Facebook Twitter

¹ას-343-662-09 24 აპრილი, 2009 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

მოსამართლე რ. ნადირიანი

საკასაციო სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ვ. და ქ. გ-შვილების საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებაზე.

პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით ვ. და ქ. გ-შვილების სარჩელი დედოფლისწყაროს რაიონის ნოტარიუსის მიერ 1998 წლის 30 სექტემბერს მ. ი-შვილის სახელზე გაცემული გარდაბნის რაიონის სოფელ ..... მდებარე საცხოვრებელ სახლზე საკუთრების უფლების და კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობათა გაუქმებისა და საცხოვრებელი სახლის კომლის საერთო საკუთრებაში დატოვების შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, დაკმაყოფილდა ა. ა-ძის დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნა გარდაბნის რაიონის სოფელ შინდისში მდებარე საცხოვრებელი სახლის მ. ი-შვილის სახელზე აღრიცხვისა და გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, სესხის დაფარვის მიზნით, მისი აუქციონის წესით რეალიზაციის თაობაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ვ. და ქ. გ-შვილებმა და მ. ი-შვილმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით მ. ი-შვილის, ვ. და ქ. გ-შვილების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება ა. ა-ძის დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების, ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურებისათვის შესაბამისი ცვლილებების რეგისტრაციის დავალებისა და სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში (გადაწყვეტილების მე-2, მე-3, მე-4 პუნქტები) გაუქმდა და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ა. ა-ძის დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა და მ. ი-შვილის სახელზე საკუთრების უფლებით აღირიცხა გარდაბნის რაიონის სოფელ შინდისში მდებარე საცხოვრებელი სახლი; ა. ა-ძის სასარგებლოდ მ. ი-შვილის სახელზე სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად დაკისრებული თანხის - 40 000 აშშ დოლარის შესაბამისი კურსით ლარის გადასახდელად განხორციელდა მისი აუქციონზე რეალიზაცია, დაევალა საჯარო რეესტრის ტეროტორიულ სააგენტო სამსახურს შესაბამისი ცვლილებების განხორციელება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ვ. და ქ. გ-შვილებმა და მ. ი-შვილმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 23 აპრილის განჩინებით ვ. და ქ. გ-შვილების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ასევე არ დაკმაყოფილდა მ. ი-შვილის საკასაციო საჩივარი, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება.

2009 წლის 7 აპრილს ვ. და ქ. გ-შვილებმა საკასაციო საჩივრით მომართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას და მოითხოვეს მისი გაუქმება.

საკასაციო პალატა თვლის, რომ ვ. და ქ. გ-შვილების საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შედის საკასაციო წესით საქმის განხილვის შემდეგ, თუკი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაუქმებულა.

განსახილველ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 23 აპრილის განჩინებით და შევიდა კანონიერ ძალაში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 265-ე მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება ან შეცვლა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ წესით, რაც დადგენილია ამ კოდექსით.

მითითებული მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების ან შეცვლის ერთადერთი გზა _ ესაა საქმის წარმოების განახლება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო (სსკ-ის 421-ე მუხლი).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან ქ. და ვ. გ-შვილების საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 25 მაისის გადაწყვეტილების გაუქმებასთან დაკავშირებით უკვე იყო განხილული უზენაესი სასამართლოს მიერ და გასაჩივრებული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში, შესაბამისად, ვ. და ქ. გ-შვილების საკასაციო საჩივარი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით დაუშვებელია და განუხილველად უნდა დარჩეს.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის მეორე ნაწილით, 265-ე, 401-ე მუხლის პირველი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ვ. და ქ. გ-შვილების საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩეს;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება;

განჩინების ასლი გაეგზავნოთ მხარეებს.