Facebook Twitter

ას-347-666-09 29 დეკემბერი, 2009წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდო.ე),

თ. თოდრია (მომხსენებელი), რ. ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ზ. თ-ია (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები – ზ. მ-შვილი, ჯ. ს-ია, რ. მ-ავა, ზ. (ზ.) უ-ძე, ო. ჟ-ია, დ. ჩ-ია (მოპასუხეები)

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და ხელშეშლის აღკვეთა

გასაჩივრებული სასამართლო განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 3 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2005 წლის 11 ივლისს სარჩელით მიმართა ზ. თ-იამ.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ საქართველოს მხატვართა კავშირმა 1996 წლის 18 აპრილს ¹5673 სარეგისტრაციო მოწმობის თანახმად, შემოქმედებითი სახელოსნოს მოსაწყობად გადასცა ქ.თბილისში, ... მე-3 მ\რ-ის დასაწყისში მდებარე სავაჭრო ცენტრის მეორე სართულის მარჯვენა 150 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი, რომელიც ყოველგვარი საფუძვლის გარეშე დაკავებული აქვთ მოპასუხეებს: ზ. მ-შვილს, ჯ. ს-იას, რ. მ-ავას, ზიარა (ზ.) უ-ძე-ჟ-იას, ო. ჟ-იასა და დ. ჩ-იას. მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, მოპასუხეები არ ათავისუფლებენ დაკავებულ ფართს. მოსარჩელემ მოითხოვა, საქართველოს სსკ-ის 170-ე, 172-ე მუხლების თანახმად, მოპასუხეთა და მათი თანმხლები პირების უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.

მოგვიანებით მოსარჩელემ დააზუსტა მოპასუხეთა თანმხლებ პირთა წრე და მოპასუხეებად მიუთითა ნ. ს-ია, ი. ჟ-ია, მ. ა-იანი, მ. ს-ია, ა. თ. დ. მ. და ნ. ნ-უები, შ. და მ. მ-ავები, რ. და ნ. თ-ძეები.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ სარჩელში აღნიშნული გარემოება, სადავო ფართში ყოველგვარი საფუძვლის გარეშე მათი შესახლების შესახებ, არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან ისინი საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მონაცემთა ბაზაში სწორედ მითითებულ მისამართზე არიან რეგისტრირებული 1996 წლის იანვრიდან, ხოლო მოპასუხე დ.ჩ-ია საბურთალოს რაიონის გამგეობის 1995 წლის 7 დეკემბრის ¹561 განკარგულების საფუძველზე თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობს სავაჭრო ცენტრის შენობის ორ ოთახში. ამდენად, მოსარჩელის მტკიცება, თითქოს ისინი სადავო ფართში შესახლდნენ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ფართი გადაეცა ზ.თ-იას შემოქმედებითი სახელოსნოს მოსაწყობად, სინამდვილეს არ შეეფერება. მოპასუხეების განმარტებით, სადავო ფართის პრივატიზაცია მოსარჩელის სახელზე განხორციელდა 1996 წლის 10 ოქტომბერს კანონდარღვევით, რის თაობაზეც ისინი ცალკე სარჩელს აღძრავენ სასამართლოში. გარდა ამისა, ზ.თ-იას არ გააჩნია რაიმე დამადასტურებელი მტკიცებულება იმისა, რომ მათ მიერ დაკავებული ფართი მოიცავს მოსარჩელის კუთვნილ 150 კვ.მ-ს. შესაგებელში მითითებულია, რომ მოპასუხეების მიერ დაკავებული ოთახები არ შედის ხსენებულ 150 კვ.მ-ში.

სასამართლოს 2006 წლის 5 ივლისის განჩინებით საქმის წარმოება ზ.მ-შვილის მიმართ შეწყდა საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

სასამართლოს 2007 წლის 29 ივლისის საოქმო განჩინებით საქმის წარმოება შეწყდა, დ. ჩ-იას, ა. თ. დ. მ. და ნ. ნ-უების მიმართ, მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო.

სასამართლოს 2006 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით, საქმეში მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე, მოპასუხეების მხარეზე ჩაება საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო.

სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელემ მხარი დაუჭირა სარჩელს და დამატებით განმარტა, რომ, მართალია, მოპასუხეები რეგისტრირებული არიან სადავო ფართში, როგორც დევნილები – დროებით საცხოვრებელ ადგილზე, მაგრამ თავად რეგისტრაცია განხორციელდა უკანონოდ, მესაკუთრის თანხმობის გარეშე, რასაც ის გარემოებაც ადასტურებს, რომ დევნილთა და განსახლების სამინისტრომ მოსარჩელეს ვერ წარმოუდგინა მოპასუხეების სადავო ფართში შესახლების საფუძველი და მის მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით ზ. თ-იას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ზ. თ-იამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 3 დეკემბრის განჩინებით ზ. თ-იას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1996 წლის 28 მარტის დადგენილების საფუძველზე ზ. თ-იას შემოქმედებითი სახელოსნოს მოსაწყობად გადაეცა ქ.თბილისში, ... მე-3 მ/რ-ის, სავაჭრო ცენტრის შენობის მე-2 სართულზე, მარჯვნივ მდებარე 150 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი. ადგილობრივი მმართველობის ორგანოს საბინაო საექსპლუატაციო პ.ტრესტსა და ზ. თ-იას შორის 1996 წლის 11 იანვარს მითითებულ უძრავ ქონებაზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ იქნა ზ.თ-იას საკუთრების უფლება.

სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ მოპასუხეები არიან იძულებით გადაადგილებული პირები, დევნილები. დევნილის მოწმობების მიხედვით, მათი რეგისტრაციის ადგილად მითითებულია სადავო უძრავი ნივთის მისამართი. ზ.ნ უ-ძე (ჟ-ია), ი. ჟ-ია, ჯ. ს-ია, მ. ს-ია, ნ. ს-ია, მ. ა-იანი სადავო ფართში რეგისტრირებული არიან 1996 წლიდან და მინიჭებული აქვთ საოჯახო ნომრები. ამდენად, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო ფართში დევნილთა ჩასახლება და რეგისტრაცია განხორიელდა უძრავი ნივთის ზ. თ-იასათვის საკუთრებაში გადაცემამდე. მითითებულ მისამართზე, როგორც დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტზე, რეგისტრირებული არიან ასევე, რ. მ-ავა, მ. მ-ავა, რ. თ-ძე და ნ. თ-ძე.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის მითითება იმის შესახებ, რომ სადავო ფართში რეგისტრაცია არ წარმოშობს მოპასუხეთა მფლობელობის მართლზომიერ საფუძველს. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ დევნილის სამართლებრვ სტატუსს, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებსა და მის უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ კანონი, რომლის თანახმად დევნილის რეგისტრაციის ადგილი არის მისი დროებითი საცხოვრებელი ადგილი, რომლის მიხედვითაც ხორციელდება სოციალური დახმარებისა და სხვა უფლებების განხორციელება. დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტია დევნილთა დროებითი საცხოვრებელი ადგილი, სადაც ორგანიზებულად იქნენ განსახლებული დევნილები. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საქართველოს შესაბამის ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენამდე დევნილთა კომპაქტური განსახლების ობიექტებიდან არ ხდება დევნილების გამოსახლება, გარდა ამავე პუნქტით განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა.

აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ზ. თ-იამ. მან მიუთითა, რომ საქმეში არსებული მასალები და გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოებები არსებითად ეწინააღმდეგება ერთმანეთს.

სასამართლომ საკუთარი შინაგანი რწმენა დაამყარა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოპასუხეებმა, რომლებიც არიან აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები, სადავო ფართი დაიკავეს ზ.თ-იას საკუთრებაში გადაცემამდე.

პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო ფართში დევნილთა ჩასახლება და რეგისტრაცია განხორციელდა უძრავი ნივთის ზ. თ-იასათვის საკუთრებაში გადაცემამდე, რაც არასწორია. რეალურად 1996 წლის 9 დეკემბერს ხელშეკრულება არ გაფორმებულა. სასამართლოს მიერ მითითებულ ს.ფ. 5-ზე მოთავსებული პრივატიზაციის ხელშეკრულება გაფორმებულია 1996 წლის 10 ოქტომბერს და არა 9 დეკემბერს. სასამართლომ შეგნებულად დაამახინჯა ფაქტები და, შესაბამისად, წინააღმდეგობრივია გადაწყვეტილების დასკვნები, რომ ჯერ დევნილთა რეგისტრაცია განხორციელდა და მერე საკუთრებაში გადაცემა.

