Facebook Twitter

¹ას-340-593-08 4 ნოემბერი, 2008წ.

თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი

სხდომის მდივანი _ ლ. სანიკიძე

კასატორი (მოპასუხე) _ ... სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ შპს « .. ..» (ყოფილი შპს «კომპანია ...»)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება

დავის საგანი _ კრედიტორული დავალიანების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2006 წლის 11 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა შპს « .. ..» (ყოფილი შპს «კომპანია ...») მოპასუხე ... სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა კრედიტორული დავალიანების ანაზღაურება 5208.5 ლარის ოდენობით.

სასარჩელო განცხადებიდან და თანდართული მასალებიდან ირკვევა, რომ ... სამინისტროს ცენტრალური აპარატის კომპიუტერული ქსელის შესაქმნელად 1998 წლის 18 აგვისტოს გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა შპს «კომპანია ...-მა», რის შედეგადაც სამინისტროსა და გამარჯვებულ ორგანიზაციას შორის 1998 წლის 5 ოქტომბერს გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულება.

მოგვიანებით, ... სამინისტრომ უსახსრობის მოტივით უარი განაცხადა შპს «კომპანია ...» კომპანიასთან კომპიუტერული და საორგანიზაციო ტექნიკის მიწოდების თაობაზე 1998 წლის 25 ოქტომბერს დადებული ხელშეკრულების გაგრძელებაზე და მოსარჩელის წერილის საფუძველზე 2000 წლის 2 ივნისს გააუქმა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება. იმავდროულად, აღნიშნული ბრძანებით ... მინისტრის მოადგილეს დაევალა, მიემართა ... სამინისტროს სახაზინო დეპარტამენტისათვის შპს «კომპანია ...-სათვის» საგარანტიო დეპოზიტის _ 3000 ლარის დადგენილი წესით დაბრუნების შესახებ.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ მის მიერ ... სამინისტროში საგარანტიო დეპოზიტის სახით 3000 ლარის გადახდას ადასტურებდა საქმეში არსებული საგარანტიო დეპოზიტისათვის შეტანილი თანხის ქვითარი და ... სამინისტროსა და შპს «კომპანია ...» შორის 2003 წლის 12 სექტემბერს შედგენილი შედარების აქტი.

ზემოაღნიშნული თანხა ირიცხებოდა ... სამინისტროს კრედიტორულ დავალიანებად შპს «კომპანია ...თან» მიმართებაში და მისი დაბრუნება უნდა განხორციელებულიყო 2%-ის დაკავებით. შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ მოპასუხეს უნდა დაკისრებოდა ძირითადი თანხის _ 3000 ლარის 2%-ი, რაც შეადგენდა 2940 ლარს, ვადის გადაცილებისათვის კანონით განსაზღვრული პროცენტი, რაც შეადგენდა ასანაზღაურებელი თანხის 24%-ს _ 2116.80 ლარს და 151.70 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟი (ს.ფ. 1-14).

მოპასუხე საქართველოს ... სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და ხანდაზმულად მიიჩნია, რამდენადაც მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების გაუქმება 2000 წლის 2 ივნისს მოხდა. მისი მოსაზრებით, 2003 წლის 12 სექტემბრის შედარების აქტი ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას ვერ გამოიწვევდა, აღნიშნულ აქტს უფლებამოსილი პირის ხელმოწერის არქონის გამო იურიდიული ძალა არ გააჩნდა. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც ვადის გადაცილებისათვის პროცენტის ოდენობის განმსაზღვრელი სპეციალური ნორმა არ არსებობდა, ასანაზღაურებელი თანხის 24%-ის მოთხოვნა არაგონივრული იყო (ს.ფ. 34-37).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით შპს «.. ..» სარჩელი დაკმაყოფილდა, ... სამინისტროს შპს «.. ..» სასარგებლოდ დაევალა 5208.5 ლარის ანაზღაურება, მასვე დაეკისრა 151.70 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია სადავო შემთხვევაში მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა, რაც აღნიშნული ურთიერთობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით მოწესრიგების შესაძლებლობას იძლეოდა. კანონის დასახელებული ნორმის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა შპს « .. ..» მიმართ ... სამინისტროს დავალიანების წარმოშობის ნორმატიულ საფუძველზე, კერძოდ, საქართველოს ეკონომიკის მინისტრის 1998 წლის 30 მარტის ¹24 ბრძანებით დამტკიცებული «სახელმწიფო საჭიროების პროდუქციის შესყიდვისა და სამუშაოთა (მომსახურების) საკონკურსო წესით განთავსების შესახებ» დებულებაზე, რომლის თანახმად, საგარანტიო დეპოზიტის სახით ტენდერში გამარჯვებისას გამარჯვებული კომპანიის მიერ განხორციელებული შესატანი უკან უნდა იქნეს დაბრუნებული, თუ ხელშეკრულება არ დადებულა, ან შემდგომ უარი თქვეს მასზე. საქალაქო სასამართლომ ასევე მიუთითა ... სამინისტროსა და შპს «კომპანია ...-ს» შორის 2003 წლის 12 სექტემბერს გაფორმებულ შედარების აქტზე, რომლითაც აღიარებულ იქნა სამინისტროს დავალიანება 3000 ლარის ოდენობით შპს « .. ..» მიმართ, 2%-ის დაკავების უფლებით.

