Facebook Twitter

ას-333-653-09 14 ივლისი, 2009 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), ლალი ლაზარაშვილი

სხდომის მდივანი _ ლ. სანიკიძე

კასატორი _ სს „.......... ბანკი” (მოსარჩელე)

წარმომადგენელი _ გ. ჭ-ე

მოწინააღმდეგე მხარე _ ი. გ-ე (მოპასუხე)

წარმომადგენელი _ გ. ს-ე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 19 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი _ ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს „......... ბანკმა” სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. გ-ის მიმართ და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, მოითხოვა აწ გარდაცვლილი ნ. დ-ის უფლებამონაცვლედ მოპასუხე ი. გ-ის ცნობა, საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების _ 3630,17 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მისაღებად გადახდილი მოსაკრებლის _ 15 ლარის, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 156,06 ლარის ანაზღაურება საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად დაგირავებული და იპოთეკით დატვირთული, ქ. ბათუმში, ........... ქ. ¹107-ში მდებარე ქონებისა და მოპასუხის სხვა ქონების რეალიზაციის გზით, შემდეგი საფუძვლებით: 2002 წლის 20 ნოემბერს მოპასუხის დედას _ ნ. დ-ესა და სს „მ-ს“ შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბანკმა ნ. დ-ეს ასესხა 3000 აშშ დილარი. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ნ. დ-ის საკუთრებაში არსებული ქ. ბათუმში, ............ ქ. ¹107-ში მდებარე უძრავი ქონება, ხოლო ნ. დ-ის კუთვნილ მოძრავ ნივთებსა და ძვირფასეულობაზე გაფორმდა გირავნობის ხელშეკრულება. 2003 წლის 23 დეკემბერს ნ. დ-ის სიძემ, მოპასუხე ი. გ-ის მეუღლე ნ. კ-ემ განცხადებით მიმართა ბანკს ნ. დ-ის გარდაცვალების თაობაზე. განმცხადებელმა მოითხოვა კრედიტის დასაფარავად დაგირავებული ნივთების რეალიზაცია და დადო პირობა, გარდაცვლილის მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღებისთანავე კრედიტის დარჩენილი ნაწილის დაფარვის შესახებ. ბანკის მიერ იპოთეკით დატვირთულ ბინაში ცხოვრობს ნ. დ-ის შვილი _ ი. გ-ე, რომელსაც სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობით მიღებული აქვს. მოპასუხემ აღიარა გარდაცვლილი დედის ვალდებულება ბანკის მიმართ და თანხმობა განუცხადა დაგირავებული ძვირფასეულობისა და სხვა მოძრავი ნივთების გასხვისებაზე.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. სადავო გარიგების გაფორმებისას ბანკმა დაარღვია მისი პირობა და სესხი გაცემის დათქმულ დღეს თანხა, დღის პირველი ნახევრის ნაცვლად, გასცა დღის მეორე ნახევარში. აწ გარდაცვლილი ნ. დ-ე ეწეოდა სავაჭრო საქმიანობას, რა დროსაც უხდებოდა უცხოეთიდან საქონლის ჩამოტანა. ბანკის მიერ კრედიტის დროულად გაუცემლობის გამო მან ვერ შესძლო დანიშნულ დროს გამგზავრება, ინერვიულა და ინფარქტით გარდაიცვალა. ნ. დ-ის დანატოვარი საქონლიდან დაიფარა მისი ვალები, მათ შორის, მოსარჩელის წარმომადგენლებს ნახევარ ფასში გადაეცათ საქონელი კრედიტის გასაქვითად, რის შემდეგ ბანკიდან მოპასუხეს არავინ შეხმიანებია. დაუსაბუთებელია მოსარჩელის არგუმენტი, რომ ი. გ-ემ სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლით დადგენილი წესით მიიღო სამკვიდრო, ვინაიდან იპოთეკით დატვირთული სადავო სახლი მოპასუხის მამის გარდაცვალების შემდეგ თანაბარწილად მემკვიდრეობით მიიღეს როგორც ნ. დ-ემ, ისე ი. გ-ემ. ამდენად, მოპასუხე ფლობს და ცხოვრობს სადავო სახლის მამის დანატოვარ ნაწილში.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს „......... ბანკის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 19 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი: 2002 წლის 20 ნოემბერს ნ. დ-ემ სს „მ-გან“ ისესხა 3000 აშშ დილარი 17 თვის ვადით, 2004 წლის 20 აპრილამდე, თვეში 3%-ის დარიცხვით. ხელშეკრულების 5.1 პუნქტის შესაბამისად, 2002 წლის 11 ნოემბერს სესხის უზრუნველსაყოფად გაფორმდა ცვლილებები იპოთეკის ხელშეკრულებაში, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა ნ. დ-ის საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, ........... ქ. ¹107-ში მდებარე უძრავი ქონება, ხოლო მოძრავ ნივთებზე გაფორმდა გირავნობის ¹....... და ¹....... ხელშეკრულებები, დაგირავდა ნ. დ-ის საკუთრებაში არსებული ოქროს სამკაული, საძინებელი, ვიდეომაგნიტოფონი „ფუნაი“ და 7000 აშშ დოლარის თვითღირებულების სავაჭრო საქონელი. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 13 სექტემბრის დადგენილებით სს „მ-მა“ შეიცვალა სახელწოდება სს „........ ბანკით“. 2002 წლის 4 დეკემბერს ნ. დ-ე გარდაიცვალა. საქმეზე დართული, ნ. დ-ის ანგარიშსწორების ამონაწერითა და მოსარჩელის მიერ გაცემული ცნობით დასტურდება, რომ 2002 წლის 20 ნოემბრის ¹....... საკრედიტო ხელშეკრულებით წარმოშობილი ნ. დ-ის დავალიანებიდან დაფარულია მხოლოდ 476,47 აშშ დილარი, მათ შორის, ძირითადი თანხა _ 279,31 აშშ დილარი, ჯარიმა _ 18,47 აშშ დოლარი და პროცენტი _ 178,69 აშშ დოლარი. ნ. დ-ის ანგარიშსწორების ამონაწერით დასტურდება, რომ ნ. დ-ის დავალიანების დასაფარავად თანხა უკანასკნელად შეტანილ იქნა 2003 წლის 16 იანვარს, რის შემდეგაც მოსარჩელეს მოპასუხისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრამდე აღარაფერი მოუთხოვია. პალატამ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ ი. გ-ემ ნ. დ-ის საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, .......... ქ. ¹107-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა, სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის შესაბამისად, მიიღო ფაქტობრივი ფლობით. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლის პირველი პუნქტით, 1487-ე მუხლით და დაადგინა, რომ ნ. დ-ის მემკვიდრე ი. გ-ემ აცნობა კრედიტორ სს „........... ბანკს“ მოვალის გარდაცვალებისა და სამკვიდროს გახსნის შესახებ. მას შემდეგ, რაც სს „........ ბანკმა“ შეიტყო სამკვიდროს გახსნის შესახებ, ექვსი თვის ვადაში წარუდგინა მოთხოვნა მოვალე ნ. დ-ის მემკვიდრე ი. გ-ეს, რომელმაც დაგირავებული ნივთების რეალიზაციით ნაწილობრივ დაფარა ნ. დ-ის კრედიტი. პალატის მოსაზრებით, აღნიშნული ქმედების განხორციელებისას კრედიტორს არ გაუშვია მოთხოვნათა წარდგენის ვადა, შესაბამისად, არასწორია გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივაცია, რომ აღნიშნული შესრულებით კრედიტორმა ვალდებულება ჩათვალა დასრულებულად, რადგანაც შემდეგში სარჩელის აღძვრის მომენტამდე მოპასუხეების მიმართ მოთხოვნა აღარ წარუდგენია. პალატამ ჩათვალა, რომ სს „.......... ბანკმა“ გირავნობის ხელშეკრულებით დაგირავებული ნივთების რეალიზაციის შემდეგ, 2003 წლის 16 იანვრიდან 2008 წლის 7 ნოემბრამდე, სარჩელის შეტანამდე არ წარუდგინა რა ნ. დ-ის მემკვიდრეს ვალის დაფარვის მოთხოვნა, ამით გაუშვა ხანდაზმულობის ვადა. სამოქალაქო კოდექსის 1490-ე მუხლზე მითითებით სასამართლომ დაადგინა, რომ 2002 წლის 20 ნოემბრის ¹........ საკრედიტო ხელშეკრულების შესრულების ვადა იწურებოდა 2004 წლის 20 აპრილს, შესაბამისად, რადგანაც ი. გ-ემ ამ ვადაში არ შეასრულა ვალდებულება, სს „......... ბანკმა“ ამ დროიდან შეიტყო მისი უფლების დარღვევის შესახებ, თუმცა მან სასამართლოს სარჩელით მიმართა მხოლოდ 2008 წლის 7 ნოემბერს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით ხანდაზმულობის ვადის დარღვევით. სამოქალაქო კოდექსის 295-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ იპოთეკა, როგორც აქცესორული უფლება, არ შეიძლება არსებობდეს ძირითადი მოთხოვნის გარეშე, ამდენად, მართალია, იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში დავის გადასაწყვეტად არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს უძრავ ნივთებთან დაკავშირებით სახელშეკრულებო მოთხოვნის ექვსწლიანი ვადა, რადგანაც იპოთეკა არის დამატებითი მოთხოვნა, რომელიც დაკავშირებულია და არ არსებობს ძირითადი მოთხოვნის გარეშე. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 145-ე მუხლით და ჩათვალა, რომ სს „.......... ბანკს“ განსახილველ დავაში ხანდაზმულობის ვადის დენა დაეწყო მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან _ 2004 წლის 20 აპრილიდან, თუმცა კრედიტორ სს „........ ბანკს“ 2008 წლის 7 ნოემბრამდე ვალდებული პირისათვის მოთხოვნის შესრულების ვადის დადგომის მიუხედავად, ანუ სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიან ვადაში, შესრულება არ მოუთხოვია, რითაც გაუშვა კანონით დადგენილი მოთხოვნის ვადა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება სს “........... ბანკმა” გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება, ასევე, მხარის მიერ სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხების მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ დავის გადაწყვეტისას არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 1490-ე და 128-ე მუხლები, რომლებზეც მხარე სააპელაციო საჩივარში უთითებდა და მოთხოვნის აღნიშნულ საფუძველზე საერთოდ არ იმსჯელა. პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთება, თუმცა მაინც ძალაში დატოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. პალატამ მტკიცებულად მიიღო აწ გარდაცვლილი ნ. დ-ის სიძე ნ. კ-ის განცხადება ბანკის მიმართ მოვალის გარდაცვალების შესახებ, რის მიღებაზეც პირველი ინსტანციის სასამართლომ უარი განუცხადა მხარეს. პალატამ დაადგინა, რომ გარდაცვლილის მემკვიდრემ აღიარა ზემოხსენებული განცხადების შეტანის ფაქტი თავის შესაგებელში და სამოქალაქო კოდექსის 1487-ე მუხლის შესაბამისად შეატყობინა მამკვიდრებლის კრედიტორს სამკვიდროს გახსნის თაობაზე. ამასთან, განცხადება შეიცავდა არა მარტო შეტყობინებას მოვალის გარდაცვალების შესახებ, არამედ, მოთხოვნას კრედიტის დასაფარად დაგირავებული ნივთების ერთობლივად რეალიზაციის შესახებ, ხოლო დარჩენილი ნაწილის შესრულების გადადებას სამკვიდროს კანონით დადგენილი წესით მიღებამდე. ამდენად, მითითებული განცხადება შესრულების გადავადების თაობაზე სამოქალაქო კოდექსის 1490-ე მუხლით გათვალისწინებულ მემკვიდრის მიმართვად უნდა შეფასდეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს “......... ბანკის” საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება შეამოწმოს მხოლოდ საკასაციო საჩივარში წარმოდგენილი პრეტენზიის ფარგლებში.

