Facebook Twitter

¹ას-346-598-08 7 ნოემბერი, 2008წ.

¹ თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე),

ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი _ ლ. ე-ია (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ თ. ქ-შვილი (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 26 თებერვლის განჩინება

დავის საგანი _ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2007 წლის 25 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა ლ. ე-იამ მოპასუხე თ. ქ-შვილის, მესამე პირის _ ნოტარიუს ო. ზ-ძის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხესთან 2000 წლის 26 მაისს დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობა და თბილისში, ........ გამზირის პირველი კვარტლის მე-6 კორპუსში მდებარე ¹7 ბინის მის საკუთრებაში აღრიცხვა.

სასარჩელო განცხადებაში აღნიშნულია, რომ ლ. ე-ია ცხოვრობს ზემოაღნიშნულ მისამართზე. ბინა არის ოროთახიანი, რომელიც 1993 წლის პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლებით მას გადაეცა. მოხუცებულობის პერიოდში თავის დეიდაშვილიშვილს _ ნ. ტ-იას შეუთანხმდა, რომ მოვლის სანაცვლოდ ქონებას მას დაუტოვებდა, რის შემდეგაც ნ. ტ-იამ და მისმა მეუღლემ თ. ქ-შვილმა მოსარჩელეს შესთავაზეს სანოტარო წესით სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების გაფორმება. ასეთივე ხელშეკრულების დადება შესთავაზეს მის დას _ ე. ა-იანს, რომლის სახელზეც ირიცხებოდა ლ. ე-იას ბინის გვერდით მდებარე ერთოთახიანი პრივატიზებული ბინა. აღნიშნული ხელშეკრულება გაფორმდა 2000 წლის 26 მაისს. ხელშეკრულების გაფორმებიდან ორ თვეში ე. ა-იანი გარდაიცვალა. მოსარჩელე დარჩა სრულიად მარტო და თავს ირჩენდა თავისი დის კუთვნილი ერთოთახიანი ბინის გაქირავების ხარჯზე.

2005 წლის 16 მარტს ლ. ე-იასთან სახლში მისულმა თ. ქ-შვილმა მას აცნობა თანხის საჭიროების გამო ე. ა-იანის კუთვნილი ბინის იპოთეკით დატვირთვის აუცილებლობის შესახებ. აღნიშნულზე მოსარჩელემ ცალსახად უარი განაცხადა, რა დროსაც შეიტყო, რომ მისი და თავისი დის საცხოვრებელი ბინები უკვე თ. ქ-შვილის სახელზე ირიცხებოდა. განცდილი ნერვიულობის შედეგად მას დაენიშნა მკურნალობა. ამასთან, მოსარჩელე იძულებული შეიქმნა თავისი უფლებების დასაცავად ადვოკატისათვის მიემართა, რის შემდგომაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 6.07.2005წ. და 12.07.2008წ. პასუხებით ლ. ე-იასათვის ცხადი გახდა, რომ თბილისში, .......... გამზირის პირველი კვარტლის მე-6 კორპუსში მდებარე ¹6 და ¹7 ბინებზე საკუთრების უფლება ნამდვილად თ. ქ-შვილის სახელზე იყო დარეგისტრირებული. ამავე სამსახურის მეშვეობით ლ. ე-იამ მოიპოვა დოკუმენტაცია, კერძოდ, 2000 წლის 26 მაისს მოპასუხესთან დადებული ხელშეკრულებების ასლები, რომლებიც სამისდღეშიო რჩენის ნაცვლად ზემომითითებული ბინების თ. ქ-შვილისათვის საკუთრებაში გადაცემას მიუთითებდა, ხოლო იპოთეკის ხელშეკრულებით ირკვეოდა სს “თ-ის” მთაწმინდის ფილიალში აღებული კრედიტის უზრუნველსაყოფად თავისი დის კუთვნილ ბინაზე იპოთეკის არსებობა.

მოსარჩელის მტკიცებით, ახლო ნათესაობა, განსაკუთრებული ნდობა და პატივისცემა, ასაკი, მხედველობისა და სმენის დაქვეითება _ ეს ყველაფერი იმ ძირითად ფაქტორებს წარმოადგენდა, რამაც შინაარსის გაცნობის გარეშე მის მიერ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა განაპირობა. რამდენადაც სხვა საცხოვრებელი არსად გააჩნდა, ლ. ე-ია ბინის გაყიდვაზე არ დათანხმდებოდა. მან, რეალურად, ნება გამოავლინა სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების დადებაზე, თუმცა ხელშეკრულების დადების დღიდან მოპასუხე მის რჩენის მოვალეობას თავს არიდებდა.

მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად მოსარჩელემ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლსა და 56-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და სადავო ხელშეკრულების, როგორც თვალთმაქცური, მართლსაწინააღმდეგო და ამორალური გარიგების ბათილად ცნობა მოითხოვა. მოგვიანებით, სარჩელის სამართლებრივ საფუძვლად სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლი დასახელდა, რომელიც ერთი მხარის მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების გამო ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესაძლებლობას ითვალისწინებს (ს.ფ. 1-3; 91-95).

მოპასუხე თ. ქ-შვილმა სარჩელი არ ცნო. მისი მოსაზრებით, 2000 წელს დადებული ხელშეკრულების ბათილობის მოთხოვნით სარჩელის 2007 წელს წარდგენა მოსარჩელის მიერ ხანდაზმულობის ვადის გაშვებაზე მეტყველებდა. ლ. ე-იას მტკიცება ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობის 2005 წლის მარტში შეტყობინების თაობაზე გაზიარებას არ ექვემდებარებოდა, რამდენადაც 2005 წლის სექტემბერში აღძრულ სხვა სარჩელში ბინის ნასყიდობის შესახებ ინფორმირების დროდ იგი 2005 წლის სექტემბერს ასახელებდა. გარიგების ბათილობის მოთხოვნასთან დაკავშირებით მოპასუხემ განმარტა, რომ თვალთმაქცური გარიგების ბათილად ცნობისათვის აუცილებელი იყო სხვა გარიგების დასაფარად მიმართული ორივე მხარის ნების არსებობა, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. მართალია, მოსარჩელის თავდაპირველ სურვილს ბინაზე სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების დადება წარმოადგენდა, მაგრამ მოგვიანებით მან ბინაში მუდმივ საცხოვრებლად დარჩენის პირობით ნასყიდობის ხელშეკრულების დადება გადაწყვიტა, რის შედეგადაც ბინაც შეინარჩუნა და თანხაც მიიღო. ხელშეკრულების ტექსტი ლ. ე-იას ნოტარიუსმა ხმამაღლა წაუკითხა, რაზეც მან თანხმობა განაცხადა (ს.ფ. 33-34).

სარჩელის ხანდაზმულობის საკითხთან დაკავშირებით მოსარჩელემ განმარტა, რომ 2005 წლის სექტემბრის თვეში მან სარჩელით მიმართა სასამართლოს და სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოითხოვა, თუმცა მოგვიანებით აღნიშნული სარჩელი უკან გაითხოვა, რის გამოც იგი განუხილველად იქნა დატოვებული. ამდენად, მოპასუხის არგუმენტი სარჩელის ხანდაზმულობასთან მიმართებაში უსაფუძვლო იყო (ს.ფ. 91-95).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილებით ლ. ე-იას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების, როგორც მოტყუებით დადებული გარიგების ბათილად ცნობის მოთხოვნით ლ. ე-იამ სარჩელი თავდაპირველად 2005 წლის სექტემბრის თვეში აღძრა, თუმცა 2006 წლის 15 ნოემბერს აღნიშნული სარჩელი გამოიხმო, რასაც შედეგად სარჩელის განუხილველობა მოჰყვა. ამავე ხელშეკრულების ბათილობის მოთხოვნით მეორე სასარჩელო განცხადება სასამართლოს 2007 წლის იანვარში წარედგინა. ამჯერად მოსარჩელე ნასყიდობის ხელშეკრულების, როგორც თვალთმაქცური გარიგების ბათილად ცნობას მოითხოვდა.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საქალაქო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 277-ე და სამოქალაქო კოდექსის 140-ე მუხლებზე და განმარტა, რომ, როგორც წესი, სარჩელის განუხილველად დატოვება სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას არ იწვევდა. გამონაკლის შემთხვევას კანონი სარჩელის განუხილველად დატოვებიდან 6 თვის ვადაში უფლებამოსილი პირის მიერ ახალი სარჩელის წარდგენას უკავშირებდა. “ახალ სარჩელში” იგულისხმებოდა სარჩელი, რომელიც შეეხებოდა დავას იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. მართალია, 2007 წლის იანვარში წარდგენილი სარჩელი იმავე მხარეებს შორის და იმავე საგანზე მიმართულ სასარჩელო განცხადებას წარმოადგენდა, მაგრამ აღნიშნული სარჩელის საფუძველი პირველი სასარჩელო განცხადების საფუძვლისაგან განსხვავდებოდა. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენა მოცემულ შემთხვევაში შეწყვეტილად ვერ ჩაითვლებოდა.

ის გარემოება, რომ ლ. ე-იამ ხელშეკრულება არ წაიკითხა, საქალაქო სასამართლომ აღნიშნული ხელშეკრულების ბათილობის საფუძვლად არ მიიჩნია, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე ნოტარიუსის მიერ ხელშეკრულების შინაარსის განმარტების ფაქტს თავადვე ადასტურებდა. იმ შემთხვევაში, თუ განმარტება მისთვის გაურკვეველი დარჩებოდა, მას შეეძლო გაცნობოდა ხელშეკრულების შინაარსს და ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის საკითხი ამის შემდგომ გადაეწყვიტა, რაც არ განუხორციელებია. ამასთან, სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელის ფიზიკური შეუძლებლობის ფაქტი (ავადმყოფობა და სხვა), რომელიც ხელშეკრულების გაცნობას გაართულებდა, საქმის გარემოებებით არ დასტურდებოდა. ასევე არ დასტურდებოდა ორივე მხარის მიერ სხვა გარიგების დაფარვის ნება, რაც თვალთმაქცური გარიგების არსებობისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენდა (ს.ფ. 104-108).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ე-იამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

აპელანტის მითითებით, მოპასუხესთან ნასყიდობის ხელშეკრულების დადებაზე ნების არარსებობა გარიგების დამმოწმებელი ნოტარიუსისათვის სრულიად ცხადი უნდა ყოფილიყო. ამის მიუხედავად, სადავო ბინაზე ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა, რაც არასწორი იყო. შინაარსის გაცნობის გარეშე სადავო ხელშეკრულებაზე ლ. ე-იას ხელმოწერა მოპასუხესთან მისმა ახლო ნათესაობამ განაპირობა, რასაც სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია (ს.ფ. 120-121).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 26 თებერვლის განჩინებით ლ. ე-იას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიუთითა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასა და უსაფუძვლობაზე, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დატოვებას ექვემდებარებოდა.

სასამართლომ მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად არ მიიჩნია აპელანტის მითითება იმის თაობაზე, რომ მისთვის სადავო ხელშეკრულების შინაარსის შესახებ ცნობილი გახდა 2005 წლის სექტემბერში, მას შემდეგ, რაც მისმა წარმომადგენელმა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან გამოითხოვა ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ ვის სახელზე და რა საფუძვლით ირიცხებოდა მისი და მისი დის საკუთრებაში არსებული ბინები. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლზე და განმარტა, რომ კანონის დასახელებული ნორმა მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევდა არა მარტო იმ დროს, როცა პირმა შეიტყო თავისი დარღვეული უფლების შესახებ, არამედ იმ დროსაც, როცა პირს აღნიშნულის თაობაზე უნდა შეეტყო. აპელანტი თავადვე მიუთითებდა, რომ სადავო ხელშეკრულებას ხელი მოაწერა 2000 წელს. შესაბამისად, დროის ამ პერიოდიდან მას შესაძლებლობა ჰქონდა და ვალდებულიც იყო შეეტყო თავისი დარღვეული უფლების შესახებ, რაც არ განახორციელა.

სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოდ მიიჩნია და განმარტა, რომ კანონის აღნიშნული ნორმით გარიგების ბათილობა დამოკიდებული იყო გარიგების მონაწილეთა ნებაზე, რომ მათ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით სურდათ სხვა გარიგების დაფარვა, რომლის განხორციელებასაც ისინი რეალურად ისახავდნენ. ის გარემოება, თუ რა დაფარული გარიგების დადების ნება გამოავლინეს მხარეებმა, აპელანტმა ვერ დაასაბუთა (ს.ფ. 190-193).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ე-იამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგი საფუძვლებით:

სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, ნოტარიუსმა ლ. ე-იას ხელშეკრულების ტექსტი წაუკითხა. საქმეში არსებული მტკიცებულებები ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესაძლებლობას იძლეოდა, რადგან სრულიად ცხადი იყო ლ. ე-იას მიერ აღნიშნულ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის განმაპირობებელი გარემოებები, კერძოდ, მოპასუხესთან მისი ახლო ნათესაობა, განსაკუთრებული ნდობის არსებობა, მისივე ფიზიკური უძლურება, რასაც სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია.

ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობის შესახებ შეტყობინებისთანავე ლ. ე-იამ თავისი დარღვეული უფლების დასაცავად სასამართლოს მიმართა, რაც გამორიცხავს სარჩელის ხანდაზმულობას. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის ათვლა ხელშეკრულების დადების დღეს არ უნდა დაუკავშირდეს (ს.ფ. 201-204).

საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას წარმოდგენილ იქნა მორიგების აქტი, რომლის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე:

მოდავე მხარეები, ერთი მხრივ, კასატორი _ ლ. ე-ია, ხოლო, მეორე მხრივ, მოწინააღმდეგე მხარე _ თ. ქ-შვილი მორიგდნენ შემდეგზე:

2000 წლის 26 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც თ. ქ-შვილმა ლ. ე-იასგან იყიდა ლ. ე-იას კუთვნილი ბინა, მდებარე თბილისში, ......... გამზირის პირველი კვარტლის მე-6 კორპუსში, ბინა 7, შეიცვალოს სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებით და პირობები განისაზღვროს შემდეგნაირად:

სადავო ბინა რჩება თ. ქ-შვილის საკუთრებაში, ლ. ე-ია სამუდამო საცხოვრებლად რჩება აღნიშნულ ბინაში. თ. ქ-შვილი იღებს ვალდებულებას, ლ. ე-იას ყოველთვიურად გადაუხადოს სარჩენი თანხა 300 (სამასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, რომელსაც ლ. ე-ია გამოიყენებს თავისი შეხედულებისამებრ. ლ. ე-ია იღებს ვალდებულებას, რომ თ. ქ-შვილს არ შეუქმნის დაბრკოლებას თ. ქ-შვილის სახელზე რიცხული ბინის, მდებარე თბილისში, .......... გამზირის პირველი კვარტლის მე-6 კორპუსში, ბინა ¹6 (რომელიც მდებარეობს სადავო ბინის გვერდით) გაქირავებაში.

მხარეებს ერთმანეთის მიმართ სხვა მოთხოვნები არ გააჩნიათ. მათთვის ცნობილია მორიგების შედეგები, კერძოდ ის, რომ მორიგების შედეგად საქმის წარმოება წყდება და იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე, იმავე საფუძვლებით დავა არ დაიშვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მორიგების აქტის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და მოცემულ საქმეზე წარმოება შეწყდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. ამავე კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო საქმის წარმოებას შეწყვეტს, თუ მხარეები მორიგდებიან.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მორიგების აქტი არ შეიცავს კანონსაწინააღმდეგო დებულებებს, რის გამოც შესაძლებელია მისი დამტკიცება.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მხარეთა მორიგების გამო უნდა გაუქმდეს ამ საქმეზე მიღებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 26 თებერვლის განჩინება და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, შეწყდეს საქმის წარმოება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლით, 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დამტკიცდეს მორიგება მხარეთა შორის შემდეგი პირობებით:

2000 წლის 26 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც თ. ქ-შვილმა ლ. ე-იასაგან იყიდა ლ. ე-იას კუთვნილი ბინა, მდებარე თბილისში, ........ გამზირის პირველი კვარტლის მე-6 კორპუსში, ბინა ¹7, შეიცვალოს სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებით და პირობები განისაზღვროს შემდეგნაირად:

სადავო ბინა რჩება თ. ქ-შვილის საკუთრებაში, ლ. ე-ია სამუდამო საცხოვრებლად რჩება აღნიშნულ ბინაში. თ. ქ-შვილი იღებს ვალდებულებას, ლ. ე-იას ყოველთვიურად გადაუხადოს სარჩენი თანხა 300 (სამასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, რომელსაც ლ. ე-ია გამოიყენებს თავისი შეხედულებისამებრ. ლ. ე-ია იღებს ვალდებულებას, რომ თ. ქ-შვილს არ შეუქმნის დაბრკოლებას თ. ქ-შვილის სახელზე რიცხული ბინის, მდებარე თბილისში, .......... გამზირის პირველი კვარტლის მე-6 კორპუსში, ბინა ¹6 (რომელიც მდებარეობს სადავო ბინის გვერდით) გაქირავებაში.

მხარეებს ერთმანეთის მიმართ სხვა მოთხოვნები არ გააჩნიათ. მათთვის ცნობილია მორიგების შედეგები, კერძოდ ის, რომ მორიგების შედეგად საქმის წარმოება წყდება და იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე, იმავე საფუძვლებით დავა არ დაიშვება.

2. მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების გამო, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 26 თებერვლის განჩინება და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, შეწყდეს საქმის წარმოება.

3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება. მორიგების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოხდება გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.