ზემოაღნიშნული დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნა საქალაქო სასამართლომ 2003 წლის 12 სექტემბრის შედარების აქტზე დაყრდნობით ხანდაზმულად არ ჩათვალა და განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის იმპერატიული მოთხოვნის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას.

გარდა ამისა, საქალაქო სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, პროცენტის გადახდევინების ნაწილში სარჩელი საფუძვლიანად მიიჩნია (ს.ფ. 71-74).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ... სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შპს «.. ..-სთვის» სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი მოტივებით:

საქალაქო სასამართლო ხანდაზმულობის ვადის საკითხის გამორკვევისას სრულიად უსაფუძვლოდ დაეყრდნო მხარეთა შორის 2003 წლის 12 სექტემბერს გაფორმებულ შედარების აქტს, რამდენადაც მოსარჩელის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენა ჯერ კიდევ 2003 წლის 2 ივნისს იყო დასრულებული. შესაბამისად, არ არსებობდა სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის სადავო სამართალურთიერთობაზე გავრცელების საფუძველი.

საქალაქო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლი და ვალის არსებობის აღიარება ცალმხრივ, აბსტრაქტულ ხელშეკრულებად მიიჩნია, მაშინ როდესაც კანონის მითითებული ნორმის თანახმად, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა, აუცილებელია წერილობითი აღიარება. ეჭვგარეშეა, რომ კანონი ამგვარი აღიარებით არა ახალი სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, არამედ მტკიცების ტვირთის შემსუბუქების საშუალებას ადგენდა.

საქალაქო სასამართლომ უგულებელყო მოპასუხის მითითება შედარების აქტის იურიდიული ძალის არმქონე დოკუმენტად მიჩნევის თაობაზე და აღნიშნულ საკითხზე საერთოდ არ იმსჯელა. ამასთან, სასამართლომ მოპასუხეს დააკისრა ასანაზღაურებელი თანხის წლიური 24%-ის გადახდა, რაც სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლიდან გამომდინარე გონივრულ შესაბამისობაში არ იყო ბანკთაშორის საკრედიტო აუქციონზე დადგენილ ზღვრულ ოდენობასთან (ს.ფ. 80-83).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 19 ივლისის განჩინებით ... სამინისტროს სააპელაციო საჩივარი გასაჩივრების ვადის გაშვების გამო განუხილველად იქნა დატოვებული (ს.ფ. 88-91).

მითითებულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ... სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განხილვის განახლება (ს.ფ. 96-97).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით ... სამინისტროს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 19 ივლისის განჩინება და საქმე დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (ს.ფ. 115-117).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით ... სამინისტროს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, შპს «.. ..» სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ... სამინისტროს შპს «.. ..» სასარგებლოდ დაეკისრა 2940 ლარის გადახდა ძირითადი ვალის, ხოლო 705 ლარის გადახდა კანონიერი პროცენტის სახით. ... სამინისტროს ასევე დაეკისრა შპს « .. ..» სასარგებლოდ 109 ლარის გადახდა სახელმწიფო ბაჟის სახით.

სააპელაციო სასამართლომ სადავო სამართალურთიერთობიდან წარმოშობილი დავა უსაფუძვლო გამდიდრებად მიიჩნია და მის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლი, რომლის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე, ვინაიდან უსაფუძვლო გამდიდრებასთან დაკავშირებული მოთხოვნების მიმართ მოქმედებდა საერთო ათწლიანი ხანდაზმულობის ვადა.

რამდენადაც ... სამინისტროს ვალის დაბრუნების ვალდებულება არ შეუსრულებია, სააპელაციო სასამართლომ ფულადი თანხის გადახდის ვადა გადაცილებულად მიიჩნია და სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის პირველ ნაწილზე დაყრდნობით მოპასუხის მიმართ გადაცილებული დროისათვის კანონით განსაზღვრული პროცენტის დაკისრება მართებულად მიიჩნია.

წლიური პროცენტის ოდენობასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, 2006 წლის იანვრის მდგომარეობით საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 8.5%-ს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ... სამინისტროს შპს « .. ..» სასარგებლოდ კანონისმიერი პროცენტის სახით ძირითადი თანხის წლიური 8%-ის გადახდა უნდა დაკისრებოდა, რაც მოსარჩელის მოთხოვნასთან მიმართებაში 705 ლარს შეადგენდა (ს.ფ. 138-142).

