Facebook Twitter

ას-336-688-07 14 სექტემბერი, 2007 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მ. ცისკაძე (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – თ. შ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „.. ..“ (მოსარჩელე)

დავის საგანი – თანხის დაბრუნება

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 5 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „ .. ..“ დირექტორმა სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების თ. შ-ის და ნ. მ-ის მიმართ. მან თ.შ-ისაგან მოითხოვა მხარეთა შორის 2006 წლის 10 თებერვალს დადებული ხელშეკრულების ბათილობა, მოპასუხისათვის გადახდილი 10 000 აშშ დოლარის უკან დაბრუნება; მოსარჩელემ სარჩელში ასევე მიუთითა, რომ საშუამავლო საქმიანობისათვის ნ. მ-ს გადაუხადა 400 ევრო და 200 აშშ დოლარი; ამ საქმიანობის შეუსრულებლობის გამო მოითხოვა მისგან ამ თანხის დაბრუნება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით თ. შ-ს დაეკისრა შპს „ .. ..“ სასარგებლოდ 10 000 აშშ დოლარის გადახდა; მასვე დაეკისრა მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გადახდა 456 ლარის ოდენობით მოსარჩელის სასარგებლოდ. ნ. მ-ს დაეკისრა შპს „ .. ..“ სასარგებლოდ 400 ევროსა და 200 აშშ დოლარის დაბრუნება.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. შ-მ და ნ. მ-მ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 5 იანვრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა თ. შ-ის და ნ. მ-ის სააპელაციო საჩივრები; უცვლელი დარჩა მოცემულ საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატის განჩინებით დადგენილია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2006 წლის 10 თებერვალს მოსარჩელე შპს „ .. ..“ და მოპასუხე თ. შ-ს შორის დაიდო ბეს შესახებ ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულების თანახმად მოსარჩელემ შპს „ .. ..“ წარმომადგენელმა მ. ა-მა მოპასუხე თ. შ-ს გადასცა ბეს სახით 10 000 აშშ დოლარი, რომელიც მომავალში ნასყიდობის ფასში უნდა ჩათვლილიყო. თვით უძრავი ქონების ნასყიდობის სრულ ფასად განისაზღვრა 70 000 აშშ დოლარი, რომელიც მხარეთა შეთანხმებით შპს „ .. ..“ 14 თებერვალს უნდა გადაეხადა.

სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა რომ ნასყიდობის საგანი მართლაც იყო ნივთობრივი ნაკლის მქონე, რაც გამოიხატება იმაში, რომ იგი არ იყო შეთანხმებული ფართის, საჯარო რეესტიდან წარმოდგენილი ამონაწერის თანახმად შ-ის სახელზე რეგისტრირებული ბინა მდებარე ქ. ბათუმში ... ქ. ¹2-ში 82,68 კვ.მ-ია და იგი მხარეთა შეთანხმების დროისათვის დატვირთული იყო იპოთეკით.

სააპელაციო პალატამ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტი.

სასამართლომ მოსარჩელესა და მოპასუხე ნ. მ-ს შორის ურთიერთობა შუამავლობის ხელშეკრულებად მიიჩნია, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება შპს „ .. ..“ და თ. შ-ს შორის არ შემდგარა, სწორედ აღნიშნულის გამო მოსარჩელის მოთხოვნა გაწეული გასამჯელოს დაკისრების თაობაზე შუამავალ ნ. მ-საგან კანონშესაბამისად ჩათვალა.

სააპელაციო პალატის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა თ. შ-მ, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. მისი საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს:

კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმის შესახებ, რომ ნასყიდობის საგნის ფართი არ იყო იმ ოდენობის, რაზედაც იყვნენ მხარეები შეთანხმებული. რადგან მოსარჩელე ადასტურებს იმას, რომ ნასყიდობის საგანი დაათვალიერა და „ბეს“ მიმღებმა წარუდგინა მყიდველს ყველა დოკუმენტები, მათ შორის ტექნიკური პასპორტი და აზომვითი ნახაზი; თუ ეს დოკუმენტები მყიდველისათვის სარწმუნო არ იყო, მას საშუალება ჰქონდა გადაემოწმებინა იგი საჯარო რეესტრში და ისე მიეღო გადაწყვეტილება ბეს გაცემაზე.

კასატორი ასევე არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ნასყიდობის საგანი იყო უფლებრივად ნაკლის მქონე, ვინაიდან იგი დატვირთული იყო იპოთეკით. თ. შ-მ სააპელაციო სასამართლოს წარუდგინა დოკუმენტები იმის თაობაზე, რომ ბანკის ვალი გასტუმრებული ჰქონდა ჯერ კიდევ 2004 წლის 28 ივნისს და დარჩენილი იყო მხოლოდ ფორმალური მხარე, რათა მოხსნილიყო იპოთეკა. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს იპოთეკა უკვე აღარ არსებრობდა, მაგრამ სასამართლომ არ გაითვალისწინა აღნიშნული გარემოება და არ შეაფასა სათანადოდ. კასატორის მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი, სათანადოდ არ გამოიკვლია ფაქტობრივი გარემოებები და არ შეაფასა მის მიერ წარდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერი, ცნობა ნასყიდობის საგანზე; დოკუმენტი იმის თაობაზე, რომ ბანკის ვალი გადახდილი ჰქონდა ჯერ კიდევ 2004 წელში.

კასატორი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა ასევე იმის შესახებ, რომ ბეს გამცემს, ხელშეკრულების მოშლის დროს ევალებოდა სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის თანახმად მიეცა მხარისათვის დამატებითი ვადა ხარვეზის გამოსწორებისათვის და მხოლოდ ამ ვადის უშედეგოდ გასვლის შემდგომ უნდა დაეწყო ხელშეკრულების მოშლის პროცედურა.

კასატორი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია ბე წინარე ხელშეკრულებად და არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 223-ე, 227-ე და 228-ე მუხლები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 4 ივნისის განჩინებით თ. შ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად; მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 10 დღის ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად;

კასატორის მოწინააღმდეგე მხარემ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილ მოსაზრებაში მიუთითა, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და იგი არ უნდა იქნეს დასაშვებად ცნობილი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ თ. შ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, არაქონებრივ-სამართლებრივ დავებში საკასაციო საჩივარი დასაშვებია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ დავებზე. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დამკვიდრებული პრაქტიკა გაზიარებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლით დასაშვები არ არის.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას თ. შ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ თ. შ-ს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 837 (რვა ას ოცდაჩვიდმეტი) ლარის 70%, რაც 585.9 (ხუთას ოთხმოცდა ხუთი ლარი და ოთხმოცდაათი თეთრი) ლარს შეადგენს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე და 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

დაუშვებლად იქნეს მიჩნეული თ. შ-ის საკასაციო საჩივარი.

კასატორს დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 585.9 (ხუთას ოთხმოცდა ხუთი ლარი და ოთხმოცდაათი თეთრი) ლარი.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.