¹ას-333-685-07 8 ივნისი, 2007 წ.
თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განიხილა ბათუმის ... საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1996 წლის 2 დეკემბერს ქ. ბათუმის ... სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე _ ქ. ბათუმის ... სანოტარო კანტორისა და ლ. ბ-ის მიმართ და მოითხოვა ქ. ბათუმში, ... და ... ქუჩათა ¹10/18-ში მდებარე სახლთმფლობელობაზე სანოტარო მოქმედებების გაუქმება და მისი კომუნალურ ფონდში ჩარიცხვა იმ საფუძვლით, რომ საკუთრება აღნიშნულ სახლზე მოპოვებული იყო ყალბი დოკუმენტების გამოყენებით. მოგვიანებით, მოსარჩელემ გაზარდა სარჩელის მოთხოვნა და მოითხოვა იმ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომელთა საფუძველზეც ქონება აღირიცხა მოპასუხეთა საკუთრებად.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1998 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით ქ. ბათუმის ... სარჩელი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქ. ბათუმის ... სანოტარო კანტორის მიერ 1961 წლის 5 აპრილს ¹5-370 რეესტრით დამოწმებული ანდერძი, რითაც ხ. ბ-ე ხ. ი-ის ასულმა სახლთმფლობელობა _ მდებარე ქ. ბათუმი, ... ქუჩა ¹18-ში მთლიანად უანდერძა ა. ბ-ს, რის გამოც გაუქმდა ქ. ბათუმის ... სანოტარო კანტორის მიერ 1962 წლის 5 იანვარს ¹158 რეესტრით დამოწმებული კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა. ასევე გაუქმდა ქ. ბათუმის ... სანოტარო კანტორის მიერ 1987 წლის 17 თებერვლას ¹2-316-ით დამოწმებული კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა, რითაც ა. ბ-მა მიიღო ხ.-ბ-ე ხ. ი-ის ასულის დანაშთი ქონება, მდებარე, ქ. ბათუმი, ... და ... ქ. ¹10/16-ში. გაუქმდა ... რაიონის სანოტარო კანტორის მიერ 1989 წლის 3 მაისს ¹583 რეესტრით დამოწმებული კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა, რომლის თანახმადაც, ა. ბ-ის სამკვიდრო ქონებაზე თანაბარწილად მემკვიდრეებად ცნობილნი არიან მეუღლე _ ფ. კ-ე და ქალიშვილი _ ლ. ბ-ი. სადავო სახლთმფლობელობა ჩაირიცხა ბათუმის ... კომუნალურ ფონდში.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ფ. კ-მ და მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით ფ. კ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1998 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ქ. ბათუმის ... სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ა. ბ-ი წარმოადგენდა ხ. ხ-ის ანდერძისმიერ მემკვიდრეს და, შესაბამისად, 1961 წლის 5 აპრილის ანდერძის ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობდა, ამასთან ამ ნაწილში სარჩელი ხანდაზმულად მიიჩნია.
დაადგინა, რომ ა. ბ-ი ფაქტობრივად დაუფლებული იყო სამკვიდროს, რომელზეც იურიდიული მოქმედებებიც კი განახორციელა, კერძოდ გაასხვისა მისი ნაწილი, რომლის ნამდვილობა სადავოდ არ გამხდარა.
სააპელაციო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ფ. კ-ე და ლ. ბ-ი ა. ბ-ის პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრეები არიან და ვერც მოსარჩელემ მიუთითა ისეთ გარემოებებზე, რაც სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის საფუძვლად შეიძლებოდა ჩათვლილიყო.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. ბათუმის ... , მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 7 მაისის განჩინებით ქ. ბათუმის ... საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. ბათუმის ... საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება სანოტარო მოქმედებების გაუქმებსათან დაკავშირებულ დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას ქ. ბათუმის ... საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ. ბათუმის ... საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.