სასამართლომ დავის საგანთან მიმართებაში არ გამოარკვია კონკრეტულად რომელ ფართში იყვნენ რეგისტრირებული მოპასუხეები. არ შეაფასა ის გარემოება, რომ არსებობს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა ზ.თ-იას სარჩელი და იმავე მისამართზე მდებარე 30 კვ.მ ფართიდან გამოსახლებულ იქნა დევნილთა ერთი ნაწილი. განსახილველ საქმეზე დართული მასალებით მოპასუხეები ნამდვილად არ ცხოვრობდნენ ზ.თ-იასადმი გადაცემულ ფართში 1996 წლიდან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივარს და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 3 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1996 წლის 28 მარტის დადგენილების საფუძველზე ზ. თ-იას შემოქმედებითი სახელოსნოს მოსაწყობად გადაეცა თბილისში, ... მე-3 მ/რ-ში, სავაჭრო ცენტრის შენობის მე-2 სართულზე, მარჯვნივ მდებარე 150 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი.

სააპელაციო სასამართლომ, ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ადგილობრივი მმართველობის ორგანოს საბინაო საექსპლუატაციო ტრესტსა და ზ. თ-იას შორის 1996 წლის 9 დეკემბერს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ზ. თ-იას უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაეცა აღნიშნული საცხოვრებელი ფართი. 2002 წლის 11 იანვარს მითითებული უძრავ ნივთზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ იქნა ზ. თ-იას საკუთრების უფლება.

სააპელაციო სასამართლოს მიერ ასევე დადგენილი რომ ზ. თ-იას კუთვნილ ფართს ფლობენ მოპასუხეები _ იძულებით გადაადგილებული პირები და დევნილის მოწმობის მიხედვით მათი რეგისტრაციის ადგილად მითითებულია სადავო უძრავი ნივთის მისამართი.

სააპელაციო სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია, რომ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ გაცემული 2007 წლის 5 ივლისის ცნობით (ს.ფ.213) ნ. ს-ია, ი. ჟ-ია, ზ. უ-ძე, მ. ა-იანი, მ. ს-ია, ჯ. ს-ია ზემოაღნიშნულ მისამართზე რეგისტრირებული არიან 1996 წლიდან (თარიღი არ არის მითითებული) და მინიჭებული აქვთ საოჯახო ნომრები, ხოლო საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ წარდგენილი, ვაკის რაიონში მდებარე “სავაჭრო ცენტრის შენობაში” ჩასახლებული დევნილთა სახელობითი სიით ზემოაღნიშნული პირები - (ნ. ს-ია, ი. ჟ-ია, ზ. უ-ძე, მ. ა-იანი, მ. ს-ია, ჯ. ს-ია) რეგისტრირებული არიან 1996 წლის 3 ნოემბრიდან. მითითებულ მისამართზე, როგორც დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტზე, რეგისტრირებული არიან ასევე, რ. მ-ავა, მამუკა მ-ავა, რ. თ-ძე და ნ. თ-ძე.

აღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეებს გააჩნიათ სადავო ნივთის ფლობის უფლება, რასაც ადასტურებს რეგისტრაციის ფაქტი და გამოსახლება დაუშვებელია “იძულებით გადაადგილებულ პირთა _ დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუქტის თანახმად.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ არ არის სწორად შეფასებული საქმეში არსებული მტკიცებულებები, ამასთან ერთად არასწორად განმარტა კანონი (სსსკ-ის 393-ე მუხლი).

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ წარმოდგენილია დასაბუთებული პრეტენზია. კონკრეტულ შემთხვევაში დასაშვებ და დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება და სამართლებრივ-მატერიალური ნორმის არასწორად გამოყენება ან განმარტება.

“იძულებით გადაადგილებულ პირთა _ დევნილთა შესახებ” კანონის 11-ლი მუხლის “ვ” ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის დროებითი საცხოვრებელი ადგილი (დევნილის რეგისტრაციის ადგილი) არის დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი ან ადგილი, სადაც იგი დროებით იქნა განსახლებული.

აღნიშნული ნორმა განმარტავს, თუ რა უნდა მივიჩნიოთ დევნილის დროებით საცხოვრებელ ადგილად ანუ დევნილის რეგისტრაციის ადგილად. დევნილის მოწმობა წარმოადგენს დოკუმენტს, რომლითაც პირს ენიჭება დევნილის სტატუსი და ის არ არის დევნილის საცხოვრებელი ადგილის განმსაზღვრელი დოკუმენტი (“იძულებით გადაადგილებულ პირთა _ დევნილთა შესახებ” კანონის 11-ლი მუხლის “გ” ქვეპუნქტი).