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ... სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ 1998 წლის 5 ოქტომბერს დადებული ხელშეკრულებიდან მხარეებს უფლება-მოვალეობები არ წარმოშობიათ. შპს «.. ..» მიერ ... სამინისტროში საგარანტიო დეპოზიტის სახით შეტანილი თანხის დაბრუნების მოთხოვნა სწორედ ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს. ხელშეკრულების გაუქმებით მხარეები გათავისუფლდნენ მხოლოდ ძირითადი და არა სადავო თანხის დაბრუნების ვალდებულებისგან. კასატორისათვის გაუგებარია, რატომ უნდა გავრცელდეს ხანდაზმულობის ათწლიანი ვადა იმ არაძირითად მოთხოვნაზე, რომელიც უშუალოდ ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს, მაშინ როდესაც სახელშეკრულებო მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა სამ წელს შეადგენს.

კასატორი მოცემული დავის გადასაწყვეტად სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის გამოყენებას არასწორად მიიჩნევს, ვინაიდან შედარების აქტი მხარეთა შორის 2003 წლის 12 სექტემბერს შედგა, მოსარჩელის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენა კი აღნიშნული აქტის შედგენამდე _ 2003 წლის 2 ივნისს ამოიწურა.

გარდა ზემოაღნიშნულისა, კასატორი მიუთითებს შპს « .. ..» სასარგებლოდ მისთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის არაკანონიერებაზე იმ პირობებში, როდესაც «სახელმწიფო ბაჟის» შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის «უ» ქვეპუნქტიდან გამომდინარე, ... სამინისტრო, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულება, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან (ს.ფ. 146-154).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებებია:

... სამინისტროს ცენტრალური აპარატის კომპიუტერული ქსელის შესაქმნელად 1998 წლის 18 აგვისტოს გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა შპს «კომპანია ...-მა»;

1998 წლის 8 სექტემბერს შპს «კომპანია ...-მა» საგარანტიო დეპოზიტის სახით სამინისტროს სპეცანგარიშზე შეიტანა 3000 ლარი, 2%-ის დაკავებით;

1998 წლის 5 ოქტომბერს სამინისტროსა და შპს «კომპანია ...-ს» შორის გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულება;

2000 წლის 2 ივნისს ... სამინისტრომ შპს «კომპანია ...-ის» თანხმობით გააუქმა ზემოაღნიშნული ხელშეკრულება;

2003 წლის 12 სექტემბერს შედგა შედარების აქტი, სადაც საუბარია იმაზე, რომ შპს «კომპანია ...-ის» მიერ 1998 წლის 7 სექტემბერს საგარანტიო დეპოზიტის სახით შეტანილი 3000 ლარი ირიცხება ... სამინისტროში კრედიტორულ დავალიანებად.

მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის სადავო არ არის ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები. სადავოა მხოლოდ სარჩელის ხანდაზმულობის საკითხი. სააპელაციო სასამართლომ სადავო ურთიერთობა დააკვალიფიცირა უსაფუძვლო გამდიდრებად და ხანდაზმულობის საერთო 10-წლიანი ვადა გამოიყენა, რასაც საკასაციო სასამართლო არ იზიარებს.

სარჩელის ხანდაზმულობის საკითხის სწორად გადასაწყვეტად გასარკვევია შპს «კომპანია ...-ის» მიერ საგარანტიო დეპოზიტის სახით გადახდილი სადავო თანხის სამართლებრივი ბუნება და ვალდებულების წარმოშობის უშუალო საფუძველი. აღნიშნული თანხა სამინისტროსა და შპს «კომპანია ...-ს» შორის 1998 წლის 5 ოქტომბერს დადებული ხელშეკრულების მე-8 პუნქტში განმარტებულია როგორც კომპანიის მიერ დამკვეთის ანგარიშზე შეტანილი საგარანტიო დეპოზიტი, რომელსაც დამკვეთი კომპანიას უბრუნებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების შემდეგ. მითითებული განმარტების საფუძველზე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული თანხა წარმოადგენს 1998 წლის 5 ოქტომბრის ხელშეკრულებით ნაკისრი ძირითადი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებას, რომელიც დადგენილია მხარეთა შეთანხმებით.

მართალია, სადავო ხელშეკრულების დადებისას მოქმედი კანონი «სახელმწიფო შესყიდვების შესახებ» პირდაპირ არ ითვალისწინებდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის სახელშეკრულებო საშუალებების გამოყენებას, მაგრამ უზრუნველყოფის ზემომითითებულ საშუალებაზე შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდა სახელშეკრულებო ურთიერთობათა შინაარსს. საგულისხმოა, რომ «სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ» დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2001 წლის 15 ოქტომბრის ¹1 ბრძანებით პირდაპირ იქნა გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების უზრუნველყოფის მექანიზმის გამოყენების შესაძლებლობა ხელშეკრულების შესრულების გარანტიის სახით, ამგვარ გარანტიად მითითებული იყო შემსყიდველი ორგანიზაციისათვის წინასწარ დადგენილი თანხის ოდენობის საბანკო გარანტიის, ბანკის მიერ დამოწმებული ჩეკის ან აკრედიტივის ან გარანტიის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის წარდგენა. ამჟამად მოქმედი კანონი «სახელმწიფო შესყიდვების შესახებ» ასევე ადგენს, რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ხელშეკრულების შესრულების გარანტირების მექანიზმი (21-ე მუხლის მე-2 პუნქტი).

რაც შეეხება მოცემული კონკრეტული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალების უკან დაბრუნების მოთხოვნის უშუალო საფუძველს, გასათვალისწინებელია, რომ მოცემულ შემთხვევაში კომპანიის მიერ გადახდილი საგარანტიო დეპოზიტის კომპანიისათვის დამკვეთის მიერ დაბრუნების ვალდებულება ჩადებულია ძირითად ხელშეკრულებაში. ამდენად, ძირითადი ხელშეკრულება, იმავდროულად, ითავსებს შეთანხმებას ხელშეკრულების უზრუნველყოფის საშუალების თაობაზე. თავის მხრივ, ცალკე აღებული, ხელშეკრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ მხარეთა შეთანხმება ასევე წარმოადგენს ხელშეკრულებას. აქედან გამომდინარე, ამ შემთხვევაში სადავო სამართლებრივი ურთიერთობის მიმართ სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადა უნდა გავრცელდეს.

ხანდაზმულობის ვადის ათვლის მომენტად სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის საფუძველზე მიჩნეულ უნდა იქნეს მოთხოვნის წარმოშობის დრო, ანუ როდესაც შპს «კომპანია ...-მა» შეიტყო ან უნდა შეეტყო ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. ... სამინისტროს მიერ ხელშეკრულება გაუქმებულია 2000 წლის 2 ივნისს. სააპელაციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, თუ, კონკრეტულად როდის ეცნობა შპს «კომპანია ...-ს» აღნიშნული ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ და როდიდან წარმოეშვა მას ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად გადახდილი თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნა. სააპელაციო სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს 2003 წლის 12 სექტემბრის შედარების აქტზე და გამოარკვიოს, შესაძლებელია თუ არა, მას დაუკავშირდეს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის საფუძველზე ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა (თუკი აქტი ხანდაზმულობის 3-წლიან ვადაში შედგა), თუ სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე იგი წარმოადგენს ვალდებული პირის აღიარებას (თუკი აქტი ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადის გასვლის შემდეგ შედგა). აღნიშნულთან მიმართებაში საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში სწორად უნდა შეფასდეს შემდეგი გარემოებები: 1. შედარების აქტი თავისი შინაარსის გათვალისწინებით წარმოადგენს სამინისტროს მიერ ვალდებულების აღიარებას თუ ფაქტის აღიარებას. ამასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის როგორც 137-ე, ისე 144.3 მუხლით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგი უკავშირდება მოვალის მიერ ვალდებულების აღიარებას, სადაც მოვალე გამოხატავს ნებას, იძლევა დაპირებას ვალდებულების შესრულების თაობაზე და არა ფაქტის აღიარებას, სადაც მოვალე ახდენს მარტოოდენ ვალდებულების ფაქტის კონსტატაციას; 2. მომხდარია თუ არა აღნიშნული აღიარება უფლებამოსილი პირის მიერ, ანუ იმ პირის მიერ, რომელსაც სამინისტროს სახელით ხელშეკრულების დადების უფლებამოსილება ჰქონდა. ამასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შედარების აქტს სამინისტროს მხრიდან ხელს აწერენ მთავარი ბუღალტერი და მისი მოადგილე. შედარების აქტის შედგენის დროისათვის მოქმედი საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ნოემბრის ¹670 ბრძანებულებით დამტკიცებული ... სამინისტროს დებულების პირველი მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, სამინისტროს წარმომადგენელი არის მინისტრი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი. სააპელაციო სასამართლომ ასევე უნდა გამოარკვიოს, ჰქონდათ თუ არა მთავარ ბუღალტერსა და მის მოადგილეს მინისტრისგან დელეგირებული სამინისტროს სახელით ვალდებულების აღიარებისა და, ამგვარად, ფაქტობრივად, ახალი ხელშეკრულების დადების უფლებამოსილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

... სამინისტროს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

სასამართლო ხარჯების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.