¹ას-342-661-09 26 ნოემბერი, 2009 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
თ. თოდრია (მომხსენებელი), რ. ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი _ სს “გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” (მოსარჩელე)
წარმომადგენელი – დ. მ-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე _ გ. მ-ძე (მოპასუხე)
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, უკანონო ხელშეშლის აღკვეთა და ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გ. მ-ძემ სარჩელით მიმართა სასამართლოს სს “გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიმართ და მოითხოვა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, უკანონო ხელშეშლის აღკვეთა და ზიანის ანაზღაურება.
მოსარჩელემ განმარტა, რომ ქ.საგარეჯოს გამგეობის 2000 წლის 19 ივლისის ¹73 დადგენილებით მიიღო ქ.საგარეჯოში, სტალინის ქ. ¹104-ში მდებარე 720 კვ. მ მიწის ნაკვეთი, რომელიც 1964 წლიდან ირიცხებოდა დედის-ნ. მ-ძის სახელზე. საკუთრების უფლება რეგისტრირებულია 2001 წლის 5 ნოემბერს. წლების მანძილზე მოპასუხე ორგანიზაციას მის სახელზე რეგისტრირებული 720 კვ. მ-დან დაკავებული აქვს 320 კვ. მ, რომელიც მის უკანონო მფლობელობაშია და ხელს უშლის მოსარჩელეს მიწის ნაკვეთით სარგებლობაში.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2002 წლის 9 ოქტომბერს წერილობით მიმართა მიოპასუხე ორგანიზაციას და მოითხოვა დაკავებული ფართის განთავისუფლება, თუმცა უარი მიიღო.
მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისთვის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, უკანონო ხელშეშლის აღკვეთა და ზიანის ანაზღაურება.
საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით გ. მ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სს “საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას” დაევალა, გაათავისუფლოს გ.მ-ძის სახელზე რეგისტრირებული 320 კვ. მ მიწის ნაკვეთი, მასვე აეკრძალა მესაკუთრისათვის საკუთრების უფლების განხორციელებისათვის ხელშეშლა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. მ-ძემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით გ. მ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილება გ. მ-ძის სარჩელზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გ. მ-ძის სარჩელი ზიანის ანაზღაურების ნაწილში და სს “საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას” დაეკისრა 2005 წლის ივლისიდან 2008 წლის ივნისამდე თვეში 150 ლარის, სულ 5400 ლარის გადახდა გ. მ-ძის სასარგებლოდ.
სააპელაციო პალატამ არ დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ გ. მ-ძის მიერ სარჩელით მოთხოვნილ იქნა სადავო მიწის ქირა და სარჩელის მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა ქირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება, ვინაიდან დავის საგანს წარმოადგენდა ნივთის უკანონო მფლობელობით მიყენებული ზიანი, რისი ოდენობაც მოსარჩელის მხრიდან განსაზღვრული იყო იმ სავარაუდო ქირის ოდენობით, რომელსაც იგი მიიღებდა ნივთი მის მფლობელობაში რომ ყოფილიყო, რაც კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელემ 150 ლარით განსაზღვრა. სამართლებრივ საფუძვლად სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი, რომლის მიხედვით პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ მოპასუხე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობდა მოსარჩელის მიწის ნაკვეთს და მისი მოქმედების შედეგად მესაკუთრემ ვერ მიიღო შემოსავალი, რომელსაც იგი მიიღებდა ხელი რომ არ შეეშალათ საკუთრების სარგებლობაში, შესაბამისად, სს „გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია“ ვალდებულია, გ.მ-ძეს აუნაზღაუროს ნივთის უკანონო ფლობით მიყენებული ზიანი.
ასევე, სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ გ. მ-ძე მიწის მესაკუთრედ აღირიცხა 2001 წლის 5 ნოემბრიდან. აღნიშნულ ფართს იმავე თარიღიდან ფლობს მოპასუხეც, შესაბამისად, გ. მ-ძეს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება წარმოეშვა ამ დღიდან, ვინაიდან დაზუსტებული სარჩელი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით გ. მ-ძემ აღძრა 2008 წლის 12 ივნისს.
პალატამ არ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ქირა 150 ლარი არ შეესაბამება საბაზრო ღირებულებას, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გაცემული ცნობა, რომლის შინაარსიდანაც სადავო მიწის 1 კვ.მ ფასი შეადგენს 7.02 ლარს, ხოლო აღნიშნული მიწის ნაკვეთი გასაქირავებელი ფასის შესაბამისია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა სს „გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიამ“.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა 2007 წლის 4 ივლისის საქართველოს მთავრობის ¹134 დადგენილება “ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ”, რომლის საფუძველზეც, მკაცრადაა განსაზღვრული საქართველოს ტერიტორიაზე ელექტრონული საკონუმიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობების დაცვის წესი, მათი დაცვის ზონები და ამ ზონებში სამუშაოთა წარმოების წესი. ამ დადგენილების მე-4 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, “ყველა იურიდიული და ფიზიკური პირი, რომელთა საკუთრებაში ან მფლობელობაში არის მიწის ნაკვეთი, რომლებზეც ხაზები გადის, ვალდებული არიან განხორციელონ მათზე დამოკიდებული ყველა ზომა ხაზების ხელშეუხებლობის უზრუნველსაყოფად”. ამავე დადგენილების მე-4 მუხლის მე-2 ნაწილით, “აკრძალულია ნებისმიერი მოქმედება, რომელსაც შეუძლია დაარღვიოს ხაზების ნორმალური ფუნქციონირება”.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ გ. მ-ძის სახელზე ირიცხება 720 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. საგარეჯოში სტალინის ქ. ¹104-ში. საკუთრების უფლება რეგისტრირებულია 2001 წლის 5 ნოემბერს. რეგისტრაციის საფუძველია ქ. საგარეჯოს გამგეობის 2000 წლის 19 ივლისის დადგენილება და 2001 წლის 8 მაისის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი.