მოცემულ შემთხვევაში კასატორი სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას მოითხოვს იმ მოტივით, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 1490-ე მუხლი, რომლის მიხედვით თუ მოთხოვნა კრედიტორის მიერ მოთხოვნის შესრულების ვადამდე იყო წარდგენილი, მაშინ მემკვიდრეს უფლება აქვს გადადოს შესრულება ვადის დადგომამდე. ვადის დადგომიდან კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს შესრულება სასარჩელო ხანდაზმულობის საერთო ვადის განმავლობაში.

მითითებული ნორმის სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ კრედიტორის მიერ ვალდებულების შესრულების ვადამდე მოვალის მიმართ მოთხოვნის წარდგენის შემთხვევაში მოვალის მემკვიდრე უფლებამოსილია, არ შეასრულოს ვალდებულება მისი შესრულების ვადის დადგომამდე, შესაბამისად, კრედიტორს მოთხოვნის უფლება წარმოეშობა შესრულების ვადის დადგომის მომენტიდან.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა და კასატორს სადავოდ არ გაუხდია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ბანკსა და ნ. D-ეს შორის დადებული 2002 წლის 20 ნოემბრის ¹........ საკრედიტო ხელშეკრულების შესრულების ვადა იწურებოდა 2004 წლის 20 აპრილს, თუმცა ნ. დ-ის უფლებამონაცვლე ი. G-ეს აღნიშნულ ვადაში სადავო ვალდებულება არ შეუსრულებია. ამ გარემოებიდან გამომდინარე, კანონიერია სააპელაციო პალატის დასკვნა, რომ სს “....... ბანკმა” 2004 წლის 20 აპრილიდან შეიტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ და სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენა სწორედ აღნიშნული დროიდან უნდა დაიწყოს. უდავოა ის გარემოება, რომ სს “........... ბანკმა” სასამართლოს სარჩელით მიმართა 2008 წლის 7 ნოემბერს, შესაბამისად, სარჩელი ხანდაზმულია.

დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრება, რომ სამოქალაქო კოდექსის 1490-ე მუხლის მეორე წინადადებით კანონმდებელი კრედიტორს უფლებას ანიჭებს რა, მოითხოვოს შესრულება სასარჩელო ხანდაზმულობის საერთო ვადის განმავლობაში, რომელიც, ამავე კოდექსის 128-ე მუხლის მიხედვით 10 წელს შეადგენს, ამდენად, სს “............ ბანკის” სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა მოთხოვნის უფლების წარმოშობიდან 10 წლით უნდა განისაზღვროს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ სავსებით სწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის თანახმად სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. აღნიშნული კანონის დანაწესი განსაზღვრავს სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე წარმოშობილი მოთხოვნების ხანდაზმულობის განსხვავებულ ვადას და ამ ტიპის მოთხოვნებთან მიმართებით სპეციალურ ნორმას წარმოადგენს.

რაც შეეხება სამოქალაქო კოდექსის 1490-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ მითითებას საერთო ვადაზე, აღნიშნული არ შეიძლება განიმარტოს იმდაგვარად, რომ კრედიტორს უფლება აქვს, მოვალის უფლებამონაცვლეს, მამკვიდრებლისაგან განსხვავებით, ხანდაზმულობის საერთო ვადის განმავლობაში მოსთხოვოს ვალდებულების შესრულება. ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დათქმა უნდა განიმარტოს გავრცობითად, კერძოდ:

სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე _ მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. აღნიშნული ნორმის შინაარსი ერთმნიშვნელოვნად ადგენს მემკვიდრის უფლება-მოვალეობის ფარგლებს და იმპერატიულად აწესებს, რომ მემკვიდრის უფლებები და მოვალეობები არ შეიძლება გასცილდეს მამკვიდრებლის უფლებებსა და მოვალეობებს. სამემკვიდრეო სამართალი არ იცნობს ნორმას, რომელიც აუარესებს მემკვიდრის მდგომარეობას სამკვიდრო ქონებასთან მიმართებით და იმაზე მეტს ავალდებულებს, რაც მამკვიდრებელს გააჩნდა.

ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, სს “........... ბანკსა” და ნ. დ-ეს შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე, მოქმედებდა რა სასარჩელო ხანდაზმულობის სახელშეკრულებო მოთხოვნებისათვის სპეციალურად დადგენილი სამწლიანი ვადა, ი. გ-თან მიმართებითაც იგივე მოთხოვნები უნდა გავრცელდეს.

აქვე საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორი წარმოადგენს მეწარმე სუბიექტს, რომელსაც, თავისი იურიდიული სტატუსიდან გამომდინარე, უფრო მეტი ყურადღება მოეთხოვება, რადგან დარღვეული უფლების დასაცავად ხანგრძლივი დროის მანძილზე მოთხოვნის წარუდგენლობა არის ვარაუდი იმისა, რომ უფლებადარღვეული პირი არ არის დაინტერესებული თავისი უფლების განხორციელებით ან არ არის დარწმუნებული მოთხოვნის საფუძვლიანობაში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოხსენებულ დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიას არ წარმოადგენს კასატორის მოსაზრება, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიღო მტკიცებულებად ნ. დ-ის სიძის _ ნ. კ-ის განცხადება სს “........... ბანკის” მიმართ, რომლითაც მხარემ არა მარტო შეატყობინა კრედიტორს მოვალის გარდაცვალების შესახებ, არამედ, ასევე, ვალდებულება იკისრა, სესხის დარჩენილი ნაწილი დაებრუნებინა კანონით დადგენილი წესით სამკვიდროს მიღების შემდეგ. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ნ. კ-ის ხსენებული განცხადებით არ მტკიცდება კასატორის მიერ მითითებული გარემოება მოვალის მემკვიდრის მიერ ვალდებულების შესრულების გადადების თაობაზე, კერძოდ, განმცხადებელი სადავოდ ხდის ნ. დ-ესა და ბანკს შორის დადებული ¹...... ხელშეკრულებით დაგირავებული ნივთების ნაწილით სესხის თანხის დაფარვას, რადგან უთითებს, რომ აღნიშნული ნივთები გარდაცვლილ ნ. დ-ეს არ ეკუთვნოდა. ნ. კ-ე მიუთითებს, თუ სად იმყოფება ნ. დ-ის დანატოვარი ნივთები, რომელთა რეალიზების გზითაც ბანკს შეუძლია თავისი მოთხოვნა დაიკმაყოფილოს და აღნიშნავს, რომ ბანკის მხრიდან რაიმე პრეტენზიის არსებობისას ამ უკანასკნელს შეუძლია მიმართოს სასამართლოს ნ. დ-ის კანონიერი მემკვიდრის დადგენის შემდეგ. ამდენად, დასახელებული მტკიცებულების მიღება-არმიღების საკითხს არსებულ დავასთან მიმართებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა არ გააჩნია, რადგან მითითებული განცხადება არ შეიცავს იმ სახის ინფორმაციას, რომელიც მოცემული საქმის სამართლებრივ შედეგზე _ სარჩელის ხანდაზმულად მიჩნევაზე არსებითად იმოქმედებდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სს “....... ბანკის” საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

სს “........... ბანკის” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 19 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.

სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.