Facebook Twitter

¹ას-342-694-07 10 ოქტომბერი, 2007 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ბ. გ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ სს “ .. ..” (მოპასუხე)

დავის საგანი – მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 12 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ბ. გ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს სს “ .. ..ს” წინააღმდეგ ზარალის ანაზღაურების შესახებ. მოსარჩელემ მიუთითა, რომ სს “ .. ..მა” მას საცხოვრებელი სახლი და დამხმარე შენობა-ნაგებობები დაუნგრია, ასევე გაანადგურა მრავალწლიანი ნარგავები და ვაზი. აღნიშნული დადასტურებულია კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით, რასაც აღიარებს სს “ .. ..ც”. მან ასევე აღნიშნა, რომ სს “ .. ..ს” მისთვის უნდა გამოეყო საცხოვრებელი სახლი, მაგრამ აღნიშნული ვალდებულება მოპასუხემ არ შეასრულა. აქედან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა სამოსახლო და საკარმიდამო მიწის ნაკვეთის მიუღებლობით, სახლისა და დამხმარე ნაგებობების განადგურებით, ასევე მრავალწლიანი ნარგავებისა და ვაზის განადგურებით გამოწვეული ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებით მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობით მიყენებული ზარალის ანაზღაურება.

ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ბ. გ-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობისა და უსაფუძვლობის გამო.

ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 28 ივნისის განჩინებით შეწყდა საქმის წარმოება ზარალის თანხის გადაანგარიშებისა და სამოსახლო მიწის ნაკვეთის გამოყოფის ნაწილში. ამავე დღეს ჭიათურის სასამართლომ გამოიტანა განჩინება ბ. გ-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

აღნიშნულ განჩინებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ბ. გ-მა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 17 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ბ. გ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი შეიტანა ბ. გ-მა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 20 დეკემბრის განჩინებით ბ. გ-ს საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 17 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 12 თებერვლის განჩინებით ბ. გ-ს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 28 ივნისის განჩინება და ბ. გ-ს სასარჩელო მოთხოვნაზე სამოსახლო მიწის ნაკვეთის გამოყოფის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება; ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება ¹2/137 სამოქალაქო საქმეზე დარჩა უცვლელი.

აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ბ. გ-მა და მოითხოვა, სს “ .. ..მა” გამოუყოს სამოსახლო და საკარმიდამო მიწის ნაკვეთი საცხოვრებლად ვარგის ტერიტორიაზე; სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობით გამოწვეული ზარალის ანაზღაურების მიზნით, მოხდეს 1997 წელს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი თანხის - 49737 ლარის 2006 წლის 1 აპრილის მდგომარეობით შესაბამისი თანხის, 90039 ლარის, 1997 წელს არსებული დოლარის შესაბამისი კურსის გათვალისწინებით, 69261 აშშ დოლარის გადაანგარიშება კონვერტირებადი ვალუტით, გადახდის დადგომისათვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად; სს “ .. ..ს” მიერ არასწორად ჩატარებული სამუშაოების შედეგად მრავალწლიანი ნარგავების განადგურების შედეგად 1991 წლიდან 2005 წლის ბოლომდე მოსავლის მიუღებლობითა და ნარგავების განადგურებით მიყენებული ზარალის ანაზღაურების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შეუსრულებლობით გამოწვეული ზარალის ანაზღაურების მიზნით, აგრეთვე, მოითხოვა 109921 დოლარის გადახდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ არ არის წარმოდგენილი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. კონკრეტულ შემთხვევაში დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება და ამის შედეგად არასწორად სამართლებრივ-მატერიალური ნორმის გამოყენება ან განმარტება.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად შეწყვიტა საქმის წარმოება იმ მოთხოვნის ნაწილში, რომელიც ეხება საკარმიდამო და სამოსახლო მიწის ნაკვეთის გამოყოფას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადების ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არსებობს სასამართლო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე საგანზე და იმავე საფუძვლებით მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის მიღების ან მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ.

კონკრეტულ შემთხვევაში იმავე მხარეებს შორის, იმავე დავის საგანზე და იმავე საფუძვლებით, გამოტანილია ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომელიც შესულია კანონიერ ძალაში. აღნიშნული გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა კასატორის მოთხოვნა, კერძოდ, მისი საცხოვრებელი სახლის დანგრევასთან დაკავშირებით აღებული ვალდებულების შესრულება, სამოსახლო და საკარმიდამო ნაკვეთის საცხოვრებლად ვარგის ტერიტორიაზე გამოყოფა და ამ ვალდებულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

კონკრეტულ შემთხვევაში ბ. გ-ი სხვა მოთხოვნებთან ერთად ითხოვს ასევე, მისი საცხოვრებელი სახლის დანგრევის გამო, სს “ .. ..ს” მიერ 1992 წელს აღებული ვალდებულების შესრულებას, კერძოდ, ახალი სამოსახლო მიწის ნაკვეთის გამოყოფას, რომლის თაობაზე არსებობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება.

ბ. გ-ი ასევე ითხოვს 2006 წლის 1 ივნისის მდგომარეობით ლარის კურსის ინფლაციის გათვალისწინებით, ზიანის ანაზღაურების მიზნით, 1997 წლის 3 ივლისს გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის შესაბამისი 69261 აშშ დოლარის გადაანგარიშებას, ასევე მისი ნარგავების განადგურებისათვის 1998 წლის გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის დაკისრებული 6941 აშშ დოლარის გადაუხდელობით წარმოშობილი ზიანის სახით, მიუღებელი შემოსავლის - 109921 აშშ დოლარის გადახდევინებასა და მორალური ზიანის -10000 აშშ დოლარის ანაზღაურებას ანუ ბ. გ-ი ითხოვს მის სასარგებლოდ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების აღუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კასატორი ვერ უთითებს ისეთ მტკიცებულებებზე, რომლითაც დასტურდება დამდგარი ზიანისა და მიუღებელი შემოსავლის ფაქტი, რაც არ განიხილა ან არასათანადოდ შეაფასა სააპელაციო სასამართლომ.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, “მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.” საკასაციო პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივრისა და საქმეში წარმოდგენილი მასალების გათვალისწინებით, ბ. გ-ს მიერ არ დასტურდება არც ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისი და არც მიუღებელი შემოსავალი. კასატორი უთითებს, რომ აღნიშნული თანხა წარმოადგენს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების აღუსრულებლობით მიყენებულ ზიანს. ამავე დროს უნდა აღინიშნოს, ფაქტობრივად, დამდგარი ქონებრივი დანაკლისი გულისხმობს როგორც დაზარალებულის აქტივების შემცირებას, ისე ვალდებულებების (პასივების) გაზრდას. კონკრეტულ მოთხოვნასთან მიმართებაში ზემოაღნიშნული თანხის სახით კასატორი არ უთითებს, თუ კონკრეტულად რაში გამოიხატა მისი აქტივის შემცირება, მატერიალური ზარალის მიღება (პასივი, იგულისხმება კასატორის მიერ მითითებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების აღუსრულებლობით მიყენებული ზიანი).

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაუსაბუთებელია კასატორის მოთხოვნა ასევე მისი ნარგავების განადგურებისათვის 1998 წლის გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის დაკისრებული 6941 აშშ დოლარის გადაუხდელობით წარმოშობილი ზიანის სახით მიუღებელი შემოსავლის 109921 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილშიც.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, “ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი ზიანისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისათვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო”.

განსახილველი ნორმის თანახმად, მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, მაგრამ მისი დადგენისათვის აუცილებელია, გათვალისწინებულ იქნეს, თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. ამდენად, განსახილველი ნორმის თანახმად, კასატორმა ვერ დაადასტურა, თუ რამდენი და რა სახის ნარგავები გააჩნდა, კასატორი არ უთითებს მათ დეტალურ აღწერაზე და მხოლოდ ამ კონკრეტული ნარგავების დაზიანების შესახებ სავარაუდო შემოსავალის თაობაზე არსებულ მტკიცებულებაზე, რაც არ შეაფასა ან არასათანადოთ შეაფასა სააპელაციო სასამართლომ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ ფაქტის მტკიცება, რომ მიუღებელი შემოსავლის მიღება იყო რეალურად მოსალოდნელი, ეკისრება კრედიტორს. მხოლოდ ამის შემდეგ შესაძლებელია მისი ოდენობის მაკვალიფიცირებელ ნიშნებზე აპელირება.

ამრიგად, კასატორი ამახვილებს ყურადღებას მხოლოდ იმაზე რომ, სხვადასხვა უწყებებიდან წარმოდგენილი ცნობების თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით მოპასუხისათვის დაკისრებული თანხის გადაანგარიშებით აღნიშნული თანხა ერთობლიობაში შეადგენს 179182 აშშ დოლარის შესაბამის ლარს, რაც, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ზიანის ფაქტის დამადასტურებელ მტკიცებულებად.

ამდენად, საქმეში არ მოიპოვება ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, არ განიხილა სასამართლომ და რომლებიც გამორიცხავდა სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ბ. გ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 12 თებერვლის განჩინება;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.