Facebook Twitter

¹ას-338-690-07 22 ივნისი, 2007 წ.

თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ვ. ღ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 6 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 22 მარტს ვ. ღ-მ სარჩელით მიმართა ხარაგაულის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების მ., ბ., ლ. და მი. ღ-ების მიმართ და განმარტა, რომ, თავისი შვილი _ მ. ღ-ე, მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი წილი უკვე მიღებული აქვს, ცოლ-შვილთან ერთად ცხოვრობს მის სახლში, რის გამოც იგი კონფლიქტური სიტუაციის თავიდან ასაცილებლად, იძულებულია წავიდეს სახლიდან, როგორც მესაკუთრე ვერ იცავს თავის უფლებებს, რის გამოც მოითხოვა შვილის და შვილიშვილების გამოსახლება მისი საცხოვრებელი სახლიდან.

ხარაგაულის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით ვ. ღ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. ღ-მ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხეთა გამოუცხადებლობის გამო, 2006 წლის 10 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ვ. ღ-ის სააპელაციო საჩივარი, რომელზეც საჩივარი შეიტანა მი. ღ-ის კანონიერმა წარმომადგენელმა _ მ. ღ-მ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სააპელაციო პალატის 2007 წლის 6 თებერვლის განჩინებით მი. ღ-ის კანონიერი წარმომადგენლის _ მ. ღ-ის საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 10 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება მი. ღ-ის გამოსახლების ნაწილში და ამ ნაწილში გადაწყდა საქმის არსებითად განხილვა, დანარჩენ ნაწილში დაუსწრებელი გადაწყვეტულება შევიდა კანონიერ ძალაში.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 6 თებერვლის განჩინებით ვ. ღ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ხარაგაულის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება მი. ღ-ის გამოსახლებაზე უარის თქმის ნაწილში.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ვ. ღ-ე არ წარმოადგენს სადავო სახლის კანონიერ მესაკუთრეს, ვინაიდან არ გააჩნია სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელე ვ. ღ-მ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მი. ღ-ის გამოსახლების ნაწილშიც.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 30 მაისის განჩინებით ვ. ღ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. ღ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება ბინიდან გამოსახლებასათან დაკავშირებულ დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას ვ. ღ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ვ. ღ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.