სააპელაციო სასამართლოს ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ გ. მ-ძის სახელზე რეგისტრირებული 720 კვ.მ-დან 320კვ.მ იმყოფება სს “გაერთიანებული ტელეკომის” მფლობელობაში. ამასთან ერთად, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სს “გაერთიანებული ტელეკომის” სააპელაციო საჩივრის ის ნაწილი, რომლითაც იგი ითხოვდა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გაუქმებას, არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ის ნაწილი, რომლითაც სს “გაერთიანებული ტელეკომის” მხრიდან სადავო მიწის ნაკვეთის უკანონო ფლობის ფაქტი დადგინდა. ამ ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში განხილვის საგანს წარმოადგენს გ. მ-ძის მიუღებელი შემოსავლის დაკმაყოფილების ნაწილში გამოტანილი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება.
აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა გ. მ-ძის მოთხოვნა და სს “გაერთიანებული ტელეკომს” დაეკისრა გ. მ-ძის სასარგებლოდ 2005 წლის ივნისიდან 2008 წლის ივნისამდე 150 ლარის, სულ 5400 ლარის გადახდა, იმდენად არასრულია და დაუსაბუთებელია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენს მისი გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო უთითებს, რომ მოპასუხე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობდა მოსარჩელის მიწის ნაკვეთს და მისი მოქმედების შედეგად მესაკუთრემ ვერ მიიღო შემოსავალი, რომელსაც იგი მიიღებდა იმ შემთხვევაში, თუკი ნივთს უკანონოდ არ დაეუფლებოდნენ, შესაბამისად, სს “გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” ვალდებულია, გ. მ-ძეს აუნაზღაუროს ნივთის უკანონო ფლობით მიყენებული ზიანი.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და ამასთან ერთად არ გამოიკვლია ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც აუცილებელია ამ ნორმის კვალიფიკაციისათვის, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, “ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი ზიანისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისათვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო”. განსახილველი ნორმის თანახმად, მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, მაგრამ მისი დადგენისათვის აუცილებელია, გათვალისწინებულ იქნეს, თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ ფაქტის მტკიცება, რომ მიუღებელი შემოსავლის მიღება იყო რეალურად მოსალოდნელი, ეკისრება კრედიტორს. მხოლოდ ამის შემდეგ შესაძლებელია მისი ოდენობის მაკვალიფიცირებელ ნიშნებზე აპელირება.
საკასაციო საჩივარში მითითებულია, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა სს “გაერთიანებული ტელეკომის” შესაგებელში მითითებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობების დაცვის წესები, კერძოდ, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სადავო მიწის ნაკვეთის ქვეშ გადიოდა და დღესაც გადის კავშირგაბმულობის ჭა და კაბელები, რომელსაც ფლობდა საგარეჯოს კავშირგაბმულობის რაიონული კვანძი, რომლის სამართალმემკვიდრეა კასატორი.
საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო სასამართლო არ მსჯელობს ზემოაღნიშნულ საკითხებზე, რაც აუცილებელია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლით გათვალისწინებული ურთიერთობის კვალიფიკაციისათვის.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა გ. მ-ძის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მიყენებული ზიანის ოდენობა მოსარჩელის (გ. მ-ძეს) მიერ განსაზღვრული იყო იმ სავარაუდო ქირის ოდენობით, რომელსაც იგი მიიღებდა ნივთი მის მფლობელობაში რომ ყოფილიყო, ანუ ნივთის გაქირავებით მიღებული თანხით.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სადავო ურთიერთობის თავისებურების გათვალისწინებით მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის, თუ რა მიზნის განსახორციელებლად ჰქონდა დაკავებული სადავო მიწის ნაკვეთი სს “გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას”, გადიოდა და დღესაც გადის თუ არა სადავო მიწის ნაკვეთის ქვეშ კავშირგაბმულობის ჭა და კაბელები, რომელსაც ფლობდა საგარეჯოს კავშირგაბმულობის რაიონული კვანძი. აღნიშნულის დადასტურების შემთხვევაში, რამდენად შესაძლებელი იყო სადავო მიწის ნაკვეთის გამოყენებით მოსარჩელის მიერ მითითებული შემოსავალის მიღება იმ პირობებში, როდესაც სადავო მიწის ნაკვეთის ქვეშ გადის კავშირგაბმულობის ჭა და კაბელები.
ამასთან ერთად სააპელაციო სასამართლომ უნდა გაარკვიოს, წარმოადგენს თუ არა ეს კაბელები საქართველოს მთავრობის 2007 წლის 4 ივლისის ¹134 დადგენილებით დამტკიცებული “ელექტრონული საკომუნიკაციო ქაელების სახაზო ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების და მათი დაცვის ზონების შესახებ” პირველი მუხლის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობასა და აღნიშნული ნაგებობის თავისებურების გათვალისწინებით, მოსარჩელეს მიერ მითითებული შემოსავალის მიღების წინაპირობები რამდენად შეესაბამებოდა ზემოაღნიშნული წესების მოთხოვნებს.
ამდენად, ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, უნდა დადგინდეს, რამდენად მიუძღვის ბრალი სს “გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას” მოსარჩელის მიერ მიუღებელი შემოსავლის მიღებაში.
კონკრეტულ შემთხვევაში მიუღებელი შემოსავალია, რომელიც შეიძლება, მიეღო გ. მ-ძეს, თუ მის მიერ მითითებული დანიშნულებით ამ მიწის ნაკვეთს მართლზომიერად გამოიყენებდა მოპასუხის ხელშეშლის არარსებობის შემთხვევაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სს “გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.