ას-341-693-07 2 აგვისტო, 2007 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მ. ცისკაძე (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ლ. ს-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ .. ..“ (მოპასუხე)
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 22 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ხელახალი განხილვისათვის საქმის დაბრუნება იმავე პალატისათვის
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ლ. ს-მ სარჩელი აღძრა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში სს „ .. ..ს“ წინააღმდეგ და მოითხოვა შრომითი მოვალეობის შესრულებისას ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურებაბ
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ს-მ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 22 თებერვლის განჩინებით ლ. ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატის განჩინება ეფუძნება შემდეგ მოტივებს:
სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ 1984 წლისათვის მუშაობდა საამშენებლო სამმართველო „ .. ..ში“, რომელიც შემდეგ ჩამოყალიბდა სააქციო საზოგადოებად. 1984 წლის 29 მარტს საწარმოში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად მოსარჩელემ მიიღო საწარმოო ტრავმა. მოსარჩელემ სასამართლოს ვერ წარუდგინა დოკუმენტი ან სხვა სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მისთვის მოპასუხის მიერ სარჩოს გადახდას. სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია იმის თაობაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი შემნახველი წიგნაკით დასტურდება მოპასუხის მიერ მისთვის სარჩოს გადახდის ფაქტი. სასამართლომ ჩათვალა, რომ ამ საბუთიდან ჩანს მხოლოდ ის, რომ ლ. ს-ს ფულადი თანხა შეჰქონდა კომერციული შემნახველი ბანკის ზესტაფონის განყოფილებაში გახსნილ ანაბარზე; ხოლო სს „ .. ..ს“ მონაწილეობა ამ ურთიერთობაში რაიმე სახით შემნახველი წიგნაკის ასლიდან არ ჩანს.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელემ მოითხოვა არა საწარმოო ტრავმის მიყენების გამო სარჩოს დანიშვნა, არამედ უკვე დანიშნული სარჩოს გადაანგარიშება და ანაზღაურება. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით კი დადგენილია, რომ სს „ .. ..ს“ აპელანტისათვის სარჩო არ დაუნიშნავს. ამიტომ მოპასუხეს უკვე დანიშნული სარჩოს გადახდის ვალდებულებაც არ წარმოშობია.
სააპელაციო პალატის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ლ. ს-მ, რომლითაც მოითხოვა სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ხელახალი განხილვისათვის საქმის დაბრუნება იმავე პალატისათვის, მისი საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს:
სასამართლომ არ გამოიკვლია მტკიცებულება იმის ეშსახებ, რომ სს „ .. .. “ დანიშნული ჰქონდა საწარმოო ტრავმის გამო სარჩო. საქმეში წარმოდგენილია წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის აქტი, რომლის ზედა მარჯვენა კუთხეში გაკეთებულია მინაწერი, რომ ეს ტრავმა ჩაითვალა წარმოებასთან დაკავშირებით, რაც ასევე დადასტურებულია მაშინდელი საწარმოს ხელმძღვანელის, უსაფრთხოების ტექნიკური ინჟინრის, უფროსი საზოგადოებრივი ინჟინრის და ასევე საწარმოს პროფკავშირის კომიტეტის წარმომადგენლის ხელმოწერებით, მისი საოქმო დადგენილების ნომრით და ასევე დამოწმებული ამავე თანამდებობის პირთა მრგვალი ბეჭდებით; ყოველივე ამით კი დასტურდება სარჩოს გადახდის თაობაზე საწარმოს ვალდებულების არსებობა მოსარჩელისათვის.
ეს აქტი არ შეაფასა არცერთი ინსტანციის სასამართლომ. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო ინსტანციამ სრულიად უსაფუძვლოდ არ გაითვალისწინა სოცდაზღვევის ფონდის ზესტაფონის რაიონული ფილიალის პასუხი მიმართვა ¹6 და ¹210, სადაც სოცდაზღვევის ფილიალმა ფაქტიურად დაადასტურა, რომ ლ.ს-ს პენსია დანიშნული აქვს საწარმოში მიღებულ საწარმოო ტრამვასთან.
სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია და არ შეაფასა საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, რომლებიც უდავოდ ადასტურებენ იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ კასატორს საწარმოდან ტრამვის გამო დანიშნული ჰქონდა სარჩო.
საკასაციო საჩივარში მითითებულია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 6 თებერვლის ¹93 ბრძანებულებით, საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულება „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ ძალადაკარგულად გამოცხადდა, მაგრამ ძალადაკარგულად გამოცხადებამდე, ადრე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე ვრცელდება საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების წესები. ამ წესების შესაბამისად საწარმოში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით მუშაკს სარჩო ენიშნება მითითებული წესის შესაბამისად. ამ წესის თანახმად დგინდება დამქირავებლის პასუხისმგებლობის ხანდაზმულობის ვადა, მისაღები სარჩოს ოდენობაზე კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემული დავის გადაწყვეტისას არ ეხელმძღვანელა საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულებით, უსაფუძვლოდ უთხრა უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე იმის გამო, რომ ვერ დაასაბუთა სს „ .. ..დან“ სარჩოს მიღება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 4 მაისის განჩინებით ლ. ს-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად; მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 10 დღის ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად;
კასატორის მოწინააღმდეგე მხარე სს „ .. ..ს“ დირექტორს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხთან დაკავშირებით მოსაზრება არ წარმოუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ ლ. ს-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, არაქონებრივ-სამართლებრივ დავებში საკასაციო საჩივარი დასაშვებია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ დავებზე. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ)სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ)სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ)გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნლდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დამკვიდრებული პრაქტიკა გაზიარებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლით დასაშვები არ არის.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ლ. ს-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე და 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
დაუშვებლად იქნეს მიჩნეული ლ. ს-ის საკასაციო საჩივარი.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.