Facebook Twitter

¹ას-337-689-07 11 ივნისი, 2007 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატის მოსამართლე

თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ სს “ .. ..“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს ტელეკომპანია “რ...“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული სასამართლო განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 26 თებერვლის განჩინება

დავის საგანი – მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილელად დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ტელეკომპანია “რ...მა” სარჩელით მიმართა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სს “.. .. ქუთაისის ს...ისა” და სს “ .. ..” მიმართ და მოითხოვა ფაქტობრივად დამდგარი ზიანისათვის 101535,35 ლარის, მიუღებელი შემოსავლისათვის 10.000 ლარისა და მორალური ზიანისათვის 400.000 ლარის დაკისრება. მოსარჩელემ მოთხოვნის საფუძვლად აღნიშნა, რომ 2004 წლის 15 ივლისს, დაახლოებით 1 საათსა და 45 წუთზე, ქ. ქუთაისში თამარ მეფის ქ. ¹14-ში მდებარე კინოთეატრ “სა...ს” შენობაში, სადაც იმ დროისათვის ფუნქციონირებდა ტელეკომპანია “რ...ი”, გაჩნდა ხანძარი. მთლიანად დაიწვა ტელეკომპანიის კუთვნილი გამშვები და სამონტაჟო სტუდიები, ხოლო ნაწილობრივ ცენტრალური სტუდია, მთლიანად განადგურდა აპარატურა, დეკორაციები და ავეჯი. აღნიშნულ ფაქტზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, ჩატარდა სასამართლო ექსპერტიზა, რომელმაც დაადგინა, რომ ტელეკომპანიას მიეწოდებოდა დასაშვებ პარამეტრებზე მაღალი ძაბვა, რაც ენერგოკომპანიის მხრიდან საკუთარი მოვალეობისადმი გულგრილი და დანაშაულებრივი დამოკიდებულების შედეგია. იმავე ექსპერტიზის დასკვნით გამოირიცხა ტელეკომპანიის ბრალი.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ მის ბრალეულობას. მოპასუხის აზრით, წარმოდგენილი ექსპერტის დასკვნა ტენდენციურია და ვერ იძლევა ერთმნიშვნელოვან პასუხს ხანძრის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით. ამასთანავე, დაუსაბუთებელია მოსარჩელის მოთხოვნა მატერიალური ზიანის ოდენობის, მიუღებელი შემოსავლისა და მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით ტელეკომპანია “რ...ის” სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სს „ .. ..“ და მის ფილიალს სოლიდარულად დაეკისრათ ზიანი 101535,35 ლარის ოდენობით და მიუღებელი შემოსავალი 10000 ლარის ოდენობით, ხოლო მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება ნაწილობრივ საკასაციო წესით გაასაჩივრა სს “ .. ..” და მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება მატერიალური ზიანისა და მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ნაწილში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 28 აპრილის განჩინებით სს „ .. ..“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ამ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ტელეკომპანია “რ...ის” სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სს „ .. ..“ ტელეკომპანია “რ...ის” სასარგებლოდ დაეკისრა მიყენებული ზიანის ანაზღაურება 101 535, 35 ლარის ოდენობით. მიუღებელი შემოსავლის გადახდევინების ნაწილში ტელეკომპანია “რ...ის” სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „ .. ..“.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 26 თებერვლის განჩინებით სს „.. ..“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 26 თებერვლის განჩინებაზე სს „ .. ..“ შეიტანა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მოთხოვნები და მტკიცების ტვირთი მთლიანად მოპასუხეს დააკისრა. კასატორმა მიუთითა ასევე, რომ სააპელაციო პალატამ არასწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და გამოიტანა არაკანონიერი განჩინება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 4 Mმაისის განჩინებით სს „ .. ..“ დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტში 5 076 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა. განჩინებით კასატორს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ მიიღებოდა და განუხილველი დარჩებოდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო სს „ .. ..“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა სს „ .. ..“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობა. ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში საკასაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს ამ მუხლის მოთხოვნებს, სასამართლო იღებს წარმოებაში საკასაციო საჩივარს ამ კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 4 მაისის განჩინებით სს „ .. ..“ დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა. განჩინებით კასატორს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩებოდა (ს.ფ. 497-498).

მოცემული განჩინების ასლი სს „ .. ..“ კანცელარიას ჩაჰბარდა 2007 წლის 8 მაისს (ს.ფ. 499); კასატორს შეეძლო განჩინებაში მითითებული ხარვეზი გამოესწორებინა 2007 წლის 24 მაისის ჩათვლით, მაგრამ, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, კასატორს საკასაციო სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას; თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სს „ .. ..“ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

სს „ .. ..“ საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 26 თებერვლის განჩინებაზე დარჩეს განუხილველი;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.