საქმე №488აგ-15 თბილისი
ჯ-ა ზ. 488აგ-15 28 აპრილი, 2016 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. ჯ-ას ადვოკატის - ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 19 ოქტომბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 24 აგვისტოს განაჩენით:
· ზ. ჯ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2011 წლის 7 მაისიდან. მასვე ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები;
· დამტკიცდა პროკურორსა და მ. ჯ-ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. მ. ჯ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც ამავე კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 2 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 5 წელი - ჩაეთვალა პირობით, 64-ე მუხლის შესაბამისად, 6 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 10000 ლარი. მ. ჯ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2011 წლის 7 მაისიდან. მასვე ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 21 დეკემბრის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 24 აგვისტოს განაჩენი შეიცვალა: ზ. ჯ-ას ქმედება დაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ხოლო მ. ჯ-ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 260-ე მუხლის პირველ ნაწილზე. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 24 აგვისტოს განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
3. „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ ზ. ჯ-ას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილი სასჯელი შეუმცირდა ¼-ით და საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
4. „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებული მ. ჯ-ე გათავისუფლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი პირობითი მსჯავრისაგან.
5. 2015 წლის 5 აგვისტოს მსჯავრდებულმა ზ. ჯ-ამ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლში განხორციელებული ცვლილების საფუძველზე.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 19 ოქტომბრის განაჩენით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 21 დეკემბრის განაჩენი შეიცვალა: მსჯავრდებულ ზ. ჯ-ას ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია), ხოლო მსჯავრდებულ მ. ჯ-ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 260-ე მუხლის პირველ ნაწილზე (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია). თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 21 დეკემბრის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 19 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ზ. ჯ-ას ადვოკატმა ნ. ბ-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა სასჯელის ნაწილში და მსჯავრდებულ ზ. ჯ-ას გათავისუფლება დარჩენილი სასჯელის მოხდისგან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდქსის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.
3. სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, მსჯავრდებულს უნდა შეუმცირდეს სასჯელი იმ შემთხვევაში, როდესაც მისთვის დანიშნული სასჯელის ზომა აღემატება ახალი კანონით დადგენილი სასჯელის ზომის მაქსიმუმს.
4. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს გადასასინჯი გადაწყვეტილების სამართლიანობაზე და თუკი დანიშნული სასჯელი ახალი კანონის სანქციის ფარგლებშია, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, შეამციროს მისი ზომა.
5. შესაბამისად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლში შესული ცვლილების გათვალისწინებით, მსჯავრდებულ ზ. ჯ-ის განსაზღვრული სასჯელის შემცირებისა და დარჩენილი სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების შესახებ.
6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა არ ემყარება რაიმე სამართლებრივ საფუძველს და არც გასაჩივრებული განაჩენის მსჯავრდებულის სასიკეთოდ შეცვლის კანონით გათვალისწინებული რომელიმე პირობა არსებობს, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ზ. ჯ-ას ადვოკატის - ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 19 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი