლება.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 9 ივნისის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. კასატორი – მსჯავრდებული რ. ჭ-ე საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატა განაჩენის დადგენისას დაეყრდნო მხოლოდ ბრალდების ფორმულირებას, მთლიანად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი, ხოლო დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ განიხილა და არ შეაფასა; სასამართლომ არც ერთი ეჭვი არ განმარტა რ. ჭ-ს სასარგებლოდ, არ გამოიკვლია არსებითი ხასიათის ისეთი გარემოებები, რომელთა გარეშეც შეუძლებელია სწორი გადაწყვეტილების მიღება; გაიზიარა მხოლოდ ბრალდების ურთიერთგამომრიცხავი მტკიცებულებები, რითიც, ფაქტობრივად, უარი თქვა მართლმსაჯულების განხორციელებაზე და მსჯავრდებულს წაართვა სამართლიანი სასამართლოს უფლება.

7. კასატორის მითითებით ერთადერთი მტკიცებულება, რითიც დადგინდა რ. ჭ-ს ბრალეულობა, არის ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც, კასატორის აზრით, შედგენილია არაობიექტურად, ზერელედ არის აღწერილი და ზოგჯერ დამახინჯებულია ფაქტები, ცალმხრივადაა გამოყენებული საქმის მასალები, რომლებიც მიმართულია მხოლოდ რ. ჭ-ს ბრალდების დასადასტურებლად; მოწმედ დაკითხულმა ექსპერტებმა ცალსახად აღიარეს, რომ, თუ ავტომანქანა დასახლებულ პუნქტში მოძრაობს 100 კმ/სთ სიჩქარით, ეს დარღვევაა, ასევე დაადასტურეს, რომ გზაჯვარედინზე გაუჩერებლად გავლა აკრძალულია და რომ ... ქუჩიდან მომავალი მძღოლი, თუ უნდოდა ... ქუჩაზე გავლა, პირდაპირ ვერ წავიდოდა, უნდა შეესრულებინა გარკვეული მანევრი მარჯვნივ მოძრაობით; სასამართლომ არ გამოიყენა და არ შეაფასა ექსპერტთა ჩვენებები და ზ. რ-ს ქმედება; სასამართლომ არ შეაფასა ის ფაქტი, რომ, თუ ზ. რ-ე იმოძრავებდა დასაშვები – 60 კმ/სთ სიჩქარით, არ მოხდებოდა ძლიერი შეჯახება და არ დადგებოდა ასეთი სავალალო შედეგი. არავინ დაინტერესებულა, გზაჯვარედინზე შემოსვლამდე, ... ქუჩაზე იდგა თუ არა საგზაო ნიშნები. ექსპერტი არ დაინტერესდა, ესტაკადის დასაწყისში არსებული საგზაო ნიშანი 5.20.1 თეთრ ფონზე რას ნიშნავდა და რა უპირატესობას აძლევდა რ. ჭ-ს.

8. საჩივრის ავტორის აზრით, მას საგზაო მოძრაობის წესები არ დაურღვევია, ე.ი. მისი ქმედება არ არის მართლსაწინააღმდეგო; ნიშანი „სდექ“ დადგეს ... ქუჩაზე, ანუ ზ. რ-ს სამოძრაო მონაკვეთზე. საქმეში არ არსებობს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საკმარისი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნებდა ობიექტურ პირს რ. ჭ-ს ბრალეულობაში.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებული რ. ჭ-ე ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 9 ივნისის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და გამართლებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ მხარეთა მონაწილეობით განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ კასატორის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს არგუმენტებს რ. ჭ-ს მიერ ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის თაობაზე, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, უტყუარ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება რ. ჭ-სთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა, კერძოდ:

2. 2013 წლის 24 ოქტომბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, მასზე თანდართული სქემითა და ფოტოსურათებით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. ზუგდიდში, ... და ... ქუჩების გადაკვეთაზე და წარმოადგენს ასფალტირებულ გზაჯვარედინს. ... და ... ქუჩები განკუთვნილია ორმხრივი მოძრაობისთვის. შემთხვევის ადგილზე საგზაო ნიშნები, „სდექ“ ხაზი, მთავარი გზის, ან გზის დათმობის, არ შეინიშნება. ... ქუჩაზე №...–ე სახლთან დგას თეთრი „მერსედეს სპრინტერის“ მარკის მიკროავტობუსი, ხოლო მისგან ჩრდილოეთით, 5,6 მეტრის მოშორებით „მიცუბიშის“ მარკის ავტომობილი. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში მითითებული გარემოებები და ოქმის, ასევე მასზე თანდართული სქემის შედგენა დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა პატრულ– ინსპექტორებმა დ. ვ-მ, ი. ჯ-მ და ი. ჭ-მ, რომლებმაც ასევე განმარტეს, რომ შემთხვევის ადგილზე საგზაო ნიშნები, მათ შორის „სდექ“ ხაზი, ან მთავარი გზის, ან დათმობის, არ იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთი გზაჯვარედინი ითვლება თანაბარმნიშვნელოვნად და მარჯვნიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას უნდა დაუთმონ გზა. დასახელებული საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა და მისი შედეგები ასევე დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტ–კრიმინალისტებმა - ი. ჯ-მ და ზ. გ-მ.

3. შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2014 წლის 23 იანვრის ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნითა და ექსპერტ კ. ქ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილზე არსებული გზაჯვარედინი წარმოადგენს თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთას და არის არარეგულირებადი გზაჯვარედინი, სადაც გავლისას, თანახმად „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ კანონისა, მძღოლი გზას უთმობს მარჯვნიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას, რის გამოც მძღოლ რ. ჭ-ს შეეძლო საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევის აცილება.

4. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სატრანსპორტო ტექნიკურ–ტრასოლოგიური ექსპერტიზის 2014 წლის 11 ივლისის დასკვნითა და ექსპერტ დ. გ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ მოცემულ საგზაო სიტუაციაში, გზაჯვარედინზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებებიდან გავლის უპირატესობით სარგებლობდა შემთხვევაში მონაწილე ავტომობილ „მიცუბიშის“ მძღოლი ზ. რ-ე და მასზე არ იყო დამოკიდებული მოცემული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება, მის მოქმედებაში ,,საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა არ აღინიშნება. საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება დამოკიდებული იყო „მერსედეს ბენცის“ მძღოლ რ. ჭ-ს მოქმედებაზე და თუ იგი „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 32–ე მუხლის მეხუთე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად იმოქმედებდა, მოცემული შემთხვევა გამორიცხული იქნებოდა.

5. კასატორი აპელირებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელ ე. თ-ს 2014 წლის 24 თებერვლის №... მიმართვაზე, საიდანაც ირკვევა, რომ ... ქუჩით გამავალი ცენტრალური საავტომობილო გზა საერთაშორისო მნიშვნელობისაა და წარმოადგენს მთავარ გზას. ... ქუჩით გამავალი საავტომობილო გზა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობისაა და ... ქუჩასთან მიმართებით წარმოადგენს მეორეხარისხოვანს. ... და ... ქუჩების გადაკვეთის გზაჯვარედინი 2013 წლის 15 ოქტომბრამდე რეგულირდებოდა შესაბამისი საგზაო ნიშნებით, კერძოდ: ... ქუჩის დასაწყისში დამონტაჟებული იყო საგზაო ნიშანი 2.4 „დაუთმე გზა“, დამატებითი დაფით „ვიდეო–კონტროლი“, რომლებიც დაუდგენელი მიზეზით დაზიანებული და დემონტირებულია.

6. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ამავე მიმართვიდან ირკვევა, რომ საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევის დღეს, 2013 წლის 24 ოქტომბერს, ზემოაღნიშნული ქუჩების გადაკვეთა არ რეგულირდებოდა შესაბამისი საგზაო ნიშნებით. შესაბამისად, პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას, რომ აღნიშნული წერილით დასტურდება, რომ იგი მოძრაობდა მთავარ გზაზე, და, შესაბამისად სარგებლობდა გავლის უპირატესობით, ვინაიდან „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის ჰ1 პუნქტის თანხამად, მთავარ გზად ითვლება 2.1, 2.3.1, 2.3.2, 2.3.3 ან 5.1 საგზაო ნიშნით აღნიშნული გზა გადასაკვეთ - (მიერთებულ) გზასთან შედარებით, ან გზა - მიმდებარე ტერიტორიიდან გამომავალ გამოსასვლელთან შედარებით, ან მკვრივსაფარიანი გზა -გრუნტოვანთან შედარებით, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

7. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მძღოლი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულია, იმოძრაოს იმ ნიშნების შესაბამისად, რომლებიც იმ კონკრეტულ შემთხვევაში არეგულირებს საგზაო მოძრაობის წესებს, როდესაც იგი გადაადგილდება და არა რაიმე სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.

8. უსაფუძვლოა ასევე კასატორის მითითება იმის შესახებ, რომ მძღოლი ზ. რ-ე მოძრაობდა 100 კმ/სთ სიჩქარით და მას დასაშვები სიჩქარით რომ ემოძრავა, არ მოხდებოდა ძლიერი შეჯახება და არ დადგებოდა ასეთი სავალალო შედეგი, ვინაიდან საქმის მასალებით არ არის დადგენილი თუ რა სიჩქარით მოძრაობდა ზ. რ-ე. მეტიც, ექსპერტმა დ. გ-მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ წარმოდგენილი ვიდეომასალიდან აშკარად ჩანდა, რომ რ. ჭ-ე ზ. რ-ზე გაცილებით დიდი სიჩქარით მოძრაობდა.

9. ამდენად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას მისი უდანაშაულობის თაობაზე, ვინაიდან ეს ეწინააღმდეგება სასამართლო სხდომაზე კანონით დადგენილი წესით გამოკვლეულ უტყუარ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობას.

10. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-3 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ რ. ჭ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 9 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. სილაგაძე