Facebook Twitter

ას-344-696-07 3 აგვისტო, 2007 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), მ. ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს “ა...ი” (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს “ .. ..” (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 19 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს “ .. ..” სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს “გ...ის”, შპს “ს...ის “, შპს “გუ...ის”, შპს “კ...ის “, შპს “ლ...ს”, შპს “ა...ისა” და შპს “დ...ის” მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებით სს “ .. ..” სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს “გ...”, შპს “ს...”, შპს “გუ...”, შპს “კ...”, შპს “ლ...”, შპს “ა...ი” და შპს “დ....” გამოსახლდნენ ქ.თბილისში, ... ქ.¹9-11-ში მდებარე სს “ .. ..” კუთვნილი შენობა-ნაგებობიდან.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება შპს “ლ...მ”, შპს “გუ...მა”, შპს “ს...მ “, შპს “თ...მა”, შპს “თბ...მ” და შპს “ა...მა” გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 20 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შპს “ლ...ს”, შპს “გუ...ის”, შპს “ს...ის “, შპს “თბ...ის”, შპს “თბ...ისა” და შპს “ა...ის” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა აპელანტების გამოუცხადებლობის გამო, რაც გაასაჩივრეს აპელანტებმა. ამავე სასამართლოს 2005 წლის 27 ივლისის განჩინებით შპს “ა...ის” საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება შპს “ა...ის” სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმდა და ამ ნაწილში საქმის წარმოება განახლდა, ხოლო დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 19 თებერვლის განჩინებით შპს “ა...ის” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ქ.თბილისში, ... ქ.¹11-ში მდებარე მიწის ნაკვეთი ¹17/42 და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობები საკუთრების უფლებით ირიცხება სს “ .. ..” სახელზე, რისი საწინააღმდეგო მტკიცებულებაც საქმეში წარმოდგენილი არ არის. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ შპს “ა...ი” ფლობს სს “ .. ..” კუთვნილ ¹4 ნაგებობას. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 170-ე, 172-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვა საფუძვლიანია და გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მართებულად დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება შპს “ა...მა” გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, რომ სადავო უძრავი ქონება სს “ .. ..” საკუთრებაა, ვინაიდან მოსარჩელეს აღნიშნულის დასადასტურებლად სათანადო მტკიცებულება არ წარმოუდგენია. სასამართლომ საქმის განხილვისას კანონით დადგენილი წესით მიიწვია დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირები _ ქ.თბილისის ... და ქ.თბილისის ... საქალაქო სამსახური, რითაც დაარღვია მათი უფლებები. სააპელაციო სასამართლომ ისე განიხილა სააპელაციო საჩივარი, რომ საქმეში არსებობდა რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინება საქმის წარმოების შეჩერების შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 2 ივლისის განჩინებით შპს “ა...ის” საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შემდეგ მიიჩნევს, რომ შპს “ა...ის” საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. არაქონებრივ-სამართლებრივ დავებში საკასაციო საჩივარი დასაშვებია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ დავებზე, ხოლო საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა ეფუძნებოდეს.

საკასაციო პალატა თვლის, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც ერთი ზემოთ დასახელებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია ამ ტიპის საქმეებზე არსებული სასამართლო პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განჩინების დასაბუთების განსხვავების, ასევე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს “ა...ის” საკასაციო საჩივარი დასაშვები არ არის და უნდა დარჩეს განუხილველი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ შპს “ა...ს” უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს “ა...ის” საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

შპს “ა...ს” დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟი _ 210 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.