Facebook Twitter

ას-335-687-07 23 ივლისი, 2007 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატამ

მოსამართლე: მ. სულხანიშვილი

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ა. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 15 მარტის განჩინებაზე, საქმეზე _ ა. გ-ის სარჩელის გამო მოპასუხეების მ. გ-ის და ლ. მ-ის მიმართ, მატერიალური ზარალის ანაზღაურების შესახებ.

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ ა. გ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 1 მაისის განჩინებით ა. გ-ს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის შესაბამისად დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენა (ს.ფ. 82-83).

აღნიშნული განჩინების ასლი კასატორს გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით, მაგრამ შეტყობინება საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ სასამართლოს არ დაუბრუნდა. სახალხო ფოსტისადმი მიმართვისას გაირკვა, რომ კასატორს აღნიშნული განჩინების ასლი ჩაბარდა 11 მაისს (ს.ფ. 84-88). შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა ამოიწურა მიმდინარე წლის 21 მაისს, მაგრამ აღნიშნულ ვადაში კასატორის მიერ ხარვეზი არ იქნა შევსებული.

პალატა თვლის, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველი.

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ა. გ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.