ამასთან ერთად გასათვალისწინებელია, რომ დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი ან ადგილი, სადაც იგი დროებით განსახლდა, არ უნდა გავიგოთ ისე, თითქოს დევნილს შეუძლია თვითნებურად დაიკავოს არჩეული ფართი. მას უფლება აქვს, დევნილობის პერიოდში აირჩიოს საცხოვრებელი ადგილი, მაგრამ არა სხვისი უფლების დარღვევითა და თვითნებურად.

“იძულებით გადაადგილებულ პირთა _ დევნილთა შესახებ” კანონის 11-ლი მუხლის “ი” ქვეპუნქტის თანახმად, დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტი არის დევნილთა დროებითი საცხოვრებელი ადგილი, სადაც ორგანიზებულად იქნენ განსახლებული დევნილები. ზემოაღნიშნული ნორმები ხაზს უსვამენ ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუქტის “დ” ქვეპუნქტის დანაწესს, რომლის თანახმად საქართველოს შესაბამის ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენამდე დევნილთა კომპაქტური განსახლების ობიექტებიდან არ ხდება დევნილების გამოსახლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დევნილს ფართობი დაკავებული აქვს თვითნებურად, კანონის დარღვევით. ამდენად, დევნილთა განსახლება დროებით არჩეულ ადგილას უნდა განხორციელდეს საამისოდ კომპეტენტური ორგანოს მეშვეობით და არა თვითნებურად (“იძულებით გადაადგილებულ პირთა _ დევნილთა შესახებ” კანონის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილი).

საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ რეგისტრაცია წარმოშობს მოპასუხეთა მფლობელობის მართლზომიერ საფუძველს. ამასთან მიმართებაში საკასაციო პალატა განმარტავს, რომ რეგისტრაციის ფაქტით არ დასტურდება მფლობელობის მართლზომიერება. რეგისტრაციის არსებობა არ შეიძლება გახდეს უფლების, მათ შორის, საკუთრების უფლების შეზღუდვის, განკარგვის ან მათი განხორციელების საფუძველი, კერძოდ, “საქართველოს მოქალაქისა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, “რეგისტრაცია ან რეგისტრაციის არქონა არ შეიძლება გახდეს საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვის მათ შორის საკუთრების განკარგვის უფლების საფუძველი ან მათი განხორციელების პირობა, გარდა საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.”

საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლომ არ მისცა სათანადო შეფასება საქმეში არსებულ მასალებს, კერძოდ, 1996 წლის ადგილობრივი მმართველობის ორგანოს საბინაო საექსპლუატაციო ტრესტსა და ზ. თ-იას შორის დადებული პრივატიზაციის ხელშეკრულებაზე მითითებულია ორი თარიღი 9 დეკემბერი და 10 ოქტომბერი. სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს და დაადგინოს, ხელშეკრულებაში მითითებული რომელია ხელშეკრულების დადების თარიღი, ასევე სააპელაციო სასამართლომ უნდა შეაფასოს ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის 27.04.2000 წლის ცნობა (საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში), რომელშიც მითითებულია, რომ ზ. თ-იას სახელზე სადავო ფართის აღრიცხვის საფუძველია საპრივატიზაციო ხელშეკრულება 1996 წლის 10 ოქტომბრის გაცემული რეესტრი ¹2-994.

ამასთან ერთად სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს და სათანადოდ შეაფასოს თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1996 წლის 28 მარტის დადგენილება, რომლითაც ზ. თ-იას გადაეცა სადავო ფართი. ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, თუ კონკრეტულად რა უფლება მიეცა ზ. თ-იას ამ დადგენილებით.

ამასთან ერთად, კასატორი უთითებს, რომ მ. მ-ავა, რ. მ-ავა, რ. თ-ძე და ნ. თ-ძე სადავო მისამართზე რეგისტრირებული არიან 1999-2002 წლებში, ხოლო ო. ჟ-ია არ არის რეგიტრირებული.

ამასთან მიმართებაში სააპელაციო სასამართლო არ მსჯელობს და არ იკვლევს აღნიშნულ პირების მიერ ფართის ფლობის საფუძველს, რის გამოც საკასაციო პალატა იურიდიულად ვერ შეაფასებს ამ პირთა მიმართ ფაქტობრივ გარემოებებს.

სააპელაციო სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ზემოაღნიშნული შენიშვნები და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ უ ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ზ. თ-იას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 